თეგი: გიორგი გახარია

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მის კანდიდატურას, პარტიის 3 წევრის გარდა, ხმა „ნაციონალური მოძრაობის" 15-მა დეპუტატმაც მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და არც საკუთარი კანდიდატურა დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.  

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 - მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის კანდიდატს მხარი დაუჭირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. კენჭისყრაში „ქართულ ოცნებას“ მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სხდომას ესწრებოდნენ. მმართველმა გუნდა უარი განაცხადა თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ თანამშრომლობა დღეს ზუგდიდში კიდევ ერთხელ ოფიციალურად დადასტურდა. რადიო თავისუფლების ცნობით, სხდომას ესწრებოდა ოპოზიციის მხარდამჭერი, ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ექსპრემიერის პარტიის წარმომადგენლისთვის, რადგან „გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაერთი დანაშაული მოხდა“. მათ შორის, ბაჩანა შენგელია ასახელებს მისი დედის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალებას, რაც ბაჩანა შენგელიას განცხადებით, გიორგი გახარიას დავალებით განხორციელებული ზეწოლის შედეგია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს ერთთვიანი შესვენების შემდეგ გაიმართა. მანამდე დეპუტატები დარბაზში 5-ჯერ შეიკრიბნენ, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. სხდომების ჩაშლის მიზეზი კვორუმის არქონა იყო. ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. 20 - „ქართულ ოცნებას“, 3 - „გახარია - საქართველოსთვის“.  

გიორგი გახარია პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აქციაზე ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირი უკვე დატოვა.  

ეკა ბესელია ექსპრემიერ გახარიასთან გაერთიანებას არ გამორიცხავს

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიასთან გაერთიანებას არ გამორიცხავს.  ეკა ბესელიამ ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გახარიას ახალი პროცესის შექმნის რესურსი და გამოცდილება აქვს. „გიორგი გახარიას უდავოდ აქვს ის რესურსი, რომ მისი გამოცდილებით, თუ თავისის შესაძლებლობებით შექმნას ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მასთან ერთად და უფრო ფართოდ დავინახავდი ამ კონფიგურაციას. მათ შორის [ყოფილი მინისტრები შეიძლება ვნახოთ] რატომაც არა. ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო მთავრობაში, რომლის რესურსი გამოსაყენებელია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, როცა ჩვენ ევროპული ოჯახი ძალიან გვჭირდება", - განუცხადა ბესელიამ „მთავარ არხს.“ კითხვა, შესაძლებელია თუ არა ამ გაერთიანებაში ვიხილოთ სხვა ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ბესელიამ უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერია. მანამდე, მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აქვს, მათ შორის, გიორგი გახარიასთან. „ბევრი გაერთიანება მინახავს, ბევრი დაშლაც და ახალი კონფიგურაციებიც, ამიტომაც ყველაფერ ამას ძალიან ბუნებრივ პროცესად ვუყურებ და რამდენადაც ახლოვდება საარჩევნო ვადა, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მცდელობა, რომ იფიქრონ გამსხვილებაზე. შესაძლოა, იყოს რამდენიმე კონფიგურაცია, ეს ცუდი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ცუდი ვერსია იქნებოდა, რაც უნდა გამოვრიცხოთ, რომ არ უნდა იყოს ორი არჩევანი - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. შეიძლება, არ იყოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ და კიდევ იყოს ერთი ალტერნატივა, რომელიც წარსულით დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა როგორიც არის, მაგალითად, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები, ან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ გვაქვს კავშირი წარსულში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ერთი ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ და ვერ ვიქნები და დანარჩენი არ ვიცი როგორი კონფიგურაცია იქნება. ბევრი ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც მე მახსოვს იყო „ქართული ოცნების“ იდეასთან და ყველა ვისაც ჰქონდა პრინციპები და საკუთარი შეხედულებები, რომელიც განსხვავდებოდა იმისგან, რაც დღეს არ მოგვწონს, თითქმის ყველა წამოვიდა [„ქართული ოცნებიდან“]. შეიძლება ვიფიქროთ რაიმე ტიპის ალტერნატივაზე - „ოცნების“ ყოფილი წევრები, რომლებმაც დატოვეს ეს პარტია იმის გამო, რომ არ მოსწონთ ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში. [ამ საკითხზე] მაქვს კონსულტაციები ყველასთან, ჯერ გვაქვს მოსაზრებები, ხედვა, განვიხილავთ ვერსიებს და შესაძლებლობებს. ვნახოთ რა გამოვა. მე უბრალოდ გაგიზიარეთ მხოლოდ მუშა პროცესი, იდეის დონეზე და ვნახოთ, როგორი ტიპის მოცემულობა შეიქმნება, რა გამოვა აქედან. მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ასევე გიორგი გახარიასთან, მას ვხედავ როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია, მის ირგვლივ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია შექმნას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, 20 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.  

პრეზიდენტმა ხაზარაძესა და გახარიას გაერთიანებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება მან ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდეტმა „ლელო საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ათონელის რეზიდენციაში მიიწვია. პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკოსები მათთან ხვალ, 17 სექტემბერს უნდა მივიდნენ. „საქართველოს ისტორიისათვის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ, უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არამხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე (ამას იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება). ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე - ვარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები, თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს. დღეს არჩევანი ერთია - ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი, ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ. მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ, ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას. სწორედ ამისთვის შეიქმნა ,,ქართული ქარტია“ და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა, ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტიანი დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულებთ. ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი გააჩინოს. მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარდება.  

რა შედეგით დატოვეს პრეზიდენტის სასახლე მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლე დატოვეს. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. „მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, მადლობა გიორგის (გახარიას), ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, აქედან გამომდინარე, შევთანხმდით ერთ რამეზე - რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან. მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა და პირველებს თქვენ შეგატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტზე ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. „დაპირისპირება იყო, ამას არ უარვყოფ. გახსოვთ, დაპირისპირება იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც არის ანაკლია. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ანაკლია აუცილებლად უნდა აშენდეს და აშენდეს ევროპული და ამერიკული ინვესტიციებით. რა თქმა უნდა, ჩინელებიც შეიძლება, იყვნენ ამ პროექტში, მაგრამ ეს არის მთავარი პუნქტი, რომელზეც არის თანხმობა,“ – განაცხადა ხაზარაძემ. „სხვა საკითხებს თუ გულისხმობთ, რომელიც ეხება იგივე წერილს, იგივე ანაკლიის საკითხს, სხვა ამბავს, ჩემი პოზიციაა, რომ  ყველა ეს საკითხი უნდა იყოს გარკვეული დამოუკიდებელი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში, სადაც მე და ბატონი გახარიაც, დარწმუნებული ვარ, უნდა თანამშრომლობდეს, 20 ივნისი იქნება თუ ნებისმიერი სხვა საკითხი.“ თავის მხრივ, გიორგი გახარიას თქმით, მათი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო. „მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, რადგან მე დღეს აქ, პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ. ეს ერთი. მეორე, რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ახლა, ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, რადგან, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, არ ვიცი, როგორც ხდება ხოლმე. ეს არის, რის გამოც გადაიდო. ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე. მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი ყოველთვის, საქართველოში ჩვენი მოღვაწეობის ყოველდღე სახელმწიფოს ინტერესებს ვაყენებდით პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები, მკაფიო, არაფერი აქ საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე, რათა პოზიცია დააფიქსიროს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. „მახსოვს, მეძახდნენ თვალთხარიასაც, მოღალატესაც, რუსეთის კაცსაც. სამწუხაროდ, დღევანდელი „ოცნების“ წევრებიც მეძახიან თვალთხარიას. „ოცნების“ ნარატივში გამოვიდა, ესენი ერთმანეთს თვალთხარიასო და გახარია თაღლითს ეძახდაო. საერთოდ, ჩემი ლექსიკა არ არის, ბევრი რამ მითქვამს, მითქვამს მატყუარა, მითქვამს, რომ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები არ უნდა იყვნენ, დღესაც ასე მიმაჩნია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როდესაც ქვეყანაზე და სახელმწფიო ინტერესებზეა საუბარი, როდესაც საუბარია, რომ ქვეყანაში შეიძლება, გაჩნდეს შესაძლებლობა, ერთი არჩევნების პირობებში ერთდროულად შევძლოთ, დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, მე ბევრ რამეს ავიტან, ამიტანია და მომავალშიც ავიტან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. ამაში ვინმე რამე ცუდს თუ ვხედავთ ან შემძრახავთ, ამასაც მივიღებ,“ უპასუხა გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ „მისთვის დღეს მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოში არის ამომრჩეველი, რომელსაც სურს, 26 ოქტომბრის შემდეგ „ოცნებამ“ დაკარგოს ხელისუფლება.“ „კი არ გაქრეს, ვერ შეძლოს, ერთპარტიულად და ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ქვეყნის ხელისუფლებაში, რადგან ეს დაუშვებელია. ეს შეთანხმება ამას თუ ხელს შეუწყობს, მერწმუნეთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხაზარაძე რას ფიქრობდა ჩემზე ან რას ამბობდა. დიდი მიზანია, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომ ახლა მე რომ დავიწყო საუბარი, ხაზარაძემ ეს თქვა და გაბუტული ვარ, არასერიოზული იქნება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო. ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ.  

გიორგი გახარიამ პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა

პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგია გახარიამ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ "ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერა.  ქართულ მედიასაშუალებებს პარტიაში განუცხადეს, რომ ქარტიას ხელი დღეს, 23 სექტემბერს მოეწერა. ამ დრომდე პარტიას “გახარია საქართველოსთვის” “ქართულ ქარტიაზე” ხელი არ ჰქონდა მოწერილი. ქარტიაზე ხელი არ აქვთ მოწერილი ასევე პარტიებს - "გირჩი" და "ლეიბორისტული პარტია." ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ "ქართულ ქარტიას" ხელი 3 ივნისს მოაწერა. რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტია“ „ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ შეასრულებენ "ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ,“ - წერია „ქართულ ქარტიაში.“  

პრეზიდენტი: ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ მიზანი არის ერთი

საქართელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” ჩაშლილი მოლაპარაკებების პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავარი დამნაშავე ამ პროცესში უნდობლობა და ეჭვია. მან უარყოფითის გარდა, ასევე ისაუბრა პროცესის პოზიტიურ ნიშნებზე, რის მაგალითადაც პრეზიდენტმა მიუთითა, რომ „ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი იქნება.“ აღსანიშნავია, რომ ამ „პოზიტიურ ნიშანზე“ პროცესის მონაწილე ორივე პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი მიანიშნებდა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ხაზარაძესა და გახარიას გაერთიანებისკენ 16 სექტემბერს მოუწოდა, ამის შემდეგ იყო შეხვედრები, თუმცა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა. “მცდელობა იყო და, მგონი, დროულიც იყო და აუცილებელიც. ის გამოცდილება, რაც მივიღეთ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში დიპლომატიისა და, რაც მთავარია, მოლაპარაკებების, მეუბნებოდა, რომ არსებობდა დაკვეთა საზოგადოებისგან, რომ რაღაც გვექნა ყველას ერთად და მოგვეხერხებინა კონსოლიდაცია და არსებობდა შანსი და ეს შანსი მოლაპარაკებებში ძლიერდება ბოლოსკენ, როცა უკვე მეტი გასაქანი აღარ არის. ამიტომ, ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, რაღაც რისკი უნდა აიღო და რისკი ავიღე. არ გამოვიდა. მე აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ ვისი ბრალი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა, ალბათ, ყველასი და ამავდროულად, არავისი. უფრო იმ მოცემულობის ბრალი იყო, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს პრაქტიკულად და მომავალიც იმიტომ, რომ ყოველთვის არის შიში, ვინ როგორ დაიცვას თავისი იდენტობა. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ხელისშემშლელი არის და იქნება იმიტომ, რომ არ გამოვსულვართ ამ მოცემულობიდან. მაგრამ ორი მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ერთის მხრივ პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის მიჩნეული, როგორც სისუსტე. ჰგონიათ, ვინც უფრო მეტს დათმობს, ის უფრო სუსტია და ეს ნათელია, რომ ძნელი დასაძლევია წინასაარჩევნო პერიოდში. მეორე დამნაშავე ამ შემთხვევაში არის ის, რაც ჩვენ გვჭამს - უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებული არის ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით და ეს ყველას გვეხება, მათ შორის, მეც და ძალიან ძნელი არის, რომ გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან. ეს აფერხებს ძებნას იმ აუცილებელი შეთანხმების, იმ აუცილებელი დათმობების, რომელიც საბოლოოდ ქმნის მოლაპარაკებაზე შედეგს. მოლაპარაკება არ შედგა და ჩვენ ვართ იმ მომენტში, როცა უნდა ვიყუროთ წინ და დავინახოთ, რომ ამ პროცესმა თავისი შედეგი მოიტანა. დავინახოთ პოზიტივი - ამ პარტიებს შორის განწყობები შეიცვალა და ის რაც გუშინ ძალიან რთული იყო, ნელ-ნელა მოლბა და, შეიძლება ითქვას, რომ ეს სამომავლო თანამშრომლობა უკვე ბევრად ადვილი არის და იქნება. ანუ, იქმნება ახალი პერსპექტივა, რომელიც გვაძლევს სურათს, რომ ცალ-ცალკე გადიან ეს პარტიები, მაგრამ ძალიან ნათლად ჩანს უკვე, რომ მიზანი არის ერთი - ამ დილით ხელი მოეწერა მეოთხე პარტიისგან ეს ქარტია და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აერთიანებს ამ ოთხივე პარტიას. სხვა გამაერთიანებელი არ არსებობს, ეს არის ცემენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის შეგნება, რომ ეს არის ცემენტი, ძლიერდება და ძლიერდება გარედანაც. ძალიან დასაფასებელია, რომ ის პარტიები, რომლებიც არსებობენ, მაგრამ არიან შედარებით ნაკლები წონის პარტიები, ამ ძალიან რთულ საარჩევნო გარემოში, მათ გამოაჩინეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა - მოვიდნენ, ქარტიაზე ხელი მოაწერეს, მაგრამ არჩევნებში არ მონაწილეობენ იმიტომ, რომ მიხვდნენ, რა იყო ის მახე, რომელიც მომზადებულია ხელისუფლების მიერ, რომ თუ 1%-ზე მეტი მიიღეს, მაგრამ 5%-ზე ნაკლები, ეს ხმები ნაწილდება და გადადის იმ შესაძლო პირველ პარტიაზე, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეიძლება, ჯერ კიდევ “ქართული ოცნება” იყოს, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო “ოცნების” გათვლა. იმ პარტიებმა, რომლებიც არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ გადალახავდნენ 5%-იან ბარიერს, ეს ნაწილი დათმეს და აქ უკვე ჩანს ის დათმობის კულტურა, რომელიც შემოდის ჩვენთან. გადაწყვიტეს, რომ ქარტიის ხელმომწერები მაინც გამხდარიყვნენ, რადგან ეს ქარტია არის ის, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს ამ ქვეყნის მომავლისთვის. მთელი ამ პროცესის პოზიტივი ის არის, რომ ამ ქვეყანაში “მე და ჩემი ნაბადის” პოლიტიკა დამთავრდა და დამთავრდა ბიძინასთან ერთად,” - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს, 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიური დაპირებების ნაცვლად, „შიშის, მუქარის, რევანშის დაპირებისგან შედგება.“ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის ხმებით გამარჯვების იმედი აღარ აქვს და ცდილობს, საზოგადოება კონფრონტაციამდე მიიყვანოს, რადგან შემდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია ჰქონდეს. „ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ძალიან გამომწვევ მომენტში. ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში და ეს უნდა დავინახოთ, მაგრამ არა შიგადაშიგ, არამედ, ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს, შეიძლება, ითქვას, რომ ამ წლის დასაწყისიდან არაფერი არ გაკეთებულა აქა-იქ ფულის დარიგების გარდა, არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ქვია წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვიღაცას მოეწონო, ვიღაცა მოიზიდო, მოხიბლო. არა, კამპანიაა ერთი და მხოლოდ ერთი, შიში, მუქარა, რევანშის დაპირება, ეს იქნება დაჭერები თუ სხვა. არავის არაფერს არ ჰპირდებიან, პირიქით, იქ, სადაც მათ მიუხედავად, უცებ ჩნდება რაღაც ერთობა, რაღაც სიხალისე, საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება, გამოიყენონ სათავისოდ იმისთვის, რომ შექმნან მათთვის სასარგებლო პირობები საარჩევნოდ. ეს იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება გასული წლის დეკემბერში, ეს იქნება ფეხბურთელების გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატში ჩართვა და იქაც გამარჯვება, ეს იქნება ოლიმპიელების წარმატებები, იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო გაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ამ ქვეყანაში საზოგადოებაში. რას ნიშნავს ეს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? ეს იმას, ნიშნავს, რომ თვითონ იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციით, ჯახით აქამდე მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ გველაპარაკებიან, რომ გარედან უნდათ რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალება, ჩვენც გვინდა თურმე და თქვენც გინდათ. ეს არის თემა იმისათვის, რომ მიგვიყვანონ იქამდე, სადაც უკვე ძალის გამოყენება, (რომელსაც ვერ გამოიყენებენ, ამაში ვარ დარწმუნებული), მათ მხედველობაში იქნება ლეგიტიმური და შეეძლებათ, რომ გამოიყენონ. შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყველამრივ, შენ რას შვრები, როცა ეს ქვეყანა [რუსეთი] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას და სხვა არაფერს. ეს მადა როცა არის გაღვივებული და შენ გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარ არის, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა. ხელისუფლება, რომელსაც მიჰყავს ქვეყანა კონფრონტაციისკენ და დამოუკიდებლობის პირდაპირ დაკარგვისკენ - ლევილში აჯანყებაზე აწყობს რაღაც ღონისძიებას, გაუგებარია ეს ღონისძიება რას ემსახურება? უხარიათ ის, რომ აჯანყება დასრულდა, თუ რა გაკვეთილები გამოაქვთ აჯანყების ღონისძიებიდან?“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.  ტექნიკური მთავრობა როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპული გამოცდილება არჩევნებს, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები და ყველას მიერ აღიარებულები, რომელთაც მონაწილეობა არ აქვთ მიღებული „პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში.“ „მე გთავაზობთ, რომ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, ყველანი ერთად დავდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს - ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები.“ „ეს არის სამოქმედო გეგმა, ტექნიკური მთავრობა, პროფესიონალების მთავრობა უნდა შეიქმნას პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით, მაგრამ არა მათ მიერ დანიშნული პოლიტიკოსებისგან. ამ დღეებშიც და წინა პერიოდშიც ყველაფერმა გვაჩვენა, რომ თუ ეს არა, მერე იქნება „ჩემი პრემიერი, შენი პრემიერი“, „ჩემი მინისტრი“, „ჩემი წონა უფრო დიდია, შენი წონა ნაკლები“. დემოკრატიაში ჩვენზე ბევრად გამოცდილი ქვეყანაა საფრანგეთი, სადაც ზუსტად ეს შეცდომაა ახლა დაშვებული, რომ ცდილობენ პოლიტიკურ-კოალიციური მთავრობა შექმნან, სადაც ძალიან დიდი დაპირისპირებული და პოლარიზებული ძალებია. ეს არის [კრიზისის] დაძლევის ერთადერთი საშუალება და ეს არის მოდელი, რომელიც ასევე არსებობს ევროპაში. იტალიამ გვაჩვენა, საბერძნეთმა გვაჩვენა, რომ კრიზისის დროს და მოკლე ვადით საჭიროა, რომ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, ყველას მიერ აღიარებულები. ეს თავისთავად დეპოლარიზაციაა იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები არ იყვნენ ჩართული პოლიტიკურ ჭიდაობაში, ბრძოლებში, არ აქვთ პოლიტიკური წარსული და არ უნდათ პოლიტიკური მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, რომ ემსახურონ ქვეყანას მოკლე ვადით, ერთი წლით. ვემსახუროთ ქვეყანას, როგორც ჩვენი ჯარისკაცები ამბობენ ფიცის დადების დროს - „ვემსახურები საქართველოს“. ასე უნდა იყვნენ პოლიტიკოსებიც, პოლიტიკური პარტიები და მაშინ იქნება ეს ქვეყანა მართლაც დაცული. მე გთავაზობთ, რომ ამ ქარტიის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა მოსაზრების პარტიები, საზოგადოება, რომელიც მთლიანად კონსოლიდირებულია დამოუკიდებლობის დაცვაში, ქვეყნის გადარჩენაში, ყველანი ერთად დავდგეთ, სადაც უნდა ვიდგეთ და ვემსახუროთ საქართველოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ქართული ქარტია პრეზიდენტის თქმით, ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების გარეშე, რომელიც მოიცავს სასამართლოს, ანტიკორუფციულ ქმედებებს და საარჩევნო გარემოს, ქვეყანა წინ ვერ წავა. „რატომ ქარტია? - რომელზედაც ცოტას ლაპარაკობენ და ახლა მინდა, გითხრათ, რომ ამ ოთხი კვირის განმავლობაში არავის მივცემ უფლებას, რომ არ ილაპარაკოს დღე და ღამე ქარტიაზე იმიტომ, რომ, რეალურად, ქარტია არის ერთობის ინსტრუმენტი. სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს ამ პარტიებს შორის. ქარტია არის ევროპაში დაბრუნების სამოქმედო გეგმა, იმ გზაზე, სადაც ჩვენ გაგვაჩერეს და ახლა უნდათ, რომ იქიდან საერთოდ გადაგვიყვანონ. ქარტია არის ის, რაც გვაძლევს ძალიან რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას: ახალი პარლამენტის შეკრების პირველივე დღიდან, როცა ამ ოთხი პარტიის მიერ შექმნილი უმრავლესობა შევა პარლამენტში, ეს ნიშნავს ყველა იმ კანონის გაუქმებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება არამხოლოდ ევროპის რეკომენდაციებს, ადამიანის უფლებებს, არამედ, ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირებულებებს და რომელიც არის სასწრაფოდ გასაუქმებელი. გათავისუფლება ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობდა მარტის აქციებში და არის დაკავებული ან დაჯარიმებული. ამ კუთხით სამართლიანობა სწრაფად უნდა დაბრუნდეს. სამართლიანობა არის ასევე სასამართლოს აღდგენა, კლანისგან გათავისუფლება იმისთვის, რომ სასამართლომ წინასაარჩევნოდ ერთ დღეში არ გადაწყვიტოს, რომ 64 მილიონს გაუუქმებს ბიუჯეტის მიმართ ვალს ერთ-ერთი დეპუტატის მამას ან სხვას. ეს არის სასამართლო და სამართლიანობა. და ეს არის ის ვალდებულება, რაც აქვს აღებული ოთხ პარტიას. სასამართლოს გარეშე, ანტიკორუფციული რეალური ზომების გარეშე და ახალი საარჩევნო გარემოს შექმნის გარეშე, ქვეყანა წინ ვერ წავა. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საერთო პროგრამა, საერთო მიზანი და ერთმანეთთან, ალბათ, უკვე დაწყებული ურთიერთობების მოდელი, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. თუ სადმე რამე პრობლემა იქნება, მეც იქ ვიქნები. ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი არჩევანი, მაგრამ არჩევანის დაცვა ხდება წინსწრებით, ხდება მობილიზაციით, არჩევნებზე მისვლით, აქ იქნება თუ საზღვარგარეთ და ვიცი, რომ იქ ძალიან ძნელი იქნება და ეს არის მაჩვენებელი, ხელისუფლებას თუ რამდენად ეშინია თავისი დიასპორის, იმ ადამიანების, რომლებიც ამ ქვეყანას გარედან ეხმარებიან და ამ ადამიანებს არ აძლევენ იმ ელემენტარულ უფლებას, რასაც ხმის უფლება ჰქვია. როცა არ ხსნი უბნებს, როცა ეჭიდავები საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ცესკო - ორივე დამნაშავეა და ეს ყველაფერი სასამართლოში უნდა გამოირკვეს. ეს არის ტოტალური დისკრიმინაცია და მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ის, რაც გამოსასწორებელია,” - განაცხადა პრეზიდენტმა.