თეგი: CREDIT SUISSE

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს კვლავ უჩივის, ამის შესახებ განცხადებას თავად ბიზნესმენის პრესსპიკერი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს მიერ დაფუძნებულ ტრასტს, სადაც ბიზნესმენის ქონება ინახებოდა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება დაავალა, ხოლო ბანკმა ეს ოპერაციები დროულად არ შეასრულა, რითაც ივანიშვილმა ფინანსურად მნიშვნელოვნად იზარალა. „ბატონი ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ განაგრძობს ბანკი მისი აქტივების მართვას. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა თანხის რწმუნებულის (ბანკის) ქმედებები სრულიად ეწინააღმდეგება ტრასტის მიზანს და პრინციპებს. რეალობა ის არის, რომ ამ ქმედებებს არ აქვთ დასაბუთება და ქმნიან სახიფათო პრეცედენტს. ბენეფიციარებმა ამ პოზიციის შესახებ ბანკს მკაფიოდ აუხსნეს მათ მიერ გაგზავნილ 14 და 29 აპრილის წერილებში, რომელთათვისაც ტრასტის რწმუნებულს არც კი უპასუხია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბანკი თავის ქმედებებსა და უმოქმედობას საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირებს. კლიენტს კი აქვს მიმდინარე მოვლენების თავისი ახსნა და პოზიცია, რომელსაც მომავალში შეგატყობინებთ“, - ნათქვამია ივანიშვილის პრესსპიკერის განცხადებაში. 2022 წლის 29 მარტს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი და Credit Suisse-ს მის სასარგებლოდ 500 მილიონზე დიდი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის

„მოვისმინე ის ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებზე და სხვა აქტივობებზე, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ჟურნალისტებს განუცხადა. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის ადვოკატი: ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში პრობლემები შეექმნა ღარიბაშვილის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის. „როგორც მოვისმინეთ, შეიძლება პრესკონფერენციებიც გაიმართოს. თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა მიაწვდის საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას, თუ ეს საჭირო იქნება. ერთი რამ მინდა გითხრათ, ყველა ის ლეგიტიმური კითხვა, რაც დაისვა და გაჟღერდა ადვოკატების მხრიდან, რომელიც ეხებოდა ბანკის საქმიანობას და ა.შ, მე ამ დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ, ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით. ვიმეორებ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შვეიცარიის სასამართლომ CREDIT SUISSE ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნო

Credit Suisse (CSGN.S) შვეიცარიის ფედერალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნო.  ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. საუბარია 2004-2008 წლებში ბულგარული კრიმინალური დაჯგუფების მიერ ნარკოტიკების რეალიზაციით გამომუშავებული ფულის გათეთრების და ბანკში შენახვის ხელშეწყობაზე.  სასამართლომ ორშაბათს განაცხადა, რომ აღმოაჩინა ხარვეზები Credit Suisse-ში როგორც კრიმინალურ ორგანიზაციასთან კლიენტებთან ურთიერთობის მართვასთან დაკავშირებით, ასევე, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებით. „ამ ხარვეზებმა შესაძლებელი გახადა კრიმინალური ორგანიზაციის აქტივების გატანა“, - აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში. Credit Suisse-ს 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (2,1 მილიონი დოლარი) ჯარიმა ემუქრება. გარდა ამისა, Credit Suisse-ის ერთ-ერთ მენეჯერს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ფულის გათეთრების საქმეში, 20 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის გადახდა დაეკისრა.  

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, რომელშიც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, ივანიშვილი სულ რომც სანქცირებული იყოს, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ივანიშვილისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ წარმოადგენს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წამყვან შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან გლობალურ დავაში. ამავე დროს, გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ბ-ნ ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხსენებული აქტივები არ არის სადავო და არ წარმოადგენს განხილვის საგანს არცერთ იურისდიქციაში. სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება წინამდებარე განცხადებაც. 2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ მოვლენათა ის ქრონოლოგია, რომელიც ზემოაღნიშნულ დასკვნას დაედო საფუძვლად: ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფიციარის ინტერესების უგულებელყოფა ჯერ კიდევ 2022 წლის მარტიდან დაიწყო, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან გადარიცხვის ინსტრუქციის შესრულებას 1 თვე დასჭირდა. სწორედ ამგვარი გაჭიანურების პერიოდში მიუთითა პირველად ბანკმა, რომ მისი უმოქმედობა და კლიენტის დავალების შეუსრულებლობა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდებოდა. აშკარა იყო, რომ საუბარი იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე, თუმცა სრულიად გაუგებარი იყო ბენეფიციარის რაიმე ფორმით შემხებლობა ხსენებულ ე.წ. „გეოპოლიტიკურ მოვლენებთან“. მიუხედავად იმისა, რომ ბანკს განემარტა, რომ ბენეფიციარი არ წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს, არ გააჩნდა რუსეთში ბიზნეს ინტერესები, არ იყო სანქცირებული პირი და არც სხვა რაიმე ნიშნით შეიძლება მის მიერ საკუთარი თანხის განკარგვა შეფერხებულიყო უკრაინაში ომის გამო, დავალების შესრულებას მაინც 1 თვე დასჭირდა. თუმცა, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამით პრობლემა კი არ ამოიწურა, არამედ კლიენტზე ზეწოლის ტალღა მხოლოდ ახლა იწყებოდა: უკვე 2022 წლის 11 აპრილის მოთხოვნის საპასუხოდ, რომ ტრასტს მოეხდინა გარკვეული თანხების გადარიცხვა, ტრასტმა ოთხჯერ: 13 აპრილს, 20 აპრილს, 5 მაისსა და 20 მაისს იდენტური კითხვები დაუსვა ბენეფიციარს მიუხედავად იმისა, რომ მან სრული, ამომწურავი ინფორმაცია პირველივე კითხვაზე საპასუხოდ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციარი მიმართავდა ტრასტს, თუ რა იყო კლიენტისგან დამატებით საჭირო, რა ინფორმაცია, რა დოკუმენტი, რა ტიპის ხელმოწერა აკლდა დავალების მიმღებს და აფიქსირებდა, რომ იგი მზად იყო, მაქსიმალურად შეეწყო ხელი ტრასტისთვის თავისი ვალდებულების შესრულებაში, ტრასტი ჯიუტად სვამდა კითხვებს უკვე პასუხ-გაცემულ საკითხებზე. საბოლოოდ, 5 მაისს ტრასტის წარმომადგენელი დაპირდა კლიენტს, რომ იგი მოამზადებდა საჭირო დოკუმენტების პროექტებს და გადმოუგზავნიდა ბენეფიციარს ხელმოწერისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, თავისივე ნათქვამი თვითონ დაავიწყდათ და 2 კვირის განმავლობაში დოკუმენტების მოუწოდებლობის შემდეგ, 19 მაისს ისევ ძველი კითხვები გაახსენდათ და დოკუმენტების ნაცვლად ისევ კითხვები გამოგზავნეს. ტრასტის მიერ ბენეფიციარის მიმართ არსებული ვალდებულება დღესაც, 3 თვის შემდეგ, კვლავ უგულებელყოფილია, თუმცა კლიენტის უფლებათა დარღვევისთვის ახალი, აშკარა პოლიტიკური შეფერილობის საბაბი მოინახა. სწორედ ამ უცნაური, განმაცვიფრებელი გზავნილის შესახებ სურს კლიენტს ქართული საზოგადოების ინფორმირება, რადგან, რიგი გარემოებები აძლევს ბატონ ივანიშვილს საფუძველს, დაასკვნას, რომ ბანკის მოქმედებები დაკავშირებულია ქართულ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებთან. კერძოდ, 2022 წლის 5 ივლისს კლიენტმა მიიღო წერილი ბანკისგან, სადაც საუბარია ევროპული პარლამენტის იმ რეზოლუციაზე, რომლითაც მან მოუწოდა ევროპულ საბჭოს, განეხილა ბატონი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება. ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე. საუბარია სასამართლოს იმ თანხმობაზე, რომლის მისაღებად პროცესის ინიცირება უკეთეს შემთხვევაში ამა წლის სექტემბერში თუ მოხდება, ხოლო მისი შედეგის დადგომა, ბანკის მეცადინეობით, ტრადიციულად, უსასრულოდ გაჭიანურდება. ბანკის ეს გზავნილი არის როგორც სამართლებრივ, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების პრაქტიკაში უპრეცედენტო, რომლის მსგავსი მოვლენა არათუ შვეიცარიის დონის, არამედ განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაც კი უცხო და შეუფერებელია. აშკარაა, რომ ბანკის მენეჯმენტი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფება და არად დაგიდევთ არათუ უშუალოდ ბანკის იმიჯს, არამედ ლახავს შვეიცარიული სახელმწიფოს ავტორიტეტსაც. ბანკი თავის გზავნილში ეყრდნობა მარტოოდენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც, როგორც საზოგადოებისთვისაც კარგად არის ცნობილი, სარეკომენდაციო ხასიათისაა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. ბანკის მითითება აბსტრაქტულ „რეგულატორულ ვალდებულებებზე“ უადგილოა მითუმეტეს, რომ ბანკმაც და საზოგადოებამაც კარგად უწყის, რომ ევროკავშირის არცერთმა აღმასრულებელმა ორგანომ: არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა სანქცირების შესახებ რეკომენდაცია. ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის რეზოლუციის გაგრძელებას და რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოხდა არის სწორედ აღნიშნულის დასტური, რადგან ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს პარლამენტის რეზოლუცია რომ გაეზიარებინათ სანქცირების ნაწილში, მაშინ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში მოხდებოდა მისი ასახვა, რაც, როგორც ცნობილია, არ მომხდარა. ამით, პრაქტიკულად, საკითხი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, ბანკი უბრუნდება ერთი თვის წინანდელ რეზოლუციას და მასზე, როგორც მოქმედ დოკუმენტზე ისე საუბრობს. საინტერესოა, თუ რამდენ ხანს აპირებს ბანკი გააკეთოს მითითება იმ დოკუმენტზე, რომელიც არ იქნა გაზიარებული ევროკავშირის რომელიმე აღმასრულებელი სტრუქტურის მიერა აღსანიშნავია, რომ სულ რომც სანქცირებული იყოს ბატონი ივანიშვილი, ეს ტრასტის ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ არ აქრობს. პირიქით, ტრასტის მიზანი კლიენტის ინტერესების მომსახურებაა იმ პირობებშიც კი, როდესაც ბენეფიციარი რაიმე სამართლებრივ შეზღუდვას ექვემდებარება. სატრასტო სტრუქტურები ხომ სწორედ კლიენტთა აქტივებისა და ინტერესების დაცვის მიზნებისთვისაა შექმნილი, მათ შორის, ბენეფიციართათვის რთულ დროს. კლიენტისთვის აშკარაა, რომ ბანკის მოქმედებები კლიენტზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება, რომლის დეტალებზეც, საჭიროებისამებრ, თავად ისაუბრებს ბატონი ივანიშვილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

Credit Suisse აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს - WSJ

შვეიცარიის უმსხვილესი ბანკის Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი თომას გოტშტაინი, თანამდებობას ტოვებს 1-ელი აგვისტოდან მას ულრიხ კიორნერი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გოტშტაინის გადადგომის მიზეზი ბანკის დირექტორთა საბჭოს უკმაყოფილება გახდა. მათ განაცხადეს, რომ ბანკის საქმიანობასა და ფინანსური ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციაში პროგრესს ვერ ხედავენ.   Credit Suisse-ის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს ბანკის საინვესტიციო განყოფილების ხელმძღვანელმა კრისტიან მაისნერმა.  გამოცემის ცნობით, ტომას გოტშტაინის გადადგომის შესახებ, შესაძლოა, ხვალ გამოაცხადონ. ხვალვე გამოქვეყნდება Credit Suisse-ს კვარტალური ფინანსური ანგარიში.  გოტშტაინი შვეიცარიულ ბანკს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი Credit Suisse-ის გუნდში მაღალ თანამდებობებს წლების განმავლობაში იკავებდა.  

ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილს 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის

ბერმუდის სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებით, შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს შვილობილს CS Life-ს 607.35 მილიონი დოლარის ანაზღაურება დაეკისრა. ამ ინფორმაციას Prnewswire ავრცელებს. მისივე თანახმად, კომპანიამ 42 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს თანხა, რომელიც დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, ვიდრე CS Life-ის საჩივარი განისაზღვრება. ამის შემდეგ საბოლოო ზიანი უნდა აუნაზღაურდეთ მოსარჩელეებს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს. გავრცელებული ცნობით, ივანიშვილისა და მისი ოჯახის Credit Suisse-ის ანგარიშებზე ჯამური ზარალი 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე წაიკითხეთ შვეიცარიის სასამართლომ CREDIT SUISSE ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ცნო  

იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე: ბანკი პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში

ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში, - ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე ავრცელებს. მათივე ცნობით, საბანკო ტრასტები ივანიშვილის უფლებებს არღვევენ და ამასთან, კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს აღარ პასუხობენ. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს "საინფორმაციო განახლება კრედიტ სუისს-ის მხრიდან განგრძობადი დარღვევის შესახებ მოგეხსენებათ, საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას კრედიტ სუისს-სთან ურთიერთობისა და ბანკის მიერ ბ-ნი ივანიშვილის მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ. ამჯერადაც, განახლების სახით გაცნობებთ შემდეგს, კერძოდ, კრედიტ სუისს-ის ორი საბანკო ტრასტის მხრიდან დარღვევებზე: ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან - ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს. შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, რომელშიც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

კახა კალაძე Credit Suisse-ზე: ეს რეკეტია, შეიძლება, უფრო მეტიც

თბილისის მერის განცხადებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. კახა კალაძის შეფასებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის ქმედებები კანონს სცდება და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. „რატომ აკეთებენ ამას? ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, მიღებულია ეს გადაწყვეტილება თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა - გურამ მაჭარაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა დღეს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „რეკეტზე“ საუბრობენ.  შეგახსენებთ, შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციების შეფერხებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს სასამართლო დავა აქვს. Credit Suisse-თან ერთი სასამართლო დავა ბიძინა ივანიშვილმა მოიგო.  

Bloomberg: სინგაპურში Credit Suisse-ს წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის $800 მილიონიანი საქმის განხილვა იწყება

Bloomberg-ის ცნობით, დღეს სინგაპურში, Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა იწყება. ბიძინა ივანიშვილი მიყენებული ზარალის გამო, $800 მილიონს ითხოვს. Bloomberg: ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესისთვის ემზადება გამოცემა წერს, რომ ივანიშვილი, სასამართლო პროცესზე ჩვენებას საქართველოდან ვიდეოჩართვის საშუალებით მისცემს.  რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის შტატში იმავე ბანკთან ექვსწლიანი დავა მოიგო. ივლისის ბოლოს კი ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია Credit Suisse Life-ს ივანიშვილისთვის 607,35 მილიონი დოლარის გადასახდელად 42 დღე მისცა. ბერმუდის სასამართლო Credit Suisse-ის შვილობილს 607 მლნ დოლარის გადახდას ავალდებულებს მოსარჩელეებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის სექტემბრის სარჩელი ეხება Credit Suisse-ის კიდევ ერთ შვილობილი კომპანია Credit Suisse Trust-ს, რომელიც სინგაპურშია რეგისტრირებული. სარჩელი სინგაპურში ხუთი წლის წინ დაწყებული სასამართლო პროცესის ნაწილია. პატრის ლესკოდრონი, ყოფილი ბანკირი, 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის თითქმის ათწლეულის სქემისთვის, რომელშიც მან გააყალბა ხელმოწერები, რათა დაეშვა არაავტორიზებული ტრანზაქციები მისი კლიენტების ანგარიშებზე და თავიდან აეცილებინა მზარდი ზარალი. ივანიშვილი მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი იყო, რომელთანაც Credit Suisse-მა დააარსა საინვესტიციო კომპანიები სინგაპურში, ბერმუდასა და ახალ ზელანდიაში. Credit Suisse დღემდე ამტკიცებს, რომ ლესკოდრონი ბანკისგან დამოუკიდებლად და ფარულად მოქმედებდა.  

Finews: შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა კომპანიამ, რომელსაც ქართველმა მილიარდერმა უჩივლა, აღიარა, რომ კლიენტს არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ ვერ შეატყობინა

Credit Suisse-ს 2023 წლის „შიშის“ დღის წესრიგი - ამ სათაურით სტატიას შვეიცარიული საინფორმაციო ვებ გვერდი Finews-ი აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ შვეიცარიული ბანკის ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა კომპანიამ, რომელსაც ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა, აღიარა, რომ კლიენტს არასანქცირებული გადარიცხვების შესახებ ვერ შეატყობინა. ამასთან, Credit Suisse-ს შვილობილ კომპანიას არ სურდა, რომ ეს აღქმულიყო, როგორც დანაშაულის აღიარება. ივანიშვილის მიერ სინგაპურში წარდგენილი ზარალი $1,27 მილიარდს შეადგენს.  სტატიაში ნათქვამია, რომ სინგაპურში განაჩენის გამოტანა პირველი კვარტლის ბოლომდეა მოსალოდნელი. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ბანკის შვილობილმა კოპანიამ უნდა გადაიხადოს თუ არა კომპენსაცია $600 მილიონის ოდენობით.  „სისხლის სამართლის საქმე Credit Suisse-ს წინააღმდეგ შვეიცარიაში 2021 წლის ბოლოს აღიძრა. მას შემდეგ ჟენევის პროკურატურამ სხვადასხვა ბანკირები გამოკითხა. ამის შემდეგ საქმის მსვლელობა შენელდა, თუმცა 2023 წელს შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს“, - წერს გამოცემა.   

CS Victims: ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის საქმე, რომელიც შვიდ წელზე მეტია ჩართულია Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავებში, ფართოდ გაშუქდა მედიის მიერ, მათ შორის შვეიცარიაშიც, სადაც კლიენტებთან ურთიერთობების მსჯავრდებული მენეჯერის მიერ ჩადენილი იქნა თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი, - ამის შესახებ ვებგვერდზე CS Victims გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.  „ბ-ნი ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში თავს არიდებდნენ საქმის შესახებ კომენტარის გაკეთებას იმ მიზეზით, რომ მოლაპარაკების ინიციატორი Credit Suisse იყო. თუმცა ახლა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკი ქმნიდა მოლაპარაკების ილუზიას და ბანკის ხელმძღვანელობა სავარაუდოდ განაგრძობდა პოლიტიკური ზეწოლის კამპანიას ყოფილი კლიენტის წინააღმდეგ. ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც მოცემულია შემდეგი: „მათ, ვინც თვალყურს ადევნებდა მოცემულ შემთხვევას, ახსოვთ, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ Credit Suisse-თან გახანგრძლივებული დავა მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო. რამდენიმე კვირაში ბ-ნ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც თანხებზე წვდომასთან, ასევე ხელოვნების ნიმუშების და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა იურიდიული გზით დიდი ძალისხმევის გამოყენებით, მთავარი პრობლემა, როგორიცაა თანხებზე წვდომა კვლავაც ძალაში რჩება და ამას განვიხილავთ როგორც არაფორმალურ სანქციებს. ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდისა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადაურჩა Credit Suisse-ის არასწორ მენეჯმენტს და თაღლითობას. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე დარჩა Credit Suisse-ში მიმდინარე დავების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის. აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართებოდა ორი ტრასტის, ფინანსური სტრუქტურის მეშვეობით, რომლებსაც რეკომენდაცია ბ-ნი ივანიშვილისთვის Credit Suisse-მა გაუწია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი გერნსის კუნძულების იურისდიქციაში იმყოფება (ექვემდებარება ბრიტანეთს) და ეს უკანასკნელი მართავს დარჩენილ თანხებს Credit Suisse-ში. გასათვალისწინებელია ნიუანსი, რომ ბანკის თანხმობის გარეშე ტრასტის დახურვას დასჭირდება რთული იურიდიულ პროცედურა და მიუხედავად იმისა, რომ აქტივების უმეტესი ნაწილი გადაეცა სხვა ბანკს, ტრასტს მაინც მართავს Credit Suisse-ის მიერ დანიშნული რწმუნებულები და თანხის გადახდა ბენეფიციარების სურვილის შესაბამისად მიმდინარეობდა. თუმცა, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან ბენეფიციარებს შეექმნათ სერიოზული დაბრკოლებები, მათ შორის გადახდების შეფერხება და თანხებზე წვდომის სრული დაბლოკვა. ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ქმედებები წარმოადგენს არაფორმალურ სანქციებს“. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურსა და ბერმუდში სასამართლოები გრძელდება, დავა ორივე იურისდიქციაში გახანგრძლივებული ხასიათისაა: სარჩელი ბერმუდის კუნძულებზე 2016 წელს იქნა წარდგენილი, ხოლო იურისდიქციის საბოლოო განსაზღვრა სინგაპურში 2020 წლის მარტში დადასტურდა. ამგვარად, წარდგენის საბოლოო ეტაპი, სადაც მხარეები განიხილავდნენ ახალ ფაქტებს, მტკიცებულებებსა და პრეტენზიებს, წარდგენილი იყო 2021 წლის ნოემბერში. შესაბამისად, ბ-ნ ივანიშვილს აცნობეს, რომ თანხებზე წვდომის საკითხი მიმდინარე დავების ფარგლებში სასამართლოს აღარ წარედგინება. მიუხედავად ამისა, სინგაპურის სასამართლო სხდომაზე 2022 წლის სექტემბერში ბ-ნი ივანიშვილი გამოცხადდა მოწმის სახით და განაცხადა, რომ Credit Suisse არა მხოლოდ აიძულებდა მას წლების განმავლობაში წარედგინა მოთხოვნები სხვადასხვა იურისდიქციაში თანხების თაღლითობისა და არასწორი მენეჯმენტის შესახებ, არამედ Credit Suisse-მა არ შეიტანა გადასახადი ჟენევის სასამართლოს ბრძანების დარღვევის გამო, რომელიც ეხებოდა კლიენტებთან ურთიერთობების მენეჯერის სისხლის სამართლის 2018 წლის საქმეს. უფრო მეტიც, Credit Suisse-მა შეზღუდა წვდომა დარჩენილ თანხებზე, რომლებიც ბანკიდან იყო გამოტანილი და რომელიც რჩება Credit Suisse-ის მიერ დანიშნული რწმუნებულების მენეჯმენტის ქვეშ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ Credit Suisse-ს დაუსვა კითხვა, თუ რატომ არ გადაეგზავნა კლიენტს არასადავო თანხები. ამ გასაუბრების შემდეგ Credit Suisse-მა წამოიწყო მოლაპარაკებები ბ-ნ ივანიშვილთან და ამ პროცესის განმავლობაში მათ უკან დაუბრუნეს შვეიცარიის სასამართლოს მიერ სამი წლის წინ დაკისრებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი. 2022 წლის დეკემბერში ბ-ნ ივანიშვილს გადაუხადეს დარიცხული პროცენტი ზემოთ აღნიშნული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო და ბანკმა ასევე გადაიხადა ის თანხა, რასაც Credit Suisse-ის სინგაპურის trust არ ედავებოდა. მას შემდეგ ბ-ნი ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს გადახდები იყო Credit Suisse-ის მხრიდან ილუზიური მცდელობა, ემოქმედა კეთილსინდისიერად სასამართლოს წინაშე დადებითი იმიჯის შესაქმნელად და მიიჩნევს, რომ ყველა ილუზია დასრულდა. 2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ბ-ნი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე, Credit Suisse-მა განახორციელა კლიენტისთვის ბოლო გადარიცხვები და ახლა აცხადებს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუშალა Guernsey-ის ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადარიცხული იყო Credit Suisse-დან და ბანკი და მის დანიშნული რწმუნებულები არ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი ბენეფიციარების ინსტრუქციების არ შესრულებაში. შედეგად, ბ-ნი ივანიშვილი აღიქვამს ამ ხელისშემშლელ ქმედებას, როგორც „პოლიტიკურ ზეწოლას“, ისევე, როგორც ეს იყო მარტში, როდესაც Credit Suisse-მა განაცხადა, რომ თანხების გაცემის შეფერხება გამოწვეული იყო „აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაციით“. ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ Credit Suisse-ს აქვს გამოცდილება, გამოიყენოს ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტები Guernsey Trust-ისგან თანხების გაცემის შეფერხების გასამართლებლად. პირველი მათგანის შემდეგ, 2022 წლის 9 ივნისს, Credit Suisse-მა განაცხადა, რომ Trust-ს არ შეეძლო თანხის გაცემა; თუმცა ევროსაბჭოს ივლისის სხდომაზე რეზოლუცია არ იყო მიღებული და არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი იმისა, თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა ამის გაკეთება. აქედან გამომდინარე, გერნსის სასამართლოში შეტანილი იქნა განცხადება ტრასტის აქტივების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ ერთდღიანი მოსმენა არაერთხელ გადაიდო და მიუხედავად იმისა, რომ მოსმენა დაგეგმილია მარტისთვის, ბ-ნი ივანიშვილს მიაჩნია, რომ თარიღი კვლავ გადაიდება. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების დროს ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენლებმა შესთავაზეს გერნსის ტრასტის მიერ გაყინული თანხის საკითხის მოგვარება მოკლე დროში სასამართლოს ჩარევის გარეშე, მაგრამ ეს შეთავაზება არ იქნა მიღებული. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ტრასტების მენეჯმენტის არათანმიმდევრულობა. როგორც მტკიცდება, ერთ-ერთი ტრასტი არ ახორციელებს დისტრიბუციას და აიძულებს ბენეფიციარებს, მოითხოვონ გადახდის მიღება სამართლებრივი გზით, ამავე დროს რწმუნებულები მიუთითებენ ევროპარლამენტის ივნისის რეზოლუციაზე, ხოლო მეორე ტრასტს შეუძლია თანხების გაცემა ბენეფიციარებისთვის საჭიროებისამებრ, შემდგომი დეკემბრის რეზოლუციის მიუხედავად და ეს აშკარად არ წარმოადგენდა პრობლემას Credit Suisse-ის მენეჯმენტისთვის. ეს ამტკიცებს, თუ რა არის ევროპარლამენტის რეზოლუციის რეალური „ფასი“ და „კრედიტ სუისმა“ იცის ეს „ფასი“. ბანკის მხრიდან მართებული იქნებოდა, პირველ შემთხვევაში ისევე მოქცეულიყო როგორც მეორე შემთხვევაში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ სინგაპურის სასამართლოზე უარყოფითი შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით შეიძლებოდა ორივე დადგენილების იგნორირება. ბ-ნი ივანიშვილის მტკიცებით ეს ადასტურებს, რომ Credit Suisse-ის პოლიტიკური ზეწოლის კამპანია გრძელდება და აქედან გამომდინარე ბ-ნი ივანიშვილი და მისი მრჩევლები ახლა განიხილავენ კამპანიის წარმართვის შესაძლებლობას სიტუაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროების მიზნით და ასევე განიხილავენ მტკიცებულებების გამოქვეყნებას იმის შესახებ, თუ როგორ დააზარალა, მისი აზრით, ბანკის რეპუტაცია და თავად შვეიცარიის იმიჯი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ“, - აღნიშნულია სტატიაში. CS Victims Credit Suisse-ის გარკვეული კლიენტების წარმომადგენლების მიერ შეიქმნა. ისინი 7 წლის განმავლობაში ბანკის პერსონალის მიერ ჩადენილი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების თაღლითობის მსხვერპლნი არიან. Credit Suisse-ის მინიმუმ ერთი თანამშრომელი ნასამართლევია თაღლითობისთვის და FINMA-მ გამოავლინა Credit Suisse-ის სისტემებისა და კონტროლის საშუალებების გაუმართაობა, რამაც პირდაპირ გამოიწვია ჩადენილი დანაშაული.  

Credit Suisse-მა 2022 წელი $7.9-მილიარდიანი ზარალით დაასრულა

წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა გასული წლის რეკორდული $7.9-მილიარდიანი ზარალის შესახებ განაცხადა. ხუთშაბათს Credit Suisse-ის აქციები თითქმის 15 პროცენტით დაეცა, რადგან შვეიცარიულმა საბანკო გიგანტმა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი წლიური ზარალი დააფიქსირა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკმა, რომელმაც ოქტომბერში გამოაქვეყნა დრამატული რესტრუქტურიზაციის გეგმა, 2022 წელს 7,9 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. აღმასრულებელმა დირექტორმა ულრიხ კორნერმა განაცხადა, რომ ბანკს აქვს „მკაფიო გეგმა ახალი Credit Suisse-ის შესაქმნელად“.  ხუთწლიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Credit Suisse-ის აქციების ღირებულება 80%-ით არის შემცირებული. 2007 წელს დაფიქსირებული $87 მილიარდის შემდეგ, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $13 მილიარდს შეადგენს. Credit Suisse-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. Credit Suisse-ი სამ მილიონამდე კლიენტს ემსახურება და 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს.

ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, ადვოკატები ინფორმაციას ავრცელებენ

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილსა და Credit Suisse-ის შორის მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, ივანიშვილის ადვოკატები ინფორმაციას ავრცელებენ. იურიდიული კომპანია Metric-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, Credit Suisse,-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით კი Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სამართლებრივი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს სრულ აქტივებზე წვდომა აღუდგებათ. „დაინტერესებულ პირებს/საზოგადოებას დავპირდით ინფორმაციით უზრუნველყოფას ბიძინა ივანიშვილი vs Credit Suisse საქმეებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაგაცნობთ მოცემული მომენტისთვის არსებულ მდგომარეობას. ბერმუდაში მიმდინარე სამოქალაქო საქმე ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობით კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის (მოსარჩელეები) სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. სინგაპურში მიმდინარე სამოქალაქო დავა სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 26 მაისის გადაწყვეტილებით Credit Suisse Trust Limited-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 926 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. უკანონო/დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი აქტივები სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო საქმეებთან მიმართებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქმის განხილვის ვადებს, პრეტენზიები არ არსებობს. წარმატებებიც ყველა იურისდიქციაში მოცემული მომენტისთვის სახეზე არის. კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები/პრობლემები შეიქმნა, გრძელდება კიდეც სასამართლოს მიღმა არსებულ საკითხებთან, კერძოდ, Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/ უკანონო და, როგორც არაერთხელ ითქვა, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად სახსრებთან/აქტივებთან დაკავშირებით. დაინტერესებული პირებისთვის/საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების/უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი Credit Suisse-დან გადატანილი იქნა სხვა შვეიცარულ ბანკში (Julius Baer), თუმცა აქტივების მმართველად დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე. Credit Suisse-ის ტრასტმა 2022 წლის მარტიდან შექმნა დაბრკოლებები აქტივების წვდომის მიმართულებით. თავდაპირველად ვალდებულების შეუსრულებლობა ტრასტმა ახსნა მიზეზით: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“. ერთადერთი გამოსავალი არსებული მდომარეობიდან იყო ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი, მოცემულ შემთხვევაშიც, შეეცადა საკითხის ხელოვნურად გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვნების და მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა. Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე (2023 წლის 24 მარტი) დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყოს საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც საქმის განხილვა. უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-ის ტრასტმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მხოლოდ ორ თვე ნახევრის (დაახლოებით) შემდეგ, 2023 წლის 14 ივნისს, მიიღო რეზოლუცია ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე შვეიცარიულმა ბანკმა (Julius Baer) უნდა უზრუნველყოს აქტივების მოსასრჩელეებისთვის გადაცემა/განაწილება. Julius Baer-მა გაანაწილა აქტივების დაახლოებით 5%; დარჩენილი აქტივების (95%) გადაცემის მიმართულებით კი შეექმნა დაბრკოლება. კერძოდ, გადასაცემი აქტივების 95% განთავსებული არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი – დასავლეთ ევროპის ფონდებში. Julius Baer-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ მიმართვას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად რამდენიმე წუთში არის საკითხის დარეგულირება შესაძლებელი (მხოლოდ ტექნიკური მოქმედებები არის ფონდების მხრიდან განსახორციელებელი), თითქმის ერთი თვე არის, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას; იმ აქტივების გადაცემას, რომელზეც ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, მათ შორის, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, რეზოლუციის სახით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 2022 წლის მარტიდან ანუ, როგორც Credit Suisse-ის ტრასტი აღნიშნავდა, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს ფაქტიურად შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა. და ბოლოს, გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღსდგება სრულ აქტივებზე წვდომა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რუსეთში სასამართლომ Credit Suisse-ის 20,9 მილიონი დოლარის აქტივები დააყადაღა

რუსეთის სააპელაციო სასამართლომ დროებითი ზომები დაუწესა Credit Suisse-ს (UBSG.S) და დაადგინა, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ რუსეთში 20,9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხების დაყადაღება შესაძლებელია. კერძოდ, სასამართლომ განაცხადა, რომ 10,1 მილიონი ევროს (10,65 მილიონი აშშ დოლარი) და 10,25 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტური თანხები უნდა დაყადაღდეს. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილება გაუქმებულია. მის მიერ ადრე გამოტანილი გადაწყვეტილება კალუგაში დაფუძნებულმა რუსულმა კრედიტორმა Gazenergobank-მა გაასაჩივრა. სასამართლომ ბანკ Credit Suisse-სა (მოსკოვი) და Credit Suisse Securities-ის (მოსკოვი) აქციების თითქმის 100%-ის დაყადაღების შესახებ ბრანება გასცა. UBS-ის აქციები დაეცა მას შემდეგ, რაც საბანკო-საფინანსო ორგანიზაციას სანქციების თავიდან არიდებას ედავებიან Credit Suisse-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. საქმეზე შემდეგი სხდომა 16 ნოემბერს არის ჩანიშნული. სასამართლოს მასალების მიხედვით, „გაზენერგობანკმა“ ჯერ ივლისში სცადა „Credit Suisse AG“-ის აქტივების დაყადაღება, მაგრამ შემდეგ სასამართლომ მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან ბანკმა არ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულება დროებითი ზომების შემოღების აუცილებლობის შესახებ.  

Bloomberg: ფულის გათეთრების მტკიცებულების არარსებობის გამო, საქმე “ივანიშვილი UBS-ის წინააღმდეგ“, დაიხურა

Bloomberg-მა 16 იანვარს სტატია გამოაქვეყნა სათაურით „UBS იგებს, რადგან გამოძიება Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების თაობაზე შეწყდა.“ სტატიაში ნათქვამია ჟენევის მთავარი ფინანსური პროკურორის ივ ბერტოსას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სამართლებრივი დავა შვეიცარიულ UBS Group-ს, რომელმაც გაკოტრების პირას მყოფი ბანკი Credit Suisse იყიდა, და ქართველ მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს შორის უნდა შეწყდეს, ვინაიდან გამოძიებამ ვერ იპოვა პატრის ლესკოდრონის და მესამე მხარეების მიერ ფულის გათეთრების რაიმე მტკიცებულება. პატრის ლესკოდრონი Credit Suisse-ის კლიენტთა მრჩეველი იყო, რომელმაც ხელმოწერებს და კლიენტთა ამონაწერებს აყალბებდა, რათა თავისი უმსხვილესი კლიენტების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ანგარიშებიდან მილიონები უკანონოდ გადაერიცხა. ლესკოდრონის თაღლითობა თითქმის 10 წლის მანძილზე შეუმჩნეველი რჩებოდა. 2015 წელს მან საბოლოოდ დანაშაული აღიარა. 2018 წელს ჟენევის სასამართლომ დააადგინა, რომ მან თავის კლიენტთა ნდობას უღალატა. 2019 წელს იგი ციხიდან გაათავისუფლეს, ხოლო 2020 წელს მან თავი მოიკლა. ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს 2021 წელს უჩივლა და ბანკს თაღლითობაში დასდო ბრალი. მისი თქმით, მან თავისი ფული Credit Suisse-ს მიაბარა, რომელმაც დაკარგა ის. 2022 წელს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ  Credit Suisse პასუხისმგებელია იმაზე, რომ ვერ მიიღო გონივრული ზომები, რათა აღეკვეთა თაღლითობა და ანგარიშების არასწორი მართვა.   საქმემ ბერმუდადან სინგაპურამდე მრავალი სასამართლო ინსტანცია გაიარა და მათგან თითქმის ყველამ დაადგინა შვეიცარიის ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან არასათანადო ქმედებები: „ლესკოდრონის მიმართ არასათანადო მოპყრობას, რომელიც 2018 წელს თაღლითობისა და გაყალბებისთვის გაასამართლეს, სასამართლო პროცესების წაგების მთელი სერია მოყვა, რის შედეგადაც ბანკი ასობით მილიონი შვეიცარული ფრანკის ზარალის წინაშე დადგა,“ – აღნიშნავს Bloomberg და დასძენს, რომ თავად პროკურორი ბერტოსა ყოველთვის ადანაშაულებდა Credit Suisse-ს უკანონო ტრანზაქციების თავიდან აუცილებლობის გამო, „რაც, მისი თქმით, წარმოადგენდა ფულის გათეთრებას დამამძიმებელ გარემოებებში“. დღეის მდგომარეობით, ბერტოსამ განაცხადა, რომ საქმე ვერ გაგრძელდება მტკიცებულებების არარსებობის გამო. თავად Credit Suisse „ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი მარტოხელა მგელი იყო, რომელიც თავის თაღლითობას კოლეგებს უმალავდა,“ – ნათქვამია სტატიაში. Bloomberg-ი ასევე წერს, რომ ივანიშვილის პრესმდივანი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, „ბერტოსა ახლა ირწმუნება, რომ ეს დანაშაულები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ დანაშაულების კონტექსტში, რისთვისაც ლესკოდრონი გაასამართლეს, და არა ფულის გათეთრების ჭრილში.“ წყარო