თეგი: ზუგდიდი
პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ ზუგდიდში „ელიტ ელექტრონიქსის“ ორჯერ გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში მდებარე კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები - სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებითა და მე- 4 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, ევროკავშირის გრანტი გადაეცა
ევროკავშირმა, გამარჯვებულ ქალაქ ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, პროექტ EU4Culture საგრანტო შესაძლებლობების ფარგლებში 300,000 ევრომდე გრანტი გადასცა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 19 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის, იყვნენ: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის მერი და EU4Culture პროექტის თანამშრომლები. „ზუგდიდმა, ქუთაისმა და ფოთმა კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად ევროკავშირის 30,000 ევროს ოდენობით გრანტი მიიღეს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, კულტურის განვითარების სტრატეგიები შეაფასეს, პროექტის კონსორციუმმა კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. გამარჯვებულ, ქალაქ - ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად დამატებით 300 000 ევრომდე დაფინანსება გადაეცა. პროექტი, სამივე ქალაქს, შესთავაზებს მათ საჭიროებებზე მორგებულ შესაძლებლობების განვითარების ტრენინგ პროგრამებს“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად, რეგიონის ქალაქი, ზუგდიდი კულტურის განვითარების სტრატეგიას განახორციელებს. ქალაქ ზუგდიდს, მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდოს ზუგდიდის ცნობადობა, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და გააქტიუროს კულტურული ეკოსისტემა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კატალინ გერმანმა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ. ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, ასახავს ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ქალაქმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომის შემოქმედებითი ქალაქი.
ზუგდიდში, ორი კაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდში, ორი კაცი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ცნობილია, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სოკოთი ინტოქსიკაციაა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ზუგდიდში 13 წლის მოზარდი მოკლეს
ზუგდიდში 13 წლის მოზარდი მოკლეს. ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარს წინ, სავარაუდოდ თანატოლებს შორის დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. რადიო „ათინათის“ ფოტო
პოლიციამ ზუგდიდში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც. არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს – 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ზუგდიდში, კაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა, გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი
ზუგდიდში, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. როგორც ცნობილია, დაზარალებული შუახნის კაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველების დროს დაზარალდა. გავრველებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ზუგდიდში, პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი 2 მოქალაქეს დაეჯახა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 3 იანვარს ზუგდიდში „მაზდას“ მარკის ავტომობილი, რომელსაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი მართავდა, ქვეითად მოძრავ 2 მოქალაქეს შეეჯახა. „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დააკავეს
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. ესებუას დაკავების ამსახველი კადრები მედიაში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულის დაკავება მაშინ მოხდა, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას ცდილობდა. როგორ ცნობილია, ესებუა ქუთაისში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა და 500 ათას აშშ დოლარის აღების შემდეგ გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც - ბრეგაძე
ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც , - „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას დაკავებას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული, ბადრი ესებუა დააკავეს „ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც“, - წერს ბრეგაძე. „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე აიყვანა და 500 ათას აშშ დოლარის აღების შემდეგ გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მარტვილში დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მარტვილში, დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შუახნის მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. სასამართლო პროცესზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა. თავის მხრივ, დაცვის მხარის განმარტებით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს. ადვოკატი გვანცა შელია ითხოვდა, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გატარებულიყო. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 86 წლის ქალს საკუთარმა შვილმა სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები შეშის ნაჭრით აქვს მიყენებული.
ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზუგდიდში მესხიას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულის დედა განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. შეგახსენებთ, გასული 2022 წლის ნოემბერში, ზუგდიდში, მესხიას ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ მოზარდს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
თევზაობის დროს დენის დარტყმის შედეგად, ზუგდიდში 45 წლამდე კაცი დაიღუპა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში 45 წლამდე ასაკის კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, იგი ღელეში ე.წ. პილიგანით თევზაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14-მა წევრმა პარტია დატოვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 14-მა წევრმა პარტია დატოვა. შესაბამისი განცხადება გააკეთა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ. ბრიფინგს ესწრებოდა საკრებულოს ყველა ის წევრი, ვინც პარტია დატოვა. ასევე, პარტია დატოვეს, საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებმა. მაია კალანდიამ აღნიშნა, რომ პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული მმართველობა, რამაც განაპირობა მათი გადაწყვეტილება. პარტია დატოვეს – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კომისიების თავმჯდომარეებმა და ფრაქციის თავმჯდომარემ. ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობიდან“ სულ 22 წევრი იყო.
აქცია - “კი ევროპას, არა რუსულ კანონს” რეგიონებშიც გაიმართა
“კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, - ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, დღეს ახალგაზრდების მომავალი წყდება და არ დაუშვებენ ევროპული განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღების შესაძლებლობის დაკარგვას. აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპრეოქტების გაწვევა მოხდეს. “ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, საქართველოს მტერია. არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, საქართველოს ევროპულ მომავალს გაუმარჯოს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ჩვენი წინაპრები ევროპისთვის მუდამ იბრძოდნენ. ეს აქცია არ იქნება ბოლო, გაგრძელდება აუცილებლად,” - აღნიშნავენ შეკრებილი მოქალაქეები. „კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, - ამ ლოზუნგით ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი „სკეიტ პარკში“ იყვნენ შეკრებილები. მათი გაცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არა გამჭვირვალობას, არამედ რუსეთის ინტერებს ემსახურება და ხელს უშლის ევროინტეგრაციას . მანამდე აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს. ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებოდნენ. აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან განცხადებები გააკეთეს, მოგვიანებით კი „ ქართული ოცნების“ ოფისთანაც გადაინაცვლეს. ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. „არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით აქცია ოზურგეთშიც გაიმართა. ჭადრების ბაღში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ასევე, პოლიტიკოსები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, დაუშვებელია კანონპროექტის მიღება, რადგან ის ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და სამოქალაქო სექტორის მარგინალიზებას შეუწყობს ხელს. ,,ამ კანონის მიღებით ხელისუფლება ცდილობს ჩვენს ქვეყანას დააკარგვინოს ევროინტეგრაცია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქე, ახალგაზრდა დაკარგავს განათლების უფლებას, კარგ ჯანდაცვას, კარგ სასამართლოს და ქვეყანას ისევ რუსეთის ორბიტაზე დააბრუნებს. ჩვენ ვაპროტესტებთ ამ კანონის მიღებას - კი ევროპას, არა რუსულ კანონს", - განაცხადა ოთო მღებრიშვილმა. აქცია სამოქალაქო მოძრაობა ‘’თავისუფლებისთვის’’ ორგანიზებით გაიმართა.