ახალი ამბები

„ევროპათაიმმა“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უცხოური მედიის მიმოხილვა მოამზადა

ბრიტანული სააგენტო Reuters-ი საქართველოს გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ევროპათაიმი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა ოთხი ეგზიტპოლის შედეგი, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა. მაგრამ უცნობია, მოახერხებს თუ არა ერთპარტიულად მთავრობის დაკომპლექტებას საქართველოს უმდიდრესი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია. „ჩვენ გავიმარჯვეთ! დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს ხმა მისცა ”, - წერს პრემიერ-მინისტრი Facebook-ზე. ყველა გამოკითხვის თანახმად, მეორე ადგილზეა ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ნაციონალური მოძრაობა), მაგრამ პარტიამ მარცხი არ დათმო და თქვა, რომ საერთო ჯამში ოპოზიციამ მიიღო საკმარისი რაოდენობა კოალიციის შესაქმნელად. ყველა გამოკითხვის თანახმად, მეორე ადგილზეა ოპოზიციური ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ მაგრამ განაცხადა, რომ საერთო ჯამში ოპოზიციამ მიიღო საკმარისი რაოდენობა კოალიციის შესაქმნელად. „გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოიგო არათანაბარი ბრძოლა”, - განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ - ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ. სამთავრობო ტელეარხების დაკვეთით ჩატარებულმა ორმა ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ მმართველმა პარტიამ 50% -ზე მეტი დააგროვა, ხოლო ოპოზიციური არხების დაკვეთით ჩატარებული კიდევ ორი ეგზიტპოლის შედეგად, „ქართული ოცნება“ 40% -ზე ოდნავ მეტს აგროვებს. კრიტიკოსების თქმით, ივანიშვილი, რომელიც არ იკავებს სამთავრობო პოსტს, კულისებიდან მართავს სამხრეთ კავკასიის 3,7 მილიონიან ქვეყანას. ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნება“, რომელიც ზედიზედ მეორედ მართავს ქვეყანას.

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა

საპარლამენტო არჩევნების პირველადი მონაცემებით, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა, „ქართულ ოცნებას“ 54,72 % აქვს. „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23,61 %. ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - 3,99%;ლელო - მამუკა ხაზარაძე - 2,66%; დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3,34%;გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) - 2,46%; „გირჩი“ - 1,91%; შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 0,92%; ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 0,73%;მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 0,93%. ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის გააკეთა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.

„ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო ეგზიტპოლი წარადგინა

„ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო ეგზიტპოლი წარადგინა, რომელიც მათი დაკვეთით ჩატარდა. შედეგები შემდეგია: ქართული ოცნება - 37,41%; ენმ - 28,96%; ევროპული საქართველო - 10,05%; სტრატეგია აღმაშენებელი - 5,57%; ლელო - 4,58%; ლეიბოსრისტული პარტია - 3,88%; გირჩი - 3,18%; ნინო ბუჯანაძე - ერთიანი საქართველო - 2,59%; პატრიოტთა ალიანსი - 1,29%; ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1,00%; მოქალაქეები - 1,00%სხვა - 0,50%; "როგორც ეგზიტ-პოლებში ჩანს, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამრიგად საჭიროა დავიცვათ თითოეული ხმა მას შემდგე, რაც ოფიციალური შედეგები დაიდება, განცხადებისაგან თავს შევიკავებთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 56.11% იყო - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა 1 მილიონ 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა. „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია - 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 51%" , - განაცხადა მიქელაძემ. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო იმ უბნებზე, სადაც რიგში იყვნენ ამომრჩევლები, მათ ხმის მიცემის საშუალება მიეცათ. მისივე ცნობით, 127 სპეციალურ უბანზე გადასატანი ყუთი 21:00 საათამდე დაბრუნდა. ცნობისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 51.63% იყო. ხმა მისცა 1 814 276-მა ადამიანმა. 2012 წელს კი - 60.8%. ხმა მისცა 2 197 243-მა ადამიანმა.

Covid-19-ის შემთხვევების ზრდის გამო ინგლისში 4-კვირიანი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ინგლისში 4 კვირით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება. კარანტინი ძალაში 5 ნოემბერს შევა და 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. მოსახლეობას სახლის დატოვება მხოლოდ რამდენიმე მიზნით შეეძლება, მათ შორის არის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სამსახურში წასვლა, ვარჯიში, პირველადი მოხმარების პროდუქტების და მედიკამენტების შეძენა ან დახმარების საჭიროების მქონე პირთა მზრუნველობა. ისევე, როგორც გაზაფხულზე გამოცხადებული კარანტინის დროს, დაიხურება ბარები და რესტორნები, ასევე ის მაღაზიები, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქრები არ იყიდება. იმუშავებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისი. განსხვავებით წინა კარანტინისაგან, არ დაიხურება სკოლები და უნივერსიტეტები. მთავრობა აამოქმედებს სუბსიდირების სქემას, რომლის მიხედვითაც მათ, ვინც სამსახურს კარანტინის გამო დროებით დაკარგავს, ხელფასის 80% აუნაზღაურდება. ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში ვირუსი პანდემიის დაწყების შემდეგ 1 011 660 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 46 555 ადამიანი. უკანასკნელი კვირის განმავლობაში ბრიტანეთში ყოველდღიურად ინფიცირების საშუალოდ 23 000 ახალი შემთხვევა აღირიცხებოდა. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ზომები გამკაცრდა იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთშიც.

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება. მას შემდეგ, რაც საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, მათ საოლქო საარჩევნო კომისიები ცესკოს უმოკლეს ვადაში მიაწვდის და მიღებისთანავე, სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge აიტვირთება. დღეს საქართველოს ამომრჩეველი მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული. საარჩევნოდ 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი იყო რეგისტრირებული. არჩევნების ჩასატარებლად ქვეყნის მასშტაბით 3 657 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ასევე იყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გაიხსნება, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი იქნება საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები ცნობილია

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დასრულებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ,,ევროპათაიმი'' გთავაზობთ სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების წინასწარ შედეგებს: „იმედის“ დაკვეთით Public Opinion Strategies-ის მიერ ჩაგტარებული ეგზიტ პოლების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ - 55%-იანი მხარდაჭერა აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ - 23%. ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - 3%; ლელო - მამუკა ხაზარაძე - 3%; დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%; გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი (ახალი საქართველო) - 3%; „გირჩი“ - 3%; შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1%; ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 1%; მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%; სხვა პარტიები - 5% „რუსთავი2“-ის დაკვეთით, Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კი, „ქართულს ოცნებას“ 52.26 %-იანი მხარდაჭერა აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ - 25.33%; „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 4.20 %; „გირჩი“ - 3.52 %; „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - 2.61%; საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ -2.37%; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ -2.29%; „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1.22%; „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები“ - 1.02 % „მთავარი არხის“ დაკვეთით, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი კი ასეთია: „ქართულს ოცნებას“ 41 %-იანი მხარდაჭერა აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ - 33%. „ევროპული საქართველო“ - 5%. „ევროპული საქართველო“ - 6% „ლელო“ - 5%; „სტრატეგია აღმაშნებელი“ - 4%; „გირჩი“ - 4%; პატრიოტთა ალიანსი - 3% „ლეიბორისტები“ - 3%; „ერთიანი საქართველო“ - 2%; „მოქალაქეები“ - 2%. ტელეკომპანია ფორმულამ Edison Research-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 50%-მა პასუხზე უარი განაცხადა.„ქართული ოცნება“ - 46%; ენმ-ძალა ერთობაშია - 28 %; „ევროპული საქართველო“ - 5%; სტრატეგია აღმაშენებელი – 2% „ლელო“ - 3%; „გირჩი“ - 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 2% საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. ამომრჩეველმა არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის გააკეთა.

ამომრჩეველი, რომელიც 20:00-ზე რიგში იდგება, ხმის მიცემას უბნის დახურვის შემდეგაც შეძლებს

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველი, რომელიც 20:00-ზე რიგში იდგება, ხმის მიცემას უბნის დახურვის შემდეგაც შეძლებს. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა საარჩევნო უბნებთან დიდი რიგების შესახებ დასმულ კითხვაზე თქვა. "კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი იმყოფება რიგში, 20:00-ზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე გამოდის, იწერს ბოლო ამომრჩევლის მონაცემებს და ის პირები, რომლებიც დგანან რიგში, რვა საათის შემდეგაც შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას. შესაბამისად, აღნიშნული ამომრჩევლები, რომლებიც რიგში იქნებიან 20:00-სთვის, საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას განახორციელებენ" - განაცხადა ცესკოს სპიკერმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 607 530 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 45.77%-ია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 42.04% იყო, 2012 წელს კი –53.03%. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველი ტურის დროს 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტიურობა 38.16% იყო, მეორე ტურის დროს კი 47.31%.

„რა გზარავს, მოდი!“ – 90 წლის ამომრჩეველი ხულოში არჩევნებზე ფეხით მივიდა

90 წლის ნუსრედინ შავაძე, ღორჯომის სოფელ პაქსაძეებში არჩევნებზე ჯოხით მივიდა. ამბობს, რომ გადასატანი ყუთი არ მოუთხოვია და არც არასდროს მოითხოვს. ის სოფელში ყველაზე ხანდაზმულია, დურგალია და დღემდე ამუშავებს ხეს. ნუსრედინ შავაძე ამბობს, რომ ღორჯომის სოფლებში 156 ხის სახლი აქვს აგებული და ქვისგან სახლი არასდროს აუშენებია. „მე საერთოდ მოზარული ხალხი არ მიყვარს, მაგათ არასდროს დავლოცავ. საქმის მოზარულს, მისვლა-მოსვლის მოზარულს, არჩევნების მოზარულს. რა გზარავს, მოდი! ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ, არ მიყვარს სიზარმაცე და უშნოობა არც ხალხში, არც მთავრობაში. თუ არ იშრომებ, არაფერი გექნება. მე ახლაც ვშრომობ, ხეს ვამუშავებ. ადრე ცხოვრება ბნელი და ძნელი იყო, მაშინ მჭადს თუ მონახავდი, პური ვინ იცოდა?! გამჩენმა თქვა – კაი და ბევრი შემეხვეწეთ, თქვენთვის არც დამელევა და არც დამენანებაო, ხოდა კარგი ვთხოვოთ. ჩემთვის მთავარია ომი არ იყოს. ბევრ ომს მოვესწარი. ვიბადებით, ვიზრდებით და მაინც ხომ ვკვდებით? რატომ უნდა მოვიკვლე თოფით? დრომ მოვიდეს და მომკლას, ხომ? არ მომითხოვია არჩევნებზე არასდროს გადასატანი ყუთი და არც მოვითხოვ. რომ მეთხოვა, მომიტანდნენ. სიარული მიყვარს. მთაშიც წავდივარ ზაფხულში, ბევრი კი აღარ მყავს, ორ ძროხას დავატარებ. 4, 5, 6, თვე ვართ მთაში, მე, ჩემი ცოლი და ბადიშები. ცოლი 86 წლისაა, ძროხებს ვეღარ წველის და ბადიშებს ასწავლის, აბა, მთაში ურონიო რანაირად იქნები? 156 ხის სახლი მაქვს დადგმული, ქვისგან სახლი არასდროს ამიშენებია. საერთოდ, ჯანმრთელობისთვის ხე ჯობია, ასე გამიგია და ასეც გამოვცადე,“ – გვითხრა ნუსრედინ შავაძემ.

ფაშინიანი რუსეთს ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში დახმარებას სთხოვს

31 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინის წერილით მიმართა. ფაშინიანმა პუტინს მიმართა, რათა ჩატარდეს დაუყოვნებლივი კონსულტაციები იმის დასადგენად, რა სახის დახმარების აღმოჩენას შეძლებს რუსეთის ფედერაცია სომხეთისთვის. საუბარია ქვეყნებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმებაზე. სომხეთის პრემიერ მინისტრმა წერილში აღწერა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დეტალები. რუსეთში სომხეთის ელჩმა ვარდან ტოგანიანმა აღნიშნა, რომ დახმარების თხოვნა მოხდა ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში. მანამდე მას არ გამოურიცხავს შესაძლებლობა, რომ კონსულტაციების დროს განიხილებოდა სამხედრო დახმარების თხოვნის შესაძლებლობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა სომხეთის პრემიერმინისტრის წერილის მიღება და მისი შინაარსი. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია რომ 1997 წლის 29 აგვისტოს დადებული, რუსეთსა და სომხეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტულ მოქმედებებს ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში. "შეთანხმების შესაბამისად რუსეთი ერევანს აღმოუჩენს ნებისმიერ აუცილებელ დახმარებას, თუ საბრძოლო შეტაკებები გადაინაცვლებს უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე" - წერია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყარაბაღს კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მდგომარეობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

რით განსხვავდება ბაიდენის და ტრამპის საგარეო პოლიტიკა

რით განსხვავდება ბაიდენის და ტრამპის საგარეო პოლიტიკა, ამ თემაზე ამერიკის ხმამ სტატია მოამზადა, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს განსხვავებული ხედვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ შეერთებულ შტატებს დანარჩენ მსოფლიოსთან როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ძირითადად, ეს გამოიხატება ტრამპის დოქტრინაში “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” და ბაიდენის მხრიდან - მეტი საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერაში. აქ არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიმართ, კანდიდატების განსხვავებულ მიდგომას ასახავს. ნატო 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ალიანსი სწრაფად გახდა ტრამპის სამიზნე. ის სხვა წევრებისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას მოითხოვდა. ზოგიერთმა წევრმა, 2014 წელს ნატოს მიერ დადგენილ ხარჯების ზომას უპასუხა, მაგრამ ბევრმა ეს არ გააკეთა და ამ წლის დასაწყისში, ტრამპმა გერმანიიდან 12 ათასი ჯარისკაცი გამოიყვანა და იმავდროულად გერმანიას შეერთებული შტატების გამოყენება დააბრალა. რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მან 2019 წლის ივნისში გამართული დებატების დროს, ნატოს “შეერთებული შტატების ისტორიაში ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსი” უწოდა და გაფრთხილება გამოთქვა, რომ ტრამპის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, “ის ჩამოიშლება”. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ასეთი საერთაშორისო პარტნიორობებისთვის პრიორიტეტის მინიჭება სურს. რუსეთი ბაიდენმა პირობა დადო, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამერიკის არჩევნებში ჩარევის და სხვა ქმედებებისთვის დაუპირისპირდება. ტრამპმა უარყო ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების შეფასება, რომლის თანახმადაც რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია და უპირატესობას მის გამარჯვებას ანიჭებდა. მისი იმპიჩმენტის მცდელობის გამომწვევ საკითხებს კი “სიცრუე” და “კუდიანებზე ნადირობა” უწოდა. თავისი ადმინისტრაციის ძლიერების დამამტკიცებელ საბუთად, მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიყვანა. ჩინეთი ჩინეთის მიმართ ტრამპის პოლიტიკა მისი პრეზიდენტობის პერიოდში ცვლილებას განიცდიდა. მას შემდეგ, რაც მისი ადმინისტრაციის პირველი თვეების განმავლობაში, უმაღლესი დონის შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტს უმასპინძლა, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა, მზარდ ტარიფებიან სავაჭრო ომამდე გაუარესდა, სანამ იანვარში, სავაჭრო შეთანხმების პირველ ფაზას მიაღწევდნენ. 2020 წლის პანდემიის ზრდასთან ერთად კი, ტრამპმა კორონავირუსის პანდემიაში ჩინეთი დაადანაშაულა და იმავდროულად ჩინეთში ბაზირებული პოპულარული პროგრამების, “ტიკ-ტოკის” და “ვი-ჩეთის” აკრძალვას ითხოვდა. ბაიდენი ჩინეთში ადამიანის უფლებების და ჰონგ-კონგში ვითარების საკითხზე უფრო მტკიცე პოზიციისკენ მოუწოდებს. მას არსებული სავაჭრო პრაქტიკის გამო, ჩინეთზე წნეხის შენარჩუნება სურს. არჩევნებში ბაიდენის პარტნიორმა, სენატორმა კამალა ჰარისმა მაიკ პენსთან დებატების დროს თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ “სავაჭრო ომი წააგო”. ირანი ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ხუთ სხვა ქვეყანასთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელსაც სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა. ტრამპი იმ შეთანხმებიდან გამოვიდა, მას “ოდესმე დადებული ყველაზე უარესი შეთანხმება” უწოდა და დაუწესა ახალი სანქციები, რომლითაც ირანის ეკონომიკას ავნო და მას ბირთვული საქმიანობის გაზრდისკენ უბიძგა. ბაიდენი ამბობს, რომ ირანის მიერ პირობების შესრულების ფონზე, შეთანხმებას დაუბრუნდება. ისრაელი ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის მიღწევის დიდი ხნის ისტორიის ძალისხმევაში, ორივე კანდიდატი ორი სახელმწიფოს პრინციპს უჭერს მხარს. ტრამპი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს აქტიური მხარდამჭერი იყო და ისრაელში შეერთებული შტატების საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. ბაიდენმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკა, მაგრამ მის შეცვლას არ გეგმავს. მას წინადადება შეაქვს, აშშ-ს საკონსულო გაიხსნას აღმოსავლეთ იერუსალიმში, რათა პალესტინელებთან ურთიერთობა გაღრმავდეს. კელი ჯარისკაცები ავღანეთს 2021 წელს დატოვებენ. ოქტომბერში კი “ტვიტერზე” გამოაქვეყნა, რომ ჯარის გამოყვანის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის სურს. ბაიდენმა უფრო ფრთხილი მიდგომა გამოხატა, რომელიც ადგილზე შექმნილ ვითარებაზეა დაფუძნებული. ჩრდილოეთ კორეა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ძალისხმევის ფარგლებში, ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოლაპარაკებების ორი რაუნდი ჰქონდა და მესამედ მას ორი კორეის გამყოფ საზღვარზე შეხვდა. მოლაპარაკებებს არანაირი ვალდებულებები არ მოჰყოლია, მაგრამ 2017 წლის შემდეგ ფხენიანს ატომური იარაღი ან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები არ გამოუცდია. ტრამპი ამბობს, რომ მან და კიმმა “ძალიან კარგი ურთიერთობა” განავითარეს და მისმა ადმინისტრაციამ უმაღლეს დონეზე სხვა შეხვედრის იმედი გამოთქვა. ბაიდენის პოზიცია ისეთია, რომ წინაპირობების გარეშე, კიმს არ შეხვდება. ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგია იქნება, გამოიყენოს სანქციების წნეხი, რათა კიმს მოლაპარაკებებზე წამოსვლა აიძულოს. აფრიკა ბაიდენი სთავაზობს, გაუქმდეს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვები, რომელიც ტრამპმა თანამდებობის დაკავების დასაწყისშივე დააწესა, მათ შორის ის აკრძალვები, რომელმაც რამდენიმე მეტწილად მუსლიმებით დასახლებულ ქვეყანაზე მძიმედ იმოქმედა. მათ შორის ნიგერიაზე, სუდანზე და სომალიზე. ტრამპმა ეს აკრძალვები გაამართლა, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიება. აფრიკულ ქვეყნებთან მიმართებაში თავის სტრატეგიის ნაწილად, ორივე კანდიდატს აქვს გეგმა ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და იმუშაოს კონტინენტის ახალგაზრდა ლიდერებთან და დიასპორის წევრებთან. ცენტრალური ამერიკა ტრამპის ადმინისტრაციამ 2019 წელს გააფორმა შეთანხმებები გვატემალასთან, ელ სალვადორთან და ჰონდურასთან, რომ სამხრეთ ამერიკელი მიგრანტები თავშესაფარს პირველად ამ ქვეყნებში მოითხოვენ. თუ ისინი მექსიკა-ამერიკის საზღვარზე ამის გაკეთების გარეშე მივლენ, მათ უკან გააბრუნებენ. მისმა მრჩეველმა სტივენ მილერმა თქვა, რომ სხვა ქვეყნებთან მსგავსი შეთანხმებების დადება, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის მიზანი იქნება. ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპის, როგორც თვითონ უწოდა “დრაკონული საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ცდილობს ჩვენი თავშესაფრის და ლტოლვილთა შესახებ კანონები შეცვალოს. ის ამბობს, რომ რეგიონს გარკვეულ დახმარებას განუახლებს, რათა წნეხი განახორციელოს მთავრობებზე, რომ მათ ჩრდილოეთისკენ მიმავალი მიგრანტების რაოდენობა შეზღუდონ. ტრამპის ადმინისტრაციის დროს, შეერთებულ შტატებში მთელი მსოფლიოდან დაშვებულ ლტოლვილთა რიცხვი 85 ათასიდან - რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელს იყო - წელს 15 ათასამდე დაეცა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბოლო შეზღუდვა ამერიკელების უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის დაწესდა, განსაკუთრებით - მიმდინარე კოვიდ-19 პანდემიის ფონზე.” ბაიდენმა პირობა დადო, რომ ამ მიმართულებას მკვეთრად შეატრიალებს და ლიმიტს 125 ათასამდე გაზრდის. მრავალმხრივი ძალისხმევები ტრამპის მიერ ამერიკული ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭებამ, რამდენიმე საერთაშორისო ძალისხმევიდან ჩამოშორება გამოიწვია, მათ შორის იყო კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლა, კორონავირუსის არასათანადო მართვის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეკვეცა და ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებიდან გამოსვლა. ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის დროს მხარს უჭერდა პარიზის შეთანხმებასაც და ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობასაც. ის არჩევის შემთხვევაში, ამ შეთანხმებებში ამერიკის დაბრუნებას და ამასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების აღდგენასაც შეეცდება.

17:00 საათისთვის 165 საჩივარი დარეგისტრირდა

ცესკოს პრეს-სპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 607 530 მოქალაქემ, რაც საერთო რაოდენობის 45.77%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში - 57.3%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ისევ ქვემო ქართლის რეგიონში - 41.9%. "საარჩევნო უბნების გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას", - განაცხადა ანა მიქელაძემ. რაც შეეხება საჩივრებს, მისივე ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 165 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. "თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", - განმარტა მან.

მნიშვნელოვანია, ხმების დათვლისას პარტიების მხარდამჭერებმა მშვიდად მიიღონ შედეგები - დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები შეუერთდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. "დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს. საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები",- განახცადა დეგნანმა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ. საქართველოში დღეს საპარლამენტო არჩევნებია. მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს - 120 პროპორციული სისტემით, ხოლო 30 - მაჟორიტარულით.

საია შსს-ს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტზე, რეაგირებისკენ მოუწოდებს

საია მოუწოდებს შსს-ს, ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე. გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან პუბლიკას ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. იმავე უბანთან დაპირისპირების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო TV პირველის ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც. "აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირი მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. საია მოუწოდებს შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებასთან დაკავშირებით" - აცხადებს ორგანიზაცია.

მელიამ მხარდამჭერებს გლდანის შტაბთან მისვლისკენ მოუწოდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და გლდანში ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია, გლდანის საარჩევნო უბანთან არსებულ დაძაბულ ვითარებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აგებს და ამიტომ კრიმინალების მობილიზება მოახდინა. მელიამ მხარდამჭერებს მოუწოდა, გამოცხადდნენ გლდანის ცენტრალურ შტაბთან, რომ ხმები დაიცვან. "იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრო რაიონში, 84-ე საარჩევნო უბანთან და ვინმე დათო კვიჟინაძემ, კახა კალაძის ბავშვობის მეგობარმა, დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენ დამკვირვებლებს იარაღი. ამ დროს პოლიციამ დააკავა ჩემი შტაბის წევრი და არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი. წაგებული გაქვთ ეს არჩევნები, დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული. როგორც ვატყობ, არამარტო გლდანის რაიონში. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ ხმებს ვიცავთ, ჩვენ ხმებს დავიცავთ, არ გაგაყალბებინებთ, საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები. მივმართავ მხარდამჭერებს ამ ქვეყნისა, არა ჩემს მხარდამჭერებს ან ოპოზიციის, კრიტიკული საათები მოდის ხმებს სჭირდება დაცვა და გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში რომ რამდნეიმე საათში გადავმაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები". - ამბობს მელია. გლდანში საარჩევნო უბნებთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. უბნებთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები.79-ე უბანთან პუბლიკასა და ტვ პირველის ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ომბუდსმენის აპარატს, პატიმრებთან გასაუბრების საშუალება არ მიეცა

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ #15 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე მსჯავრდებულმა ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცა. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს მათ თანამშრომლებს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ინციდენტის ადგილზე იყვნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის, დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ამ შემთხვევის გამო, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს იქვე მყოფ, არჩევნებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების ძირითად ნაწილთან გასაუბრება. "სამწუხაროდ, ცალკეული პატიმრების აქტიური ჩარევითა და ინიციატივით, ვერ მოხერხდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება და ყველა იმ პატიმრის უფლების დაცვა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ე.წ. პრივილიგირებულ პატიმრებს. ვიზიტის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ სცადეს არჩევნებში მონაწილე მსჯავრდებულებთან გასაუბრება მსჯავრდებულების საცხოვრებელი ტერიტორიისგან განცალკევებულ ადგილზე, სადაც მოწყობილი იყო საარჩევნო უბანი, მათ მიუახლოვდა ორი მსჯავრდებული და ხმამაღალი ტონით, სხვა მსჯავრდებულების გასაგონად უთხრეს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო და არაფერი შესამოწმებელი არ იყო. შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვეს ვიზიტის შეწყვეტა. მცირე დროში მათ შემოუერთდა რამდენიმე მსჯავრდებული და მსჯავრდებულების მხრიდან დაძაბული საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მსჯავრდებულებისთვის არ მოუწოდებიათ შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს, #15 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რითიც კონსტიტუციურ ორგანოს მისი ძირითადი და ასევე, გაეროს სპეციალური მანდატით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა ეზღუდება. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ინციდენტი. საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია აღნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებობს კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა, რაც ხშირად პატიმართა ჩაგვრისა და მათი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის მიზეზია.

თავისუფალ არჩევნებში გაყალბება არ დაიშვება - კიზინგერი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ქართველებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ და სიმშვიდისაკენ მოუწოდებს. კონგრესმენის თქმით, დაუშვებელია სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში გაყალბება, ამომრჩეველთა დაშინება და მათი მოსყიდვა. "ვადევნებ თვალს ჩვენი მოკავშირის, საქართველოს არჩევნებს. ყველას მოვუწოდებ, მიეცით ხმა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პროცესის განვითარებას დაელოდეთ. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ დაიშვება გაყალბება, დაშინება და ხმების მოსყიდვა. ჩვენი ერები ერთიანნი და ძლიერნი არიან, ამერიკას ეიმედება საქართველო", - წერს კინზინგერი ტვიტერზე. კინზინგერმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდებოდა საქართველოში 31 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს.

საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 90 საჩივარია შესული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარი შესული. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს უკავშირდება. "საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 90 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. მაგალითისათვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები. თითოეულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა მიქელაძემ. საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ. ცესკო-ს ცნობით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36.45% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ხმა 1 279 947-მა მისცა.

გალის მოსახლეობის უმრავლესობა, 2020 წლის არჩევნებში ვერ მონაწილეობს

გალის მოსახლეობის უმრავლესობამ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვერ მონაწილეობს. აღნიშნულის მიზეზი ყველასთვის კარგად ცნობილი პანდემია და მის გამო, ენგურის ცენტრალურ ხიდზე გადაადგილების შეზღუდვაა. "ევროპათაიმთან" საუბარში, ადგილობრივები აცხადებენ, რომ არჩვენებში მონაწილეობის სურვილი დიდი იყო, თუმცა შესაძლებლობა მინიმალური. "აქაური მოსახოლეობა არჩვნებზე ყოველთვის აქტიურობდა. წინა წლებში, ვისაც კი გადაადგილება შეეძლო, უმეტესობა მიდიოდა და ზუგდიდში საკუთარ არჩევანს აფიქსირებდა. დღეს ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ენგურზე გადასხვლა შეზღუდულია", - აცხადებენ ადგილობრივები. მათივე ცნობით, რამდენიმე ადამიანმა მონაწილეობის მიღება ენგურზე გადმოპარვის ხარჯზე შეძლო. "რამდენიმე ათეული ადამიანი გადაიპარა ენგურზე. წინა დღეებშიც მოახერხა რამდენიმემ. ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, რადგან მე მხოლოდ ჩემი სოფლის მოსახლეობაზე მაქვს ინფორმაცია და ის რამდენიმე ათეულია". საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ენგურის ხიდი, საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე დაიკეტა.

შსს-მ სავარაუდო დარღვევის 6 ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ სავარაუდო დარღვევის 6 ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო ციციშვილმა განაცხადა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება დაიწყო: - ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტის - ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველინაწილით. - ქალაქ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯარო სკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია "ლეიბორისტების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა - ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთანდაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. - ასევე, გამოძიება დაიწყო ქალაქ თბილისის ისნის N39, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ციციშვილი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და საპოლიციო ძალებისა და ტექსნიკის მობილიზებას, არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირებს. "რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე. აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს. კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მომართონ პოლიციას, რათა ყველამ ერთად ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას", - აღნიშნა ციციშვილმა.