თეგი: Unesco
უკრაინა UNESCO-დან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს
უკრაინა გეგმავს, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას, წევრი სახელმწიფოს სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართოს. შესაბამისი დადგენილების პროექტი უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა. „როგორც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) წევრი, უკრაინა ყოველთვის იზიარებდა ამ ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს და ზრუნავდა კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვა, საჰაერო და სარაკეტო დარტყმები მიზნად ისახავს უკრაინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას.ამის გათვალისწინებით, უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის იუნესკოში ყოფნას. უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO), ჩამოართვას რუსეთის ფედერაციას იუნესკოს წევრი სახელმწიფოს სტატუსი“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტის განმარტებით ბარათში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას. ამასთან, უწყების ცნობით, საგანგებოდ ამ მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში უკვე იმყოფებიან ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, რომლებიც დღეს შეუდგნენ მუშაობას და 31 მაისამდე დარჩებიან საქართველოში. „მათ მიერ შეფასებული იქნება ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვის მოსაწყობად ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები და, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა შემდგომი რეკომენდაციები ახალი დროებითი გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით. ამასთან, ადგილზე იმუშავებს UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე დააკვირდება. კერძოდ, ალესანდრო მასარი ტაძარში ტენიანობის მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო მარიო პულიერი კედლის მხატვრობის მდგომარეობას გაუწევს მონიტორინგს. შეგახსენებთ, ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. დღეისათვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. 13 მაისიდან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ადგილზე UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი უხელმძღვანელებს. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. „როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი da ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პულიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი, კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
მსოფლიოში, გასულ წელს, 86 ჟურნალისტი მოკლეს - UNESCO
მსოფლიოში, გასულ წელს, მოკლული ჟურნალისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა სამი წლის განმავლობაში კლება დაფიქსირდა, - ამის შესახებ UNESCO-ს ანგარიშშია აღნიშნული. "2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო", - განაცხადა UNESCO-ს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეიმ. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 19 მექსიკაში მოკლეს, 10 - უკრაინაში, 9 - ჰაიტიზე.
აშშ-მ ჩინეთის გავლენის შესამცირებლად, UNESCO-ში დაბრუნება და ვალის გადახდა გადაწყვიტა - AP
გაეროს კულტურულმა და სამეცნიერო სააგენტო UNESCO-მ ორშაბათს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს, ხელახლა შეუერთდეს სააგენტოს და 600 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადი გადაიხადოს, ათწლეულის განმავლობაში მომდინარე უთანხმოების ფონზე, რომელიც ორგანიზაციის მიერ პალესტინის შემოერთებას მოჰყვა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, დაბრუნების გადაწყვეტილება ნაკარნახევი შეშფოთების იმის შესახებ, რომ UNESCO-ში პოლიტიკის შემუშავების პროცესებში აშშ-ის მიერ დანატოვარ სიცარიელეს, ჩინეთი ავსებს. აშშ-მა და ისრაელმა შეწყვიტეს UNESCO-ის დაფინანსება მას შემდეგ, რაც ორგანიზაციას 2011 წელს პალესტინა წევრ სახელმწიფოდ შეუერთდა. ტრამპის ადმინისტრაციამ 2017 წელს გადაწყვიტა, საერთოდ დაეტოვებინა ორგანიზაცია, რის მიზეზადაც ისრაელის საწინააღმდეგო მიკერძოება და მართვაში არსებული პრობლემები დაასახელა. ჩინეთის ელჩმა იუნესკოში, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ორგანიზაციის მიერ აშშ-ის დაბრუნებისკენ მიმართულ ძალისხმევას„აფასებს“ და რომ მის არარსებობას „ნეგატიური გავლენა“ აქვს სააგენტოს მუშაობაზე.
UNESCO ოდესაში მისიას გაგზავნის: კულტურული ძეგლების განადგურება ომის დანაშაულია
გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) დაგმო რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესის ისტორიულ ცენტრზე და უახლოეს დღეებში გაგზავნის მისიას ქალაქში ზარალის წინასწარი შეფასებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, კულტურული ობიექტების განზრახ განადგურება შეიძლება, ომის დანაშაულად ჩაითვალოს, როგორც ამას ასევე აღიარებს გაეროს უშიშროების საბჭო - რომლის მუდმივი წევრიც არის რუსეთის ფედერაცია. „იუნესკო ღრმად შეშფოთებულია და მკაცრად გმობს რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავხედურ თავდასხმას, რომელმაც დაარტყა რამდენიმე კულტურულ ობიექტს ოდესის ქალაქის ცენტრში, სადაც მდებარეობს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი „ოდესის ისტორიული ცენტრი“. იუნესკოს გენერალური დირექტორის, ოდრი აზულეის შეფასებით, „ეს აღმაშფოთებელი თავდასხმა აღნიშნავს ძალადობის ესკალაციას უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ. იუნესკოს მიერ დაცული ისტორიული ცენტრი რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაზიანდა ოცდახუთი არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის ცნობილი ფერიცვალების ტაძარი. თავდასხმის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 22 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
UNESCO ქვეყნებს სკოლებში სმარტფონების აკრძალვას ურჩევს
გაეროს სააგენტო ამბობს, რომ მობილური ტელეფონის გადაჭარბებული გამოყენება დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის შეფერხებასთან გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, არსებობს მტკიცებულება, რომ მობილური ტელეფონის გადაჭარბებული გამოყენება დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესში უნარების დაქვეითებასთან და ეკრანთან დროის დიდი ხნით გატარება, უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზე. Unesco-ს შეფასებით, სმარტფონების აკრძალვის მოწოდება მკაფიო გზავნილია, რომ მთლიანობაში ციფრული ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით, ყოველთვის უნდა ემორჩილებოდეს „ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას“ და მან არ უნდა ჩაანაცვლოს მასწავლებლებთან პირისპირ ურთიერთობა. „ყველა ცვლილება არ წარმოადგენს პროგრესს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც შეიძლება, გაკეთდეს, არ ნიშნავს რომ უნდა გაკეთდეს,“ - აცხადებენ სააგენტოში.
Unesco-ს რეკომენდაციით, ვენეცია საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში შევა
გაეროს კულტურული სააგენტოს განცხადებით, ვენეცია უნდა დაემატოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიას, რომლებიც საფრთხეშია. სააგენტოს თანახმად, იტალიის ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული ქალაქისა და მისი მიმდებარე ლაგუნის დასაცავად. Unesco-ს რეკომენდაციით, ვენეციას შეუქცევადი ზიანი ემუქრება რიგი საკითხების გამო, დაწყებული კლიმატის ცვლილებიდან მასობრივი ტურიზმით დამთავრებული. „ზოგიერთმა ამ გრძელვადიანმა პრობლემამ უკვე გამოიწვია სიტუაციის გაუარესება,“ - აღნიშნავს გაეროს სააგენტო და მაგალითად ასახელებს მაღალსართულიან შენობებს. მისივე თანახმად, იტალიას არ მიუღწევია „მნიშვნელოვან პროგრესს“ ამ მიმართულებით. ვენეცია ერთ-ერთია მსოფლიო მემკვიდრეობის 53 ძეგლიდან, რომელსაც Unesco სავარაუდოდ, საფრთხის ქვეშ მყოფად გამოცხადდეს. კომიტეტმა გადაწყვეტილება 10-დან 25 სექტემბრამდე რიადში გამართულ შეხვედრაზე უნდა მიიღოს. ვენეცია Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1987 წელს შეიტანეს. ბოლო წლებში, ქალაქის მდგომარეობა ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს. ორგანიზაცია ანალოგიური რეკომენდაციით 2021 წელსაც გამოვიდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება არ მიიღეს: რამდენიმე კვირით ადრე იტალიამ დიდ საკრუიზო გემებს ქალაქის ცენტრში შესვლა აუკრძალა.
ისტორიაში პირველად, რუსეთი UNESCO-ს აღმასრულებელ საბჭოში არ აირჩიეს
ისტორიაში პირველად, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ ((UNESCO), რუსეთი ერთ-ერთ მთავარ ორგანოში არ აირჩია. ურკაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ Twitter-ზე (X) დაწერა, რომ ისტორიაში პირველად, რუსეთი "გარიცხეს იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოდან." „რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს მართალია. რუსი ტერორისტების ადგილი არ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სათავეში. რუსეთის საერთაშორისო როლი კიდევ უფრო შესუსტდება," - აღნიშნა ზელენსკიმ. იუნესკოს აღმასრულებელი საბჭო არის ორგანიზაციის სამი ძირითადი ორგანოდან ერთ-ერთი (გენერალურ კონფერენციასთან და სამდივნოსთან ერთად), რომელიც მართავს მის საბიუჯეტო და პროგრამულ საქმიანობას. საბჭოს ჰყავს 58 წევრი, რომლებსაც ირჩევს გენერალური კონფერენცია, მრჩეველთა ორგანო, რომელიც შედგება იუნესკოს ყველა წევრისაგან. რუსეთი იყო აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის ნაწილი, საიდანაც აირჩიეს სერბეთი (137 ხმა), ალბანეთი (134), სლოვაკეთი (117) და ჩეხეთი (99).
ისტორიაში პირველად, უკრაინა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში აირჩიეს
უკრაინა იყო იმ ცხრა ქვეყანას შორისაა, რომლებიც იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტში აირჩიეს. ქვეყანამ კანდიდატურა გასული წლის ივლისში წარადგინა. უკრაინა დანარჩენ 20 წევრს უერთდება და საკუთარ ადგილს 2023-2027 წლებში დაიკავებს. რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, როგორიცაა, ოდესის ისტორიული ქალაქის ცენტრი. იუნესკოს განცხადებით, 15 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად, 329 კულტურული ობიექტი დაზიანდა.
იტალიური ოპერა UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს
იტალიური საოპერო სიმღერა გაეროს კულტურული მემკვიდრეობის სიას დაემატა. UNESCO-მ განაცხადა, რომ მათ იტალიური ოპერა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კატეგორიაში შეიყვანეს, სადაც უკვე წარმოდგენილია იტალიური პიცის დამზადება. კულტურის მინისტრი, ჯენარო სანჯულიანო UNESCO-ს გადაწყვეტილებას მიესალმა. ”ეს რაღაც ისტორიულია... ”ბელ კანტოს” ოპერის დიდი აღიარება UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში და ჩვენ უნდა ვიამაყოთ ამით,” - განაცხადა მინისტრმა.