კრემლმა ბაიდენის ცოლ-შვილს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიაში, ამერიკის კიდევ 25 მოქალაქე შეიყვანა.

მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცოლი და ქალიშვილი. ასევე "სტოპ ლისტში" არიან სენატორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე და მეცნიერები, მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა. ყველა მათგანს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.

რუსეთის მიერ სანქცირებული აშშ-ის მოქალაქეების საერთო რაოდენობამ 1 048-ს მიაღწია.

მანამდე, უკრაინაში ომის გამო დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუკრძალა რუსეთში შესვლა თავად ჯო ბაიდენს, მის ვაჟს ჰანტერს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, ასევე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს. სანქცირებულთა შორის არან მარკ ცუკერბერგი და LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი რაიან როსლანსკი და მედუზას ინგლისური ვერსიის მთავარი რედაქტორი კევინ როტროკი.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.