ალბანეთში, ათწლეულების წინანდელი ბაზა NATO-ს მომავალი საჰაერო ოპერაციებისთვის თანამედროვე კერად გადაკეთდა.
ალბანეთმა NATO-ს თვითმფრინავებისთვის, კუჩოვში საჰაერო ბაზა 4 მარტს გახსნა.
NATO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტირანიდან სამხრეთით, დაახლოებით 80 კილომეტრში მდებარე კუჩოვის საჰაერო ბაზა მოემსახურება ალბანეთს და მხარს დაუჭერს ალიანსის ლოგისტიკას, საჰაერო ოპერაციებს, წვრთნებსა და სწავლებებს.
NATO-მ ბაზის განახლება დაახლოებით 50 მილიონი ევროთი დააფინანსა.
„საჰაერო ბაზა NATO-სთვის მნიშვნელოვანი საჰაერო კერა იქნება. კუჩოვის საჰაერო ბაზის შეცვლა სტრატეგიული ინვესტიციაა და აჩვენებს, რომ NATO ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაში, დასავლეთ ბალკანეთში ყოფნის გაძლიერებას აგრძელებს,“ განაცხადა სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა დილან უაიტმა.
ცნობისათვის, ალბანეთში ბაზის მოდერნიზება 2019 წელს დაიწყო. ეს არის NATO-ს უდიდესი პროექტი ალბანეთში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ბაზის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაას ესწრებოდნენ ალბანეთის პრეზიდენტი ბაირამ ბეგაი, პრემიერ-მინისტრი ედი რამა, ასამბლეის პრეზიდენტი ლინდიტა ნიკოლა, თავდაცვის მინისტრი ნიკო პელეში და თავდაცვის მეთაური გენერალ-მაიორი არბენ კინჯი.
გამომსველელებს შორის ასევე იყვნენ იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო, თურქი გენერალ-ლეიტენანტი გოქსელ კაჰია და სხვა მაღალჩინოსნები. NATO-ს მხრიდან ღონისძიებას შეუერთდნენ კომბინირებული საჰაერო ოპერაციების ცენტრის (Torrejón) მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ხუან პაბლო სანჩეს დე ლარა და NATO-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) გენერალური მენეჯერი სტეისი კამინგსი.