თეგი: ვიქტორ იანუკოვიჩი
უკრაინის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
უკრაინულმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გამოძიების მტკიცებით, იანუკოვიჩმა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამმართველოს თანამშრომლებთან და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად მოქმედებდა, 2014 წლის 23 თებერვალს დონეცკის ოლქის სოფელ ურზუფიდან სამი რუსული ვერტმფრენით უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი და რუსეთში, კრასნოდარის ოლქში ჩაფრინდა. სასამართლო ვიქტორ იანუკოვიჩს 2014 წლის თებერვალში პირთა ჯგუფის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებას ედავება.
კიევის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა გასცა
კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ გაქცეულ ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთის სასარგებლოდ „ხარკოვის ხელშეკრულებების“ ხელმოწერის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება შეურჩია და დაკავების ნებართვა გასცა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს. გამოძიების თანახმად, იანუკოვიჩმა დახმარება გაუწია უცხო სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას და მის წარმომადგენლებს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული მოქმედებების განხორციელებაში. „მსგავსი ქმედებების შედეგად ხელოვნურად შეიქმნა წინაპირობები უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ჯარების რაოდენობის გაზრდის, მათი გადაიარაღებისა და მოდერნიზაციისთვის და მომავალში - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შეჭრაზე და მათ მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ოკუპაცია“, - აღნიშნავს გენერალური პროკურატურა. „ხარკოვის შეთანხმებები“ - რაც ცნობილია 2010 წლის 21 აპრილს ხარკოვში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და მაშინდელმა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ვადა სევასტოპოლში 2017 წლიდან 2042 წლამდე გაგრძელდა 5 წლით გახანგრძლივების უფლებით „იაფი“ გაზის სანაცვლოდ. 2021 წლის 28 იანვარს იანუკოვიჩს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილი იყო სახელმწიფო ღალატში 2010 წელს ხარკოვის ხელშეკრულებების ხელმოწერასთან დაკავშირებით. გამომძიებლების თქმით, ხელშეკრულებების ხელმოწერით მან ხელოვნურად შექმნა პირობები უკრაინაში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაზრდისა და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის შელახვისთვის. უკრაინული გამოძიების თანახმად, დოკუმენტების ხელმოწერამდე უკრაინისთვის გაზის ფასი ორჯერ იყო ხელოვნურად გაბერილი რუსეთის მიერ: 2008 წლის ბოლოსთვის 1000 კუბურ მეტრზე გაზის ფასი უკრაინაში $179,5 იყო, ხოლო 2010 წლის ბოლოს $352.33. გამოძიების თანახმად, რუსეთმა ჯერ ხელოვნურად შექმნა და დააგროვა უკრაინის ვალი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, შემდეგ კი მისი დაფარვის მიზნით, ფაქტობრივად განალაგა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის ტერიტორიაზე. ექს-პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი „ხარკოვის ხელშეკრულებების“ შედეგად, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარების და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა მათი შემცირებისა და გაყვანისთვის მომზადების ნაცვლად გაიზარდა. 2021 წლის 11 მარტს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა SBU-ს გამოეკვლია 2010 წელს „ხარკოვის შეთანხმებების“ კენჭისყრის გარემოებები უმაღლეს რადაში. 12 მარტს SBU-მ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ხარკოვის ხელშეკრულებების ხელმოწერის ფაქტზე. 2021 წლის 24 მარტს სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად იანუკოვიჩის დროინდელი პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი გამოცხადდა.
შვეიცარიამ იანუკოვიჩსა და მის შვილს სანქციები დაუწესა
შვეიცარიამ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი ვაჟის ალექსანდრეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ იანუკოვიჩი, როგორც პრეზიდენტი, „აწარმოებდა პრორუსულ პოლიტიკას“ და „იყო სპეცოპერაციის ნაწილი, რომლის მიზანს 2014 წელს უკრაინის ხელმძღვანელობის შეცვლა წარმოადგენდა“. მანამდე ევროკავშირმა იანუკოვიჩისა და მისი შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის კუთვნილ ბანკს $8,1 მილიონის აქტივები გაუყინა
სასამართლომ იანუკოვიჩის შვილის ქონება შეიარაღებულ ძალებს გადასცა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის კუთვნილ ბანკს, 8,1 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები გაუყინა. ბანკის აქტივები, რომელიც სავარაუდოდ, ფულის გათეთრებისთვის გამოიყენებოდა, თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს გადაეცა. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვაში რუსეთის დახმარებისთვის, ამ თვის დასაწყისში, ევროკავშირმა ვიქტორ იანუკოვიჩისა და ალექსანდრე იანუკოვიჩის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.
უკრაინის იუსიტიციის მინისტრის თქმით, ვიქტორ იანუკოვიჩს და ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ქონება დაუყადაღეს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პავლო ლებედევის, ოლიგარქების სერჰი კურჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას ქონება დაყადაღებულია. უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მოთხოვნით, შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ, აქტივების კონფისკაცია მოხდება. „მასალების შეგროვების შემდეგ, ჩვენ მათ გადავიტანთ უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება აქტივების კონფისკაციის შესახებ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. ყველაზე რთული ეტაპი კი, მტკიცებულებების შეგროვება და სარჩელის მტკიცებულებათა ბაზის მომზადებაა. „ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ყველა პოლიტიკოსი, პოლიტიკასთან დაახლოებული ფიგურა თუ რუსი ოლიგარქი, ყოველთვის ამჯობინებდა საკუთარი ბიზნეს აქტივების დარეგისტრირებას ნომინალური მფლობელებისთვის... უფრო კონკრეტულად, იანუკოვიჩი თავის კომპანიებს ოფიციალურად არ ფლობდა, მისი ცნობილი კომპანია „ტანტალიტი“ პირდაპირ მას არ ეკუთვნის. დერიპასკამ მნიშვნელოვანი აქტივები სხვა პირებზე დაარეგისტრირა. შესაბამისად, სასამართლოში მოგვიწევს დავამტკიცოთ, რომ მფლობელები ნომინალური ფიგურები არიან, ხოლო რეალური მფლობელი, რომელიც აკონტროლებს ბიზნესს, იანუკოვიჩი ან დერიპასკა არიან", - განმარტა მალიუსკამ. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ პავლო ლებედევს, ოლიგარქებს სერჰი კურჩენკოსა და ოლეგ დერიპასკას სანქციები დაუწესდათ.
ზელენსკიმ რამდენიმე ყოფილ პოლიტიკურ აქტორს მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს რამდენიმე ყოფილ გავლენიან პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვა. Reuters-ი წერს, რომ ზელენსკიმ პრორუსული გავლენისგან ქვეყნის გაწმენდის მიზნით მორიგი ნაბიჯი გადადგა. ზელენსკიმ არ დაასახელა სახელები, მაგრამ აღნიშნა, რომ რომ მათ აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. უკრაინის სახელმწიფო მედიის ცნობით, სიაში არიან ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ოფისის წარმომადგენლები. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, დმიტრო ტაბაჩნიკი, ყოფილი ვიცე-პრემიერი ანდრი კლიუევი და იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო.
უკრაინის სასამართლომ იანუკოვიჩის პრორუსული პარტია აკრძალა
უკრაინის მერვე ოლქის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 21 თებერვალს დააკმაყოფილა სარჩელი ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული რეგიონების პარტიის აკრძალვის შესახებ, იტყობინება არასამთავრობო ორგანიზაცია CHESNO. სარჩელი უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა შეიტანეს. რეგიონების პარტია, რომელიც უკრაინის დომინანტი პარტია იყო იანუკოვიჩის დროს 2010-2014 წლებში, ფაქტობრივად დაიშალა მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩი რუსეთში 2014 წლის ევრომაიდნის რევოლუციის შემდეგ გაიქცა.