თეგი: მინისტრის საათი
მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრი ეწვევა
მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრი ეწვევა. ლაშა ხუციშვილი კანონმდებლებს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს. მინისტრის მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციაც დაესწრება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავარი კითხვები მათ ინფლაციასა და სესხებთან დაკავშირებით ექნებათ.
ფინანსთა მინისტრი: საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი აჩვენა
ფინანსთა მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს. მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკამ 2021 წელს აჩვენა აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი. „ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც ხელს შეუწყობს აღდგენის ტემპების გაგრძელებას”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო რისკებზე, რომლებმაც შეიძლება, გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე და დაასახელა პანდემია, ასევე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გარემო. მისი თქმით, გასული წლის შუა პერიოდიდან, საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის აღდგენა და 2022 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებლის 70 პროცენტამდე აღდგა. ტურიზმის აღდგენასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გაგრძელდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაც, 2022 წლის ბოლოსთვის - 7.7 პროცენტამდე. „პოზიტიური სცენარი შესაძლებელია იყოს ტურიზმის უფრო სწრაფი აღდგენა და ტურიზმიდან ეკონომიკაში გენერირებული შემოსავლების 2019 წლის დონესთან მიახლოება, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და გააუმჯობესებს სხვა ეკონომიკურ პარამეტრებსაც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისივე თქმით, რეფორმების მუდმივ დინამიკას, შემოსავლების სამსახურის მუშაობის ეფექტურობას, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკისათვის. მისი განცხადებით, საგადასახადო მიმართულებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონშესაბამისობის რისკის მართვის ახალი პროგრამების დანერგვა, დაინტერესებულ პირთა საჭიროებაზე მორგებული სერვისების განვითარება, მონაცემთა დამუშავებისა და აუდიტის ელექტრონული სისტემის დანერგვა. რაც შეეხება საბაჟო მიმართულებას - მუშავდება საქონლის დაჩქარებული გაფორმების პროექტი, ასევე, სასაქონლო კოდით საქონლის ძიებისა და ნებართვების გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა, სტრატეგიული დანიშნულების საქონლისთვის ელექტრონული ლიცენზირების სისტემის - STRATLINK დანერგვა, ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) შექმნა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ყველა ეს რეფორმა ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო ადმინისტრირებასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას. „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახური შეუფერხებლად განაგრძობდა ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. „მხოლოდ 2021 წელს, სახელმწიფოს სასარგებლოდ 109 340 627 ლარი იყო მობილიზებული, რაც სამსახურის ფუნქციონირების მთელი პერიოდის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. გარდა ამისა, ამოღებულია 838 902 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ამოღებული და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 1 858 379 ლარის ღირებულების 14 546 გრ ოქროსა და ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია, მოტყუებით დაუფლებული 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ჯამში, 73 649 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმეულია 11 ავტოსატრანსპორტო საშუალება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
დავით სერგეენკო ფინანსთა მინისტრს: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხმა მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება
პარლამენტის ვიცე - სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ “მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენილმა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამამ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გაუჩინა. დავით სერგეენკო განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების პროგრამამ კითხვები გააჩინა. სერგეენკო აცხადებს, რომ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალები მოსახლეობისთვის გასაგები უნდა იყოს. „მოგიწოდებთ თქვენ გუნდს და სხვა უწყებებსაც, ძალიან ხშირად, გასაგებად, აღქმადად გააკეთოთ განმარტებები. მჯერა, რომ გუნდი ინტენსიურად მუშაობს ამ პროგრამის იმპლემენტაციაზე. პირდაპირ ეთერში უნდა მუშაობდეს გუნდი, რომ ყველა ნაბიჯს უხსნიდეს საზოგადოებას. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც თქვენ შეეხეთ, ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქტიური დასაქმება. ჩემი შეხედულებით, ამან ყველაზე მეტი კითხვა და კომენტარი გამოიწვია ამ ანგარიშის დროს და არ მიკვირს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ეს პოსტულატების სახით ჩამოყალიბდა და საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. არ დაგიმალავთ და მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ეს თემა ბევრად უფრო მასშტაბური და ტევადია. სოციალური დახმარების არსებულ სისტემას ორი მთავრი პრობლემა აქვს. ერთი, რომ ის ცოტაა და მეორე, ის არის აქტიური დასაქმების დემოტივატორი. პირველი ნაბიჯი 2019 წელს გადაიდგა, როდესაც იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაიწყებდა მუშაობას აღარ მოეხსნებოდა სოციალური დახმარება, თუმცა ეს გრძელდებოდა 1+1. 1 წელი მონეტარულიც და არამონეტარული უნარჩუნდებოდა, მეორე წელს მონეტარული ეხსნებოდა და არამონეტარული უნარჩუნდებოდა. დღემდე ამ შესაძლებლობით 3400-მა ადამიანმა ისარგებლა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ცოტაა. რა ძირითად საკითხებსაც გაუსვით ხაზი, ამბობს ასეთ რამეს, რომ როგორც აქამდე იყო, 1+1 არ იქნება, არამედ 4 წლის განმავლობაში იქნება შენარჩუნება. თუ სოციალურად დაუცველი დაიწყებს მუშაობას და გაუჩნდება შემოსავალი 4 წელი არ მოეხსნება სოციალური დახმარება. უფრო მეტიც, მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ დაგეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში, ჩვენ გადაგიხდით ამაში ფულს. გაჩნდა კითხვა, ეს რა დახმარებაა, სჯობდა სოციალური დახმარება გაგვეზარდა“, - აღნიშნავს სერგეენკო.
ზურაბ აზარაშვილი: დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა
„ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა, 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის, განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ აზარაშვილი: 2 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები
ზურაბ აზარაშვილი: 2 თვეში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები
მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად გადაიხადა, დაახლოებით 15 მილიონი ლარი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. „მიმდინარე წლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ჩვენ დავაანონსეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, ფარმაციის ბაზრის გამჭვირვალობის მიმართულებით, რაც გულისხმობდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებას და მათი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქული ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომელზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. რეფორმის შედეგად ჩვენ უკვე ვხედავთ ხელშესახებ ცვლილებებს, რაც გამოიხატა ფასების 80%-მდე შემცირებაში. ეს კი ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია", - განაცხადა აზარაშვილმა.
თავდაცვის მინისტრი: მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კანონმდებლებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ ჯუანშერ ბურჭულაძემ აქცენტი ავიაციის გაძლიერებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის. „ამ მიზნით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოს შედეგად, უკვე გაიმართა 6 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე 4 ერთეული მი-24, 3 ერთეული იროკეზი UH-1 და ან-2 ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, უწყებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საცეცხლე, საარტილერიო საშუალებების განვითარებას და შესაბამისად, უკვე დაწყებულია მუშაობა არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების რემონტისა და განახლების კუთხით. მინისტრმა აქვე, განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საარტილერიო დანადგარების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემაში ჩართვის მიმართულებით: „აღნიშნული ცეცხლის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა გავზარდოთ დაზიანების სიზუსტე და შემცირდეს ცეცხლის წარმოების დრო“. მან ასევე, აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ნაღმმტყორცნების, მათ შორის მობილური/თვითმავალი ნაღმმტყორცნების წარმოებასა და შეძენაზე.
აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველომ გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს - თავდაცვის მინისტრი
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა NATO-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა NATO-სთან თავსებადობის ზრდა და პარტნიორებთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაა. ჯუანშერ ბურჭულაძე: წლის ბოლომდე ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს გამოვუშვებთ თავდაცვის მინისტრი: მოდერნიზებული ქართული ავიაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა საქართველომ NATO-ს მადრიდის სამიტზე გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღოს, რაც მოიცავს ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და NATO-სთან თავსებადობის ამაღლებას. მინისტრის განცხადებით, NATO-სთან ურთიერთობები ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის შედეგებს დადებითად აფასებენ ჩვენი პარტნიორები. „ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის. წარმატებით მიმდინარეობს განახლებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) განხორციელების პროცესი, რომელიც NATO-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმია და მისი წარმატებით განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტია“, - აღნიშნა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის (DCB Trust Fund) ფარგლებში საქართველოს მხარდასაჭერად 7 მილიონ ევროს ღირებულების ფინანსური რესურსია მობილიზებული. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ გაგრძელდება საქმიანობა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობისა და როლის გაზრდის მიმართულებით, ასევე, შენარჩუნდება მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ინტენსივობა, რათა NATO-ს დღის წესრიგში აქტუალურად იდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, NATO-ში გაწევრიანებისა და NATO-ს ღია პოლიტიკის მხარდაჭერის საკითხი. მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრის რანგში NATO-ს თავდაცვის მინისტერიალს ოთხჯერ ესწრებოდა და შესაბამისად, უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას - არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას.
ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებული გამოწვევების და ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება. ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტებიდან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - რომ სატრანზიტო პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაა. „2021–22 წლებში მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პროექტები განხორციელდა ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში. მათ შორის, ბათუმში დასრულდა მულტიმოდალური ,,კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობა, სადაც მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებია განხორციელებული, და რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძის ფუნქციის გასაძლიერებლად. ასევე ახალი თანამედროვე საპორტო ინფრასტურქტურა გაჩნდა ფოთში, რომელიც ასევე აშშ–ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) დაფინანსებით ამოქმედდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შავ ზღვაზე დაკავშირებადობის ზრდა დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტი დღეს ყველაზე მეტად მიმზიდველია და უფრო კონკურენტუნარიანი. „საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი დღეს აკავშირებს არამხოლოდ ევროპასა და აზიას, არამედ რეგიონს დამატებით მიმზიდველობას სძენს საინვესტიციო კუთხით. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი საბორნე გადაზიდვების და რეგულარული საბორნე მიმოსვლის მხრივ საქართველოს, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის. ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანი შესწავლა გავაკეთეთ ევროკავშირთან ერთად და მკაფიო გეგმის თანახმად, ჩვენ დამატებითი რეგულარული საბორნე კავშირები გვექნება ამ მიმართულებებში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ასევე რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომლის ფარგლებში დღეისათვის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86%.
ილია დარჩიაშვილი: ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე, ძალისხმევას არ ვიშურებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აქტუალიზაციისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა. მან ოკუპაციასა და რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის მძიმე შედეგებზე ისაუბრა. „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის საქართველოსთვის. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ დოკუმენტებზე: გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუცია - „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“; გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით; ევროპარლამენტის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალში უსაფრთხოების შესახებ; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში; ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები, მათ შორის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით. დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური მთელი წლის მანძილზე აქტიურად იყენებდა ყველა არსებულ დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ინსტრუმენტის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის, რათა გაძლიერდეს რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი მისი საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიზნით. გარდა ამისა, მისივე თქმით, მუდმივ რეჟიმში ხდებოდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით. „სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა, რაც აისახება პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო განცხადებებში და არაერთ დოკუმენტში. ამ პროცესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისათვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომლის ფარგლებშიც გაიცა დაკავების ორდერები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის 3 წარმომადგენლის მიმართ. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას. მინისტრის განცხადებით რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო 56-ე რაუნდის გამართვა თანათავმჯდომარეებსა და მათ ორგანიზაციებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო) ასევე აშშ-სთან ქართული მხარის მჭიდრო თანამშრომლობით. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან აქტიურ თანამშრომლობაზე, რასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და ვითარების ესკალაციის პრევენციის პროცესში. იშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. შესაბამისად, სასამართლომ იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებაში დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიების განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ურთიერთობების გაღრმავებას
მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აზიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. მისი თქმით, „საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი კვლავ უკავია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. რეგიონი საქართველოსთვის განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ამასთან, საქართველოს, ტრადიციულად ინტენსიური ურთიერთობები აქვს რეგიონის წამყვანი ეკონომიკების მქონე ქვეყნებთან: ჩინეთი, კორეის რესპუბლიკა, ინდოეთი და იაპონია, ასევე, ცენტრალური აზიის ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ ქვეყნებთან: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი. განსაკუთრებული როლი ენიჭება ურთიერთობებს წყნარი ოკეანის რეგიონის ორ წამყვან ქვეყანასთან: ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან, მათ შორის აღნიშნულ რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების ხელშეწყობის ფარგლებში,“ - განაცხადა მინისტრმა და წლის განმავლლობაში აღნიშნული რეგიონების საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან გააქტიურებულ ურთიერთობებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ვიზიტებზე იორდანიაში, კატარში, ისრაელში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. მათ შორის მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იორდანიაში პრემიერ-მინისტრის ისტორიულ ვიზიტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გადმოეცა მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანეს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი. „მინისტრის საათის“ ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა „საქართველოს წარმატებულ სამეზობლო და რეგიონულ პოლიტიკაზე“ ისაუბრა. პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე. „საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და დინამიკური განვითარების ხელშეწყობა, რა მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ. ასევე, როგორც პრემიერის მიერ გენასამბლეაზე გამოსვლის დროს გაჟღერდა, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს ახალი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე“ და ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე. „ინიციატივას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა აზერბაიჯანული და სომხური მხრიდან, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა თბილისში, რომელსაც მე ვუმასპინძლე. სამეზობლო ინიციატივის იდეა კვლავ გააჟღერა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს გენანსამბლეაზე გამოსვლის დროს. ვთვლით, რომ ეს ინიციატივა და მისი იმპლემენტაცია მნიშვნელოვანია რეგიონისთვის და მის წარმატებაში პოზიტიური როლი უნდა ითამაშოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობამ. მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილება ამ იდეის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 147%-ით გაიზარდა - შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 147%-ით გაიზარდა. "რეფორმის განხორციელების შედეგად, ფერმერებისთვის და აგრობიზნესში ჩართული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება მეტი მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება დივერსიფიცირებაზე, ინკლუზიურობასა და ეფექტიანობაზე. სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელიწადში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა. 2022 წელს, საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 34 %-ით, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 10.5 %-ით აღემატება", - განაცხადა შამუგიამ.