თეგი: საწვავი
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების დინამიკას დააკვირდება და მთავრობას ანგარიშს წარუდგენს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის განხილვის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშაოს სრულყოფილი რეკომენდაციები, ბაზარზე, ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად. „ამასთან, საბჭოს წევრებმა განიხილეს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რომლის შედეგებიც სახეზეა და მიმდინარეობს მოქალაქეებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების გაიაფების პროცესი. აღინიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქეთის ბაზრის გახსნამ, საიდანაც იმპორტირებული 250-ზე მეტი დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის შეძენა 70-80%-ით უფრო ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. ამასთანავე, დაინერგა ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ასევე უწყობს ხელს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შუალედურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საცალო ბაზრის 60%-მდე უჭირავთ, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ. „საწვავის გაიაფება მსოფლიო ბაზარზე მარტიდან დაიწყო. ამავე პერიოდიდან საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსიც გამყარდა. უკვე მარტის ბოლოდან ქვეყანაში გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან, ხოლო აპრილიდან ევროპიდან განხორციელდა, რაც ოპტიმალურ დროში ტაბლოებზე არ აისახა. საანგარიშო პერიოდში, მცირე და მსხვილ ქსელებში, ფასთა სხვაობა, იგივე მარკის და ხშირად იგივე ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე, 30-60 თეთრი დაფიქსირდა. მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ რიგ მსხვილ კომპანიებს მაღალი მარჟა საშუალებას აძლევდა საცალო ქსელში უფრო დაბალი ფასი ჰქონოდათ, ჩართულიყვნენ აქტიურ კონკურენციაში და საბაზრო წილი გაეზარდათ,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში მისივე განმარტებით, მაგალითად, რუმინეთში და ბულგარეთში საიდანაც ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი 2022 წლის პერიოდში საცალო ფასები გაიზარდა 20-26 ცენტით. დაახლოებით, იგივე ზრდა ფიქსირდება რაც საქართველოში, თუმცა აპრილში 5-8 ცენტით შემცირდა, მაშინ როცა საქართველოში მაისიდან დაფიქსირდა 4-10 თეთრიანი კლება. საწვავის ბაზრის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე მსხვილი იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში 69 პროცენტია, ხოლო საცალო ბაზარზე ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 59%-ს აღწევს, სხვა მცირე ეკონომიკური აგენტების წილი კი 41%-ის ფარგლებშია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკურ საბჭოს საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ასევე წაიკითხეთ ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი: ამ ეტაპზე, საწვავზე ფასის შემცირების რესურსი არ არსებობს
„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ფასების შემცირების რესურსი არ არსებობს. ეკონომიკის მინისტრმა იაფი საწვავის შემოტანის საკითხი, ქსელურ კომპანიებთან განიხილა ირაკლი ლექვინაძე: მსხვილ კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ მისი თქმით, საწვავზე საერთაშორისო ფასები რეკორდულად მაღალია და იმპორტიორებს, ამ სიტუაციაში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არ აქვთ. „სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა, ფასების კლებაც გამოდგა ძალიან ხანმოკლე და დღევანდელი მდგომარეობით, რეკორდულად მაღალი პლაცია. ნავთობიც სადღაც 113-114 დოლარზეა. ამიტომ მძიმე ვითარებაა. ასეთ სიტუაციაში რამე განსაკუთრებულის გაკეთების შესაძლებლობა არავის არ გვაქვს, არც ხელისუფლებას და არც ოპერატორებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვმუშაობთ და ყველანაირ საშუალებას ვეძებთ, რაღაც ახალი დივერსიფიკაციის წყაროები ვიპოვოთ. თუ მოხდა, რომ გაიაფებული წყაროდან შემოვიტანეთ საწვავი, ის მყისიერად აისახება ადგილობრივ ფასებზეც. ეს ცალსახად ასე იქნება, რამეთუ ამ დროს უფრო მეტია რეალიზაცია, უკმაყოფილო მომხმარებელიც ნაკლებია და საბრუნავი სახსრებზე მოთხოვნაც მცირდება მნიშვნელოვნად. ორი თვეა, ამ თემაზე ვმუშაობთ, რაიმე ხელჩასაჭიდი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ბოლო ათი დღეა, გამოიკვეთა რაღაც წყაროები. ახლა გვინდა, ამას ჩავეჭიდოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არხი, თუ ამისი გამოყენება მოხერხდება“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ. ეკონომიკის მინისტრი საწვავის ფასის შემცირებას ელის გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში, გაეცანით Europetime-ს სტატიას.
აზერბაიჯანში, იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის წარმოება შემცირდა. მიზეზები
აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების წარმოება აზერბაიჯანში ფულად განზომილებაში 18,4%-ით შემცირდა და $803,2 მლნ შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, მითითებულ პერიოდში თვითმფრინავის საწვავის წარმოებამ შეადგინა 199,1 ათასი ტონა (ზრდა 5,1%), გათბობის ზეთი - 61,4 ათასი ტონა (ზრდა 2,5-ჯერ), ნავთობის ბიტუმი - 129,4 ათასი ტ (ზრდა. 40,3%-ით. საავტომობილო ბენზინის წარმოებამ შეადგინა 386,8 ათასი ტონა (კლება 19,2%), პირდაპირი ბენზინის (ნაფტა) - 111,9 ათასი ტონა (კლება 33,4%), საპოხი ზეთები - 17,1 ათასი ტონა (კლება 25,3%), ნავთობის კოქსი - 61 ათასი ტონა (კლება 44,8%). აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების მოპოვების შემცირება დაკავშირებულია გეგმურ სარემონტო სამუშაოებთან, რომელიც 4 აპრილიდან 27 მაისამდე ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ( SOCAR -ის ნაწილი) განხორციელდა. 2022 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (BOR) საწყობებში მზა პროდუქციის მარაგების სახით არის: საავტომობილო ბენზინი - 3,7 ათასი ტონა, ნაფტა - 2,3 ათასი ტონა, თვითმფრინავის საწვავი - 9,1 ათასი ტონა, დიზელის საწვავი - 7 ათასი ტონა, მაზუთი - 9,6 ათასი ტონა, საპოხი ზეთები - 4,5 ათასი ტონა, ნავთობის ბიტუმი - 7,6 ათასი ტონა, ნავთობის კოქსი - 7,4 ათასი ტონა. აზერბაიჯანში ამჟამად მხოლოდ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს.
ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა
ყაზახეთმა, ბენზინის, დიზელის საწვავისა და სხვა სახის ნავთობპროდუქტების საავტომობილო გზით ექსპორტზე აკრძალვა, ექვსი თვით გაახანგრძლივა. კერძოდ, აკრძალვა არ ვრცელდება ყაზახეთიდან საპოხი ზეთებისა და საავტომობილო მანქანების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ გაზის ავზებში, აგრეთვე ცალკეულ კონტეინერებში არაუმეტეს 20 ლიტრი მოცულობის საწვავის ექსპორტზე. აკრძალვა ძალაში 2022 წლის 12 ივლისს შედის. ყაზახეთიდან დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების საავტომობილო გზით ექსპორტის აკრძალვას ვადა 2022 წლის 21 მაისს ამოიწურა. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ მორატორიუმი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება. ცნობისათვის, 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ყაზახეთიდან საწვავის იმპორტმა 0,6 ათასი ტონა შეადგინდა, რაც მთელი იმპორტის 0,2%-ია. გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში - ნახეთ Europetime-ს სტატია ამ ბმულზე.
ლევან დავითაშვილი: მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით
მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების წარმომადგენლებთან ლევან დავითაშვილისა და ლაშა ხუციშვილის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს. ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად განიხილება საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები, რამაც შესაძლებელია უზრუნველყოს ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება. მისივე განცხადებით, მთავრობა, კერძო სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს და განიხილავს მაქსიმალურ შესაძლებლობებს ფასების შემცირებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, საწვავის ბაზარზე იყოს უფრო მაღალი კონკურენცია და კომპანიებთან გაგრძელდება მსჯელობა იმ საკითხებზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა და რამდენად შეუძლიათ მსხვილ კომპანიებს ბევრად უფრო მისაღები ფასით შესთავაზონ საწვავი მომხმარებლებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის გასამართ სადგურებზე საწვავის ფასები საგრძნობლად შემცირდება.
ირაკლი ღარიბაშვილი: იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ საწვავზე ფასს 20-30 თეთრით შეამცირებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმპორტიორები პირობას დებენ, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასებს დამატებით, ჯამში 20-30 თეთრით შეამცირებენ. „ივლისსა და აგვისტოში იმპორტიორებმა 10-10 თეთრით დააკლეს ფასები და ისინი შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ აგვისტოს ბოლომდე ფასების დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით“, - განაცხადა პრემიერმა. „ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საქართველოში საწვავის ფასებს, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან - დღეს დილითაც მქონდა მათთან საუბარი.მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ასევე პლატსის ფასები არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ ჯერაც არ პოვა სათანადო ასახვა საწვავის ფასებზე და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება. ამიტომაც საჭიროა, რომ საწვავის იმპორტიორებთან გავააქტიუროთ მუშაობა.რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, მაგალითად: რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არდარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი ამ წესებს და ხომ არ არის რაიმე სახის გადაცდომა ან კეთილსინდისიერების დარღვევა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის დეფიციტია
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საწვავის შეტანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფერხებაა. რადიო თავისუფლების ცნობით, ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა «АЗиД“-მა გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტების რეალიზაციაზე შეზღუდვები დააწესა. „ივნისში დადებული კონტრაქტებით გათვალისწინებული მიწოდების მნიშვნელოვანი წილი აფხაზეთის რესპუბლიკაში, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შემოსულა. ბენზინგასამართი სადგურების ქსელში საჭირო რაოდენობის საწვავი ადრე გაკეთებული რეზერვების ხარჯზე ნარჩუნდებოდა. ვითარება „АЗиД“-ის ქსელში გამწვავდა დატვირთვის ზრდით, რაც სხვა სადგურებში შექმნილი დეფიციტის გამო წარმოქმნილმა ზეწოლამ გამოიწვია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ტელეგრამის არხი D News Abkhazia, „Роснефти“-ს ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგების შესახებ იუწყება. დე ფაქტო რესპუბლიკის „მთავრობა“ ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია.
2022 წლის 7 თვეში რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია - კონკურენციის სააგენტო
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ საავტომობილო საწვავის ბაზრის 7 თვის მონიტორინგის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში საართველოში საწვავის იმპორტის კუთხით რუსეთი პირველია. 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ქვეყანაში 40 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 810 320 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა შეადგინა 1547 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. 23 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 60.88%-ს. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 40.8%, რომელსაც მოყვება რუმინეთი - 26.5% და ბულგარეთი - 13.4%. წყარო: კონკურენციის სააგენტო შესასწავლ პერიოდში, საერთო იმპორტის 43.9% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 56.1% - ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი - საერთო იმპორტის 34.7%;
საქართველოში 9 თვეში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთიდან შემოვიდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 866,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12,2 ათასი ტონით ანუ 1,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (854,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2022 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 442,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 423,8 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 270,6 ათასი ტონა (61,1%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 161,9 ათასი ტონა (36,6%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 10,4 ათასი ტონა (2,3%); მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორცოელდა - 429,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 49,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 195,4 ათასი ტონა - 22,5%; ბულგარეთი - 98,2 ათასი ტონა - 11,3%; თურქმენეთი - 71,4 ათასი ტონა - 8,2%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 6,4%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 0,9%, საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა - 0,5%, ყაზახეთი - 2,0 ათასი ტონა - 0,2% და სხვ.
ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება - დავითაშვილი
ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „დიალოგი როგორც საწვავის იმპორტიორებთან, ისე სურსათის იმპორტიორებთანაც გვქონდა. საწვავთან დაკავშირებით ბაზარზე კლების ტენდენცია უკვე დავინახეთ. „რეგულარის“ ფასი დღეს ზოგიერთ ბრენდირებულ ქსელში უკვე 2 ლარი და 39 თეთრია. ასევე, როგორც იცით, კომპანიებს მარკეტინგული სტრატეგიები გააჩნიათ, რაც დაახლოებით 15 თეთრამდე დამატებით შეღავათს გულისხმობს. პროპორციულად „პრემიუმისა“ და სხვა კატეგორიის საწვავის ფასიც იკლებს. ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე, საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება. თვის ბოლომდე, საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფების ტენდენცია იარსებებს. საწვავის იმპორტიორებთან ძალიან პროდუქტიული დიალოგი გვქონდა. მარჟები და ტენდენციები გავაანალიზეთ და ვფიქრობთ, რომ ყველაზე მოთხოვნად საწვავის კატეგორიებზე, როგორებიცაა „ევრო-რეგულარი“ და „რეგულარი“, საწვავის მარჟები ლოგიკური იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა
რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა. მანამდე ცნობილი იყო რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ.“ 21 სექტემბერს დამტკიცებული დოკუმენტის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი აკრძალვა არ ეხებოდა „აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ექსპორტირებულ საქონელს“. ბრიტანული დაზვერვა: რუსული „საწვავის კრიზისი" სხვა ქვეყნებზეც აისახება თუმცა, 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და „კ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში საწვავის ბაზარზე არსებულ „რთულ ვითარებაზე“ არაერთხელ განუცხადებიათ. დეფიციტის მიზეზებს შორის იყო „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი მოხმარება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმური გათიშვა და მოსავლის სეზონი.“ წყარო
საწვავის ხარისხის ნორმების დარღვევისთვის 2 მლნ ლარზე მეტის ჯარიმები გამოიწერა – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი
საწვავის ხარისხის ნორმების დარღვევისთვის 2 მლნ ლარზე მეტის ჯარიმები გამოიწერა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს. ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში, ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა. დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.