თეგი: ალეკო ელისაშვილი
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი: უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში
„უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი Facebook გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. „არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“, - წერა ალეკო ელისაშვილი.
„მოქალაქეებმა“ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა
„მოქალაქეებმა“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ლევან იოსელიანი დაასახელა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის აზრით, რომ იოსელიანს აქვს რესურსი პარლამენტში 90 მხარდამჭერი ხმა მიიღოს. მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსენსუსით შერჩევა მნიშვნელოვანია და ის არის ნაწილი საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პუნქტის, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მას გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან. „ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ღრმად დარწმუნებული ვარ, ეს არის რომ ქვეყნისთვის სწორი. ამ პარლამენტშიც სულ რამდენიმე ადამიანია ან შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთ- ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ მიიღოს 90 ხმა და მეტიც. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონსენსუსი შეკრას. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის, უნდა წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად. ლევანი გახლდათ ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და ადამიანის უფლებები მისთვის ნაცნობი თემაა, სწორედ ამით იყო დაკავებული წლების განმავლობაში”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან ბოდიში მოუხადა
„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, ელოდა რომ ზურაბიშვილი ზიგზაგებით ივლიდა და ევროპისკენ სწრაფვა არ დაიტერესებდა. „პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ და ერთ-ერთი ხართ იმ გათქვეფილ და გამქრალ ემიგრაციიდან რომ გადარჩით ქართველად, დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ. მაშინ რისი მეშინოდა და რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა, რადგან მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას. ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მეშინოდა, რომ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. თქვენთან პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც მოგიხადეთ სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა ღიადაც ვიტყვი ბოდიშს. არ მესირცხვილება ბოდიშის მოხდა, როდესაც მიმაჩნია, რომ მოსახდელი მაქვს. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ მოვისმინე და რასაც ვისმენ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში თქვენგან, საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მდინარაძე: ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა
„ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, ამის მტკიცებულება მაქვს,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ კომიტეტზე მას შემდეგ, რაც კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მდინარაძეს დაარტყა. ამის შემდეგ, დარბაზშივე, ალეკო ელისაშვილს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა. არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ, უკაცრავად ჟარგონისთვის, რომ გავებანძებინე. თუ ჩხუბი უნდა, პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით. ამას არ ავყვეთ, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე. ქურდულად მოპარვა და ხელის დარტყმა რომელ კაცობაში, რომელ ქართველობაში ზის. ცხოვრებაში ვერ გამიბედავდა ამას, გარდა ქურდული მოპარვისა, ეს „კაცი“, რომელიც ძალიან დიდი ხანია, მიცნობს. ერთი იცოდეთ ყველამ – ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი, თავისი რწმენა და ამის გამო ქართველებმა ერთმანეთს რუსები არ უნდა ვეძახოთ. თორე მერე სარგებლობენ ასეთი არამზადები და ვითომ კაცობენ. ამას საკადრისი პასუხი გაეცემა, მაგრამ მე მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, ეს უნდა დამთავრდეს. ამას საკადრის პასუხს გავცემთ ჩვენ, პრობლემა არ გვაქვს. ამ ტიპის ვითომ კაცობა და ასეთი ტიპის მიპარვით ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს მიმართ. ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები. ვინ, ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და აქ არიან რუსული ინტერესების გამტარებლები? შევაკვდებით პირველ რიგში ჩვენ, რომ იცოდეთ. პირველ რიგში, მე პირადად შევაკვდები,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „რაც უნდათ ის ქნან, თუ უნდათ დამიჭირონ, თუ უნდათ სული ამომხადონ, - ამის შესახებ კი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მან აღნიშნა, რომ თუ მომხდარის გამო საგამოძიებო უწყებაში დაიბარებენ, არაფრის ეშინია. „არ მაინტერესებს, რაც უნდათ, ის უქნიათ, აგერ ვარ და არსად გავრბივარ. ალეკო ვარ ელისაშვილი, ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები, რუსის უკანალში შესაძრომად არ დავბადებულვარ. ვისაც უნდა რუსის უკანალში შესვლა, კი ეტკინება ახლა ცხვირ-პირი. რუსეთში საქართველო არასდროს დაბრუნდება, გამორიცხულია. მდინარაძე კი არა, ვერავინ შეიყვანს!“ - განაცხადა ელისაშვილმა. მან აღნიშნა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევა, თუ ისევ შეუშვებენ.
ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ელისაშვილთან დაკავშირებული “ინციდენტის შესწავლა“ დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის წევრთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული “ინციდენტის შესწავლა“ დაიწყო. უწყების ცნობით, ალეკო ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა,“ - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
ვახტანგ გომელაური: ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა - რა მოხდა, საგამოძიებო სამსახური გაარკვევს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რომ „ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა - რა მოხდა, საგამოძიებო სამსახური გაარკვევს.“ ალეკო ელისაშვილზე განცხადების გაკეთებისას შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის გამოც, მინისტრმა საკითხის შეფასება შეწყვიტა და ინტერპელაციის კითხვებზე გადავიდა. „სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვათ?! იქნებ მაცადოთ, კულტურა ან ზრდილობა იქონიოთ და მაცადოთ საუბარი. მე გისმენთ ხოლმე ყველას. გამოძიება დაიწყო, რა მოხდა გაარკვევს საგამოძიებო სამსახური. მე რომ ვთქვა, მერე იტყვით მიკერძოებული ხარო... რომ გამოხვალთ მერე ისაუბრეთ თქვენ, გადავალ პირდაპირ ინტერპელაციის კითხვებზე,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ელისაშვილთან დაკავშირებული “ინციდენტის შესწავლა“ დაიწყო. ალეკო ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამოიკითხება. „მოქალაქეების“ პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. მათივე ინფორმაციით, აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები. „საუბარია 18 აპრილის გამთენიისას, სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, უკანონო დაკავების და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც საპატრულო პოლიციის დირექტორის ვაჟა სირაძის ბრძანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მეთვალყურეობით პოლიციელების მიერ გაკეთდა ე.წ. ძალადობის კორიდორი, რომელშიც ათობით პოლიციელი მონაწილეობდა და თავს ესხმოდა დეპუტატს და სასტიკად უსწორდებოდა. პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ელისაშვილი პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს.