გერმანული ავიაკომპანია Lufthansa უკრაინის ქალაქების კიევისა და ოდესის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ამის მიზეზი რუსეთის შესაძლო შეჭრის მზარდი შიშია, განაცხადა კომპანიის სპიკერმა.
კომპანია ბოლო ფრენებს ამ ქალაქების მიმართულებით შაბათ-კვირას შეასრულებს, ფრენებს კი, 21 თებერვლიდან თვის ბოლომდე შეწყვეტს. Lufthansa ქალაქ ლვოვში ფრენებს განაგრძობს.
„Lufthansa მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და შემდგომი ფრენების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს“, განაცხადა სპიკერმა.
მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა. რამდენიმე ევროპულმა ავიაკომპანიამ უკვე გააუქმეს ფრენები უკრაინაში.
აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.
15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.
ამავე თემაზე:
ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა