უკრაინა UNESCO-დან რუსეთის გარიცხვას მოითხოვს

უკრაინა გეგმავს, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას, წევრი სახელმწიფოს სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართოს.  შესაბამისი დადგენილების პროექტი უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა.

„როგორც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) წევრი, უკრაინა ყოველთვის იზიარებდა ამ ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს და ზრუნავდა კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვა, საჰაერო და სარაკეტო დარტყმები მიზნად ისახავს უკრაინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას.

ამის გათვალისწინებით, უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის იუნესკოში ყოფნას. უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO), ჩამოართვას რუსეთის ფედერაციას იუნესკოს წევრი სახელმწიფოს სტატუსი“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტის განმარტებით ბარათში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.