თეგი: ასოცირების შეთანხმება
ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართა
საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის („ტვინინგის“ - დაძმობილების) გახსნის ცერემონია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. პროექტი - „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTIM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ევროკავშირმა დააფინანსა. პროექტის მიზანია სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურისა და სერვისების შემდგომი გაძლიერება ევროპული/საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. პროექტის მნიშვნელობასა და ბენეფიტებზე Europetime-თან ისაუბრეს მონაწილე მხარეებმა. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მარიამ გაბუნია აცხადებს, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება პრიორიტეტია. ამ მიმართულებით კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას. „ამ მიმართულებით უკვე დიდი ინვესტიცია ჩაიდო. ევროკავშირის დაფინანსებით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტომ ორი „ტვინინგის“ პროექტი უკვე წარმატებით განახორციელა. ეს არის მესამე პროექტი, რომელიც ასევე ემსახურება ამ სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით და გარდა ამისა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. აქედან გამომდინარე, ხსენებული პროექტის განხორციელებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი იტალიელი და ესპანელი პარტნიორების დახმარებით, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში არიან ჩართულნი, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, უფრო გაძლიერებული შესაძლებლობებით, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ორი დღის წინ კი, კითხვარი მივიღეთ და სწორედ ახლა ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროკავშირთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას, მათ შორის პრიორიტეტია ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც ევროკომისიისთვისაც პრიორიტეტია. თავის დროზე, ვიდრე მოლაპარაკებას დავიწყებდით DCFTA-ზე (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) ევროკავშირმა ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება გამოყო და ერთ-ერთი სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. შესაბამისად, მათთვისაც და ჩვენთვისაც ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის დახმარებით, კიდევ უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგმება“, - განაცხადა მარიამ გაბუნიამ. ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაციის (UNE) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ვიტო ფერნიკოლა Europetime-თან საუბარში ამბობს, რომ პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსთვის, ასევე, იტალია-ესპანეთის კონსორციუმებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პროექტს. „ჩვენ ვიწვევთ სხვა ექსპერტებს და ვთავაზობთ ძალიან მოქნილ გზას ჩვენს კოლეგებს. ვგეგმავთ რამდენიმე აქტივობას, დავეხმაროთ სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემცირდეს ტექნიკური ბარიერები ვაჭრობის კუთხით, რაც ერთ-ერთი ისტრუმენტია ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემის კუთხით, რომელიც ახლახან ვიხილეთ. ამრიგად, პროექტი ტექნიკური მხარეა, მაგრამ გლობალურად, ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახავთ გავლენას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ვიტო ფერნიკოლამ. თავის მხრივ, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს იმ თვალსაზრისით, რომ ის გავლენას ახდენს ხარისხის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე: „ამის ნაწილია მეტროლოგია. ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტის განხორციელებაში, მათ შორის იტალიიდან, ასევე - ესპანეთიდან, შესაბამისი გამოცდილება აქვთ და მიზანიც სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება და ბენეფიტებით სარგებლობაა. რასაკვირველია, ეს საკითხი უფრო ფართო სპექტრში უნდა განვიხილოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, თუმცა ხსენებულ საკითხს ასევე დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა იმპულსს აძლევს პროცესს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ვალდებულების აღება. ბევრი ტექნიკური ასპექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ველით, რომ ამ პროცესს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდება“, - განუცხადა იტალიის ელჩმა Europetime-ს. ინფორმაციისთვის, პროექტის იმპლემენტაციის პროცესი 2022 წლის პირველ თებერვალს დაიწყო. მისი მთავარი ბენეფიციარები არიან საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTIM) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო. პროექტს ახორციელებენ კონსორციუმის პარტნიორები ევროკავშირიდან: ACCREDIA - იტალიის ეროვნული ეროვნული აკრედიტაციის ორგანო; INRIM - იტალიის მეტროლოგიური ეროვნული ინსტიტუტი; UNI - იტალიის სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო; CEM - ესპანეთის მეტეოროლოგიური ცენტრი; FIIAPP - საერთაშორისო და პარა-იბერო-ამერიკული ფონდი ადმინისტრაციისა და საჯარო პოლიტიკისთვის F.S.P.; UNE - ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაცია. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 1 400 000 ევროს შეადგენს.
პრემიერი: ასოცირების შეთანხმების შესრულებით, ვუსწრებთ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს
ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე რომელიმე მთავრობამ ერთად აღებული თუ რაიმე გააკეთა,ჩვენმა მთავრობამ ყველაზე მეტი გავაკეთეთ. ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ევროკავშირის გზაზე ჩვენ ყველაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ყველაზე დიდი პროგრესი აქვს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში და ამ მხრივ წინ უსწრებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ასოცირებული ტრიოს წევრებს. „მთავარი დოკუმენტი, რაც განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, არის ასოცირების შეთანხმება, რომელზეც მე მხვდა პატივი წილად, მომეწერა ხელი 2014 წელს. ეს არის ჩარჩო, მთავარი დოკუმენტი, კონსტიტუციად ავიღოთ და მისი შესრულების პროგრესის მხრივ ჩვენ ვუსწრებთ ყველა ქვეყანას, რომელიც შედიოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – უკრაინას და მოლდოვას. შესრულების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე აღარ მაქვს საუბარი, ასოცირებულ ტრიოსაც ვუსწრებთ ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება. ზოგადად, შესრულების მიმართულებით, 45% არის უკვე შესრულებული მთელი ასოცირების შეთანხმების. უვიზო რეჟიმი მიღწეულია, თავისუფალი ვაჭრობა მიღწეულია, ჩვენ შევიტანეთ ოფიციალურად განაცხადი წევრობაზე“, – განაცხადა პრემიერმა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, ისტორიული, მომწიფებული გადაწყვეტილებაა. „თუმცა, მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება მანამდე იყო მიღებული, ჩვენ 2024 წელს უნდა შეგვეტანა განაცხადი, მაგრამ მანამდე შეიცვალა სიტუაცია და ჩვენ დავაჩქარეთ პროცესები. ჩვენ მივყვებით მშვიდად, ჩვენი სტრატეგიული მოთმინებით ამ პროცესს. მოგეხსენებათ, წევრობა არ ხდება ერთ და ორ დღეში, ევროპელი ლიდერებისგანაც მოვისმინეთ, რომ ამას შეიძლება რამდენიმე, 10 წელიც დასჭირდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ. ამას სჭირდება ძლიერი ეკონომიკა, ფეხზე უნდა დავაყენოთ ჩვენი ქალაქები, მუნიციპალიტეტები, უნდა გავაძლიეროთ ინდუსტრიები და მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა წევრობისთვის. ეს არის მთავარი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირი: სახალხო დამცველი სენსიტიურ საკითხებზე გამოხმაურებების გამო ზეწოლას განიცდიდა
ევროკავშირი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშში მიუთითებს, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აგრძელებდა თავისი სამეთვალყურეო როლის შესრულებას. მისი მანდატის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციები კი, საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. „ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები“, - წერია დოკუმენტში. შეგახსენებთ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ნინო ლომჯარიას ბოლო პერიოდში მწვავედ აკრიტიკებენ და საქართველოს სახალხო დამცველს „ნაციონალური მოძრაობის“ ომბუდსმენს უწოდებენ. ლომჯარია თვლის, რომ „დაუსაბუთებელი თავდასხმები სახალხო დამცველის რეპუტაციას მხოლოდ აძლიერებს“.
2021 წელს საქართველომ ევროკავშირისგან მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის საგრანტო დახმარება მიიღო
2021 წელს საქართველომ ევროკავშირისგან მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის საგრანტო დახმარება მიიღო. ეს აჩვენებს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს. ამის შესახებ ნათქვამი ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშში, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა. „ევროკავშირმა კვლავ განაგრძო ევროპის გუნდის (Team Europe) მიდგომა COVID-19 პანდემიის დასაძლევად, მათ შორის მჭიდრო და რეგულარული დიალოგის საშუალებით წევრ ქვეყნებთან კოორდინაციისა და წარმატებული ერთობლივი ძალისხმევის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, 2021 წლის საქართველოს მხარდაჭერის პრიორიტეტები ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ მედეგობის შესახებ ხელშეკრულების (Resilience Contract) განხორციელების გაგრძელებაზე (საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით), არამედ მისი თანმდევი მედეგობის პროგრამის (Resilience Facility) ფარგლებში დამატებითი ღონისძიებების განხორციელებაზე (12.7 მილიონი ევროს ღირებულებით). ეს დამატებითი ღონისძიებები მიმართულია შემდეგ სფეროებზე: გარემოს დაცვა, ჯანდაცვის სისტემის რეფორმა (ტელემედიცინა) და სოციალური დაცვა (ახალი სოციალური კოდექსისშემუშავება). გარდა ამისა, 2021 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს რვა არსებითი გრანტი გადაეცა, რომელიც მოიცავს ზედამხედველობას, გენდერს, ადამიანის უფლებებს და შესაძლებლობების განვითარებას, და ასევე მხარს უჭერს ამ ორგანიზაციებს COVID-19 პანდემიის უარყოფითი შედეგების დაძლევაში. კიდევ ერთი პრიორიტეტი იყო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზისა და "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის" (EU 4 Integrated Territorial Development) პროგრამის ფარგლებში ძირითად პროექტებთან კონტრაქტების გაფორმება, რაც შესრულდა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა შეასრულა თავისი ვალდებულებები საბიუჯეტო დახმარების კუთხით, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გადმოირიცხოს. საბიუჯეტო დახმარების ხუთი პროგრამის ფარგლებში 46 500 000 ევროდან (ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა) გაიცა 34 750 000 ევრო. COVID-19 პანდემიის გამკლავებასთან დაკავშირებული ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის 2020-2021 წლებში 150 მილიონი ევრო გახდა ხელმისაწვდომი. პირველი ტრანში (75 მილიონი ევრო) 2020 წლის ნოემბერში გაიცა. საქართველოს მთავრობამ მეორე ტრანშის (75 მილიონი ევრო) მოთხოვნისგან თავი შეიკავა“, - წერია დოკუმენტში.
ევროკავშირი: სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა
ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სასამართლო სისტემაში რეფორმებს ცალკე თავი ეთმობა. დოკუმენტში წერია, რომ 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებასა და მომდევნო შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება, მიეღო ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი ფართო, ინკლუზიური პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმის პროცესისა. მიუხედავად ამისა კი, სასამართლო სისტემაში წარდგენისა და დანიშვნის პროცესები 2021 წელს კომპლექსური რეფორმების გარეშე გაგრძელდა. სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზარდის ვალდებულება არაერთხელ აიღო, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის საშუალებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ზედიზედ სამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, 2021 წლის 12 ივლისს, პირველ დეკემბერს და 29 დეკემბერს, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მთლიანობაში 11 მოსამართლე დაინიშნა. 2019-2021 წლებში საქართველოს პარლამენტმა 28-ვე ახლად არჩეული მოსამართლე, ოპოზიციური პარტიების ძალზე შეზღუდული მხარდაჭერით უვადოდ დანიშნა. 2021 წლის აპრილში საერთო სასამართლოებისშესახებ კანონში მცირე ცვლილებები შევიდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა წარდგენის პროცესში ხანგრძლივად არსებული ხარვეზები (კერძოდ, გასაჩივრების პროცესის არარსებობა) აღმოუფხვრელი რჩება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად. ეუთო/ოდირის საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის11 თანახმად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის კეთილსინდისიერებაზე. მიუხედავად ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მოწოდებისა, შემდგომ სასამართლო დანიშვნებში პაუზა გაკეთებულიყო, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2021 წლის 26 მაისს და 31 ოქტომბერს, შესაბამისად მთლიანობაში ექვსი მოსამართლე წევრი დანიშნა. ეს გაკეთდა ნაჩქარევად, წინასწარი განცხადების და საჭირო შემოწმების გარეშე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსია შეუვსებელი დარჩა. მოსალოდნელია, რომ ეს არამოსამართლე წევრები უფრო ფართო კონსენსუსის საფუძველზე (პარლამენტის სამი მეხუთედის უმრავლესობით) შეირჩევიან და სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ. 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. პროექტის შემუშავების პროცესში არ ჩატარებულა კონსულტაციები და დაჩქარებული პროცედურის გატარების დასაბუთება არ ყოფილა. ცვლილებებმა გააძლიერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია, შექმნა მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შესაძლებლობა ევროსტანდარტებით მოთხოვნილი შეზღუდვების გარეშე და დისციპლინური სამართალწარმოების ახალი საფუძველი. ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მოთხოვნილ დასკვნაში12, გამოთქვა შეშფოთება გადამეტებულ დაჩქარებასთან, ინკლუზიური და ეფექტიანიკონსულტაციების ნაკლებობასთან და ამ ცვლილებების მოტივების გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების შესასრულებლად პარლამენტს 2021 წლის ივლისში წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესებს. გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. მომავალი გენერალური პროკურორების არჩევისთვის, 2021 წლის 29 ივნისს წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრას. თუმცა, ვენეციის კომისიის არსებული რეკომენდაციების და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, ეს დებულება პარლამენტში პირველი კენჭისყრის შემდეგ არ შენარჩუნდა“, - წერია დოკუმენტში.
ევროკავშირის ანგარიშში მედიის თავისუფლების საკითხები და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ ცნობები მოხვდა
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზედ პოლარიზებული. ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. მისივე თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებით. „თავისუფლების სახლის (Freedom House) რეიტინგი შემცირდა და საერთო "თავისუფლების ქულა" არის 58/100 20228 წელს 60/100-თან შედარებით 2021 წელს და 61/100 2020 წელს. ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ალტინფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა. 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტიქ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს“, - წერია ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ცნობები ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ. „მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებით ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. ამან გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.
ევროკავშირი: 2021 წელს გამოწვევები ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა
ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა. „საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო. მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. ინკლუზიური და და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას. თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის, ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. უფრო მეტიც, 2021 წელს, ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით კარგი საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის საფლაგმანო პროექტების რეალიზებისთვის“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
ევროპარლამენტარები ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ცვლილებებს განიხილავენ
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. განხილვა თბილისის დროით 18:30 საათზე იწყება. ტექსტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ერთ-ერთი შესწორების თანახმად, აუცილებელია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა. უფრო კონკრეტულად, ევროპარლამენტარების ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის და ასიტა კანკოს მიერ შეტანილ შესწორებააში გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ “. „კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში, რომელიც რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის კავშირებს შეეხება. ხსენებული ცნობების დადასტურების შემთხვევაში, კომიტეტი ივანიშვილის და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ცვლილებებში წერია, რომ აუცილებელია საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა“. „ხაზს უსვამს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, - ვკითხულობთ ტექსტში. გარდა ამისა, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული ტექსტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენაც მოუწოდებენ. კიდევ ერთი შესწორების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს. ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს. „ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სათანადო მკურნალობით, რაც მის სიცოცხლესთან დაკავშირებით შიშს იწვევს, მოუწოდებს კომისიას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება; კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული ნიშნით, რათა ის უზრუნველყოფილ იყოს საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო მკურნალობით“, - აღნიშნულია ცვლილების ტექსტში. ამასთან, ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში ვკითხულობთ „[კომიტეტი] კვლავ შეშფოთებულია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო; სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ევროკავშირის ამჟამინდელ და მომავალ თავმჯდომარე ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება; საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად; წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს დაკავებული ცნობილი საზოგადო მოღვაწეების მონახულებაზე“. ერთ-ერთი ცვლილების ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი. „[კომიტეტი] სინანულს გამოხატავს კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“, ვახტანგ წერეთლის დევნის გამო, ასევე ცილისწამებისთვის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანის, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების პრაქტიკის გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“, - წერია ტექსტში. ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება.
პრემიერი: ზუსტად 9 წლის წინ, საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა, მჯერა, რომ ეს პროცესი კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება
ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ქართველ მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. „ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ჩვენს მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. ვაჭრობის მუდმივად მზარდ დინამიკას ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პასპორტით ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რაც უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებამ მოიტანა. გასული წლის 3 მარტს ხელი მოვაწერე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს. ამ პროცესის გაგრძელება იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება; პირველად ჩვენს ისტორიაში, ევროპამ საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მანამდე, ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, 10 წელზე ნაკლებ დროში მიღწეული ეს მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მჯერა, რომ ეს პროცესი წლის ბოლოს ამ ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი ეტაპის დასაწყისად იქცევა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ევროკავშირი: რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი შესრულდა. ამასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს „დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი შესრულდა. ასოცირების შეთანხმება არის ეტაპი, რომელიც აძლიერებს კავშირს პარტნიორებს შორის. რეფორმები, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ვულოცავთ საქართველოს ამ განსაკუთრებულ დღეს“, – წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 2014 წლის 18 ივლისს. 2016 წლის პირველი ივლისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მისი 431-ე მუხლის თანახმად, ძალაში შევიდა მას შემდეგ რაც 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები. პირველი ივლისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. ამ დღიდან ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 22 ივნისს, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება ოფიციალურად გახდა ცნობილი. ევროკომისარმა განმარტა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ პრიორიტეტების სრულად შესასრულებლად.
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის მეორე ფაზა დასრულდა
ევროკავშირმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის მეორე ფაზის (AA Facility) წარმატებით დასრულება აღნიშნეს. ევროკავშირის შეფასებით, ეს “მნიშვნელოვანი მიღწევა იმ უდიდეს ძალისხმევას უსვამს ხაზს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს მიერ 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების უკეთ განხორციელების კუთხით იყო გაწეული.“ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ხელშემწყობი პროექტის განხორციელებით, ევროკავშირი და საქართველო მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას აღნიშნავენ. „მინდა, ხაზი გავუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სამუშაო იყო გაწეული ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საფუძველს კვლავ ასოცირების/თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები წარმოადგენს და სწორედ ამ ხელშეკრულებების განხორციელების მეშვეობით თქვენმა ქვეყანამ შეძლო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება. გაფართოების შესახებ ბოლო ანგარიში ხაზს უსვამს იმ პროგრესის მასშტაბებს, რომელსაც თქვენ ამ ვალდებულებების შესრულების კუთხით მიაღწიეთ. საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ხელშემწყობი პროექტი ამ პროცესში დაგეხმარათ,” აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. ცერემონიაზე გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს და მის სახელმწიფო ინსტიტუციებს აქვთ შესაძლებლობები ტრანსფორმაციის რთულ პროცესში აქტიურად ჩასართავად და ამ პროცესში წარმატებით ნავიგაციისათვის. „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელშემწყობი პროექტი, აუცილებელი ცოდნის გაზიარებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის დახმარების გაწევის კუთხით,” - აღნიშნა ყარაულაშვილმა. პროექტის დახურვის ცერემონიალზე მოკლე ვიდეო კლიპი წარმოადგინეს, რომელშიც ხაზგასმული იყო AA Facility-ის მთავარი მიღწევები და წარმოდგენილი იყო ბევრი სხვადასხვა ბენეფიციარის მოსაზრებები. აღნიშნულმა მრავალწახნაგოვანმა პროექტმა საქართველოს ევროინტეგრაციის რთულ პროცესში გაუწია დახმარება. მან ხელი შეუწყო პოლიტიკის შემუშავებისა და კანონშემოქმედებით პროცესებს, მხარი დაუჭირა ინსტიტუციონალურ რეფორმებს და სტანდარტების გაუმჯობესებას, გააძლიერა საპარლამენტო ზედამხედველობა, გააუმჯობესა დონორთა კოორდინაცია, აამაღლა საჯარო მოხელეების ცნობიერება და ხელი შეუწყო მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. „AA Facility-ის მიერ გაწეული დახმარების შედეგად, დაახლოებით, 140 საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტის მიერ 500-ზე მეტი ანალიტიკური და საგანმანათლებო პროდუქტი შეიქმნა. აღნიშნული ერთობლივი ძალისხმევის გაწევა, დაახლოებით, 400 სხვადასხვა სახის ინტერვენციით მოხდა, რაც ყველა ძირითად პოლიტიკის მიმართულებას მოიცავდა და რამაც სარგებელი 3000-ზე მეტ ქართველ სახელმწიფო მოხელეს და პროფესიონალს მოუტანა. „პროექტის ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებს შორისაა დახვეწილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომელსაც ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მრავალწლიანი დაგეგმვის და ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის აქტიურად შემოწმების ორმაგი ფუნქცია გააჩნია. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემა აქტიურ როლს ასრულებს სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. AA Facility-ის მიერ გაწეული საექსპერტო დახმარება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან და დარგობრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსაც ფარავს. ამ მხრივ, პროექტის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ხარისხის ინფრასტრუქტურა, სოციალური დაცვის სისტემა, სურსათის უსაფრთხოება, მომხმარებელთა დაცვა, კონკურენცია, მეწარმეობა, საბაჟო კონტროლი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, დაბეგვრა, ენერგეტიკა, საბანკო სექტორი, საჯარო შესყიდვები, მშენებლობა, ჯანდაცვა და ა.შ. გარდა ამისა, AA Facility-მ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესებაში. აღნიშნული მხარდაჭერა თემატური მომხსენებლების მომზადებას, პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებებით თემატური მოკვლევების ხელშეწყობას და კონკრეტული ნორმატიული აქტების დამტკიცების შემდგომ მათი აღსრულების კონტროლს მოიცავს. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების და ასევე საექსპერტო წრეების ასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ AA Facility-ის ბენეფიციარები და დაინტერესებული მხარეები საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან და სხვა პროფილური სამინისტროებიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, სამთავრობო უწყებებიდან და ასევე საქართველოს პარლამენტიდან (პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების სახით). ევროკავშირი, სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მეშვეობით, კვლავ ერთგული რჩება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერის პროცესისადმი. ამ მხრივ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ხელშემწყობი პროექტის მეორე ფაზა (AA Facility), სხვა პროექტებთან შედარებით, ფლაგმანს წარმოადგენს,“ - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. „ის გზა, რომლის გავლაც ჩვენ ყველამ ერთად თითქმის 5 წლის წინ დავიწყეთ, ნამდვილად ისტორიული იყო საქართველოსთვის. AA Facility-ს გუნდი ბევრ თქვენთაგანთან (როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან) ერთად, მხარდამხარ, დაუღალავად შრომობდა. როდესაც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ვფიქრობ, სიამაყით ვივსები იმ ხელშესახები ცვლილებების ხილვით, რომლებიც პოლიტიკის დაგეგმვის, ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შესრულების კოორდინირების გაუმჯობესების, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და სხვადასხვა სექტორში შთამბეჭდავი რაოდენობის საკანონმდებლო აქტის შემუშავებაში შეტანილი წვლილის სახით განხორციელდა.” განაცხადა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ხელშემწყობი პროექტის (AA Facility) ხელმძღვანელმა, დოქტორმა იოლანტა ტაჩინსკამ.