„პირველი ვიზიტი პოსტკოვიდურ პერიოდში აშშ-დან და ეს ვიზიტი ჩვენ საქართველოში განვახორციელეთ იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველოს და მასთან პარტნიორობას ვანიჭებთ“, - ამ გზავნილით დაიწყო თბილისში, კოლეგებთან ერთად განხორციელებული ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია „თბილისი მარიოტში“ 3 ივნისს, სენატორმა ჯინ შაჰინმა:
„მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს და პარლამენტის სხვა წევრებს. საღამოს შევხვდებით ოპოზიციის წარმომადგენლებს. შუადღისას შევხვდით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს. ერთ-ერთი, რაც ყველა შეხვედრის დროს გვესმის ისაა, რომ საქართველო საკუთარ მომავალს ხედავს დასავლეთში და დასავლეთთან ერთად. ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, ევროკავშირის წევრად“, - აღნიშნა სენატორმა შაჰინმა.
19 აპრილის შეთანხმებაზე
ჩვენ მივესალმებით ამ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ მხარეები იმუშავებენ საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმის გაუმჯობესებაზე და სხვა საკითებზე, რომლებიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმების შემდგომ განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისათვის და მათი საჭიროებებისათვის. მივესალმებით საქართველოს არჩევანს, მისი მომავალი დაუკავშიროს ევროკავშირსა და NATO-ს.
რუსულ ოკუპაციაზე
დღეს გვქონდა შესაძლებლობა, გავსულიყავით და უშუალოდ გვენახა ადმინისტრაციული საზღვარი. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსის ჯარი და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება, მიიღონ ჯანდაცვის მომსახურება და განათლება. რუსეთის მცდელობა აშკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მდებარე სახელმწიფოები, რომლებმაც აირჩიეს ევროატლანტიკური გზა, აირჩიეს დასავლეთისკენ სვლა, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობს უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. სწორედ ამიტომ ვუჭერთ საქართველოს მხარს, საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, იმისთვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის და მეტად შეძლონ თავიანთი უფლებების გამოვლენა. აშშ კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად.
„ჩვენ აქ ჩამოვედით მეგობრებთან. საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში“, - ამ გზავნილით დაიწყო პრესკონფერენცია ამერიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა. მისი თქმით, სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო აშშ-ის მეგობარია. მან, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ამ მხრივ ხედვებში განსხვავება არ არსებობს.
„საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში. ჩვენ გვესმის, რომ უნდა გაგრძელდეს ის კურსი აშშ-ის მხრიდან, რომელიც 30 წლის წინ აირჩიეს და 30 წლის განმავლობაში ვხედავდით მის განხორციელებას, როდესაც აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენტიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეს გულისხმობს ამავე დროს აშშ-ის მიერ მხარდაჭერას, რომ საქართველომ შეძლოს უზრუნველყოფა ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების იმისათვის, რომ მოქალაქეებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ. საქართველო აგრძელებს გზას თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით, ხოლო აშშ მას ამაში მხარს უჭერს.
რუსული ოკუპაცია
რობ პორტმანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ე.წ საზღვრის მეორე მხარეს გადასვლის უფლება არ აქვთ, მაინც ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სენატის ორივე პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საქართველო მეგობარია და მასთან განსაკუთრებული კავშირი გვაქვს. თანაბრად გვსურს, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა, რომელიც იმოძრავებს დემოკრატიის გაუმჯობესებისა და დაწინაურების გზაზე, რაც მეტ სარგებელს მოუტანს მის მოქალაქეებს. ახლა ის დროა, როდესაც რუსეთი საქართველოს და სხვა სახელმწიფოებს ხელს უშლის ამაში.
რუსეთი სულ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, ბელარუსსა და აქაც, საქართველოზე. ჩვენ დღევანდელი დღე ძალიან ადრე დავიწყეთ და ადმინისტრაციული საზღვრის მოსანახულებლად წავედით. რაც ჩვენ ვნახეთ, არის იმის დასტური, რომ რუსეთი აგრძელებს მარტივი 6 პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას, რომელსაც მან ხელი მოაწერა. პირველ რიგში, არ არის ტრანზიტი, მოსახლეობას არ ეძლევა გადაადგილების საშუალება, ჩვენ ვნახეთ ღობეები, ვნახეთ მავთულხლართები, ეს იმისთვისაა, რომ ოკუპირებულ ტერირიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცენ. ჩვენ, ასევე ვესაუბრეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ ეძლევათ ე.წ საზღვრის მეორე მხარის გადასვლის საშუალება დაკვირვების მიზნით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრება კარგი არ არის ე.წ საზღვრის მეორე მხარეს და ადამიანის უფლებები იქ ირღვევა“, - განაცხადა რობ პორტმანმა.
NATO-ში გაწევრიანებაზე
მიმაჩნია, რომ საქართველო არა მხოლოდ აპლიკანტი, ასპირანტი ქვეყანა უნდა იყოს NATO-ში გაწევრიანების, რომელიც სურვილს ადასტურებს, არამედ საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. NATO-ს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია MAP-ის პროცესი. მიმაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოს სვლას NATO-ს წევრობისკენ.
ამისათვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმა, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. ეს რასაკვირველია, დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას. საქართველო უნდა გახდეს დასავლეთის ნაწილი და ეს გულისხმობს NATO-ს წევრობასაც, რაც საქართველოს აღჭურვავს დამატებითი თავდაცვის საშუალებებით რუსული საფრთხის წინააღმდეგ.
ჟურნალისტების კითვებზე პასუხი
სისხლის სამართლის საქმეებზე
ჯინ შაჰინი: კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებსაც თქვენ ახსენებთ, არ ვიცნობ და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება მთლიანობაში პროცესს, ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, სამართლიან არჩევნებს, სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და საარჩევნო რეფორმის განხორციელებას, 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის.
თვითმმართველობის არჩევნები
რაც შეეხება არჩევნებს, დიახ, ოქტომბრის არჩევნები იქნება ნამდვილად დაკვირვების ქვეშ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება ამ არჩევნებს. ვიცი, რომ ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოგზავნიან საქართევლოში დამკვირვებლებს, რომელიც ამ პროცესს უშუალოდ ადგილზე დააკვირდებიან. იმისათვის, რომ ეს არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი და თავისუფალი იყოს, მნიშვნელოვანია რეფორმების სვლის გაგრძელება დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფით", - განაცხადა სენატორმა.
19 აპრილის შეთანხმება
რობ პორტმანი: მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მხრიდან, რომ უზრუნველყოფილი იყოს იდეალური ერთობა. ზუსტად ეს ჩანაწერია აშშ-ის კონსტიტუციაში, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ და პატივს ვცემთ. მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, მისი პუნქტები აღსრულდეს, მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის ფართო შეთანხმება მხარეებს შორის.
რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. ვიცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვთვლით, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, ის ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს. ჩვენ ზუსტად ვიაზრებთ იმ განსაკუთრებულ კავშირს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან და ეს უკვე ისტორიული და ტრადიციულია, ვინაიდან 1991 წლის შემდეგ საქართველოსთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილია 5,7 მლრდ დახმარების სახით, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ ქვეყანას გაეუმჯობესებინა დემოკრატიის მდგომარეობა. მყარად დამდგარიყო თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე.
რუსეთი, NATO-ს სამიტი
ჯინ შაჰინი: ჩვენ ვართ კონგრესის დელეგაცია, რომელიც საქართველოში ზუსტად იმისთვის არის ჩამოსული, რომ მხარი დაუჭიროს ქვეყანას, რომელიც დემოკრატიის გზაზე დგას და ცდილობს, რომ დასავლეთისკენ იაროს. სენატორმა პორტმანმა უკვე ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე გამოუყო. უკანასკნელ პერიოდში აშშ-ის დახმარება ეხებოდა კოვიდთან ბრძოლას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, ეკონომიკურ კეთილდღეობას და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. მიმდინარეობა მუშაობა თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამაზე დღეს გვქონდა საუბარი. რაც შეეხება რუსეთს და შეკავებაზე შეკითხვას, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულია სანქციები, რომლის ქვეშაც კომპანიების გარდა ინდივიდუალური პირებიც მოყვნენ, ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ ფულის გათეთრებას დასავლეთის ინსტიტუტების მეშვეობით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამას წინ აღვუდგეთ. რაც შეეხება NATO-ს, მას აქვს 2030 წლის ხედვა, რომლის ფარგლებშიც მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს რეგიონის უსაფრთხოება და თავდაცვა.
2 ივნისს გვიან ღამით საქართველოში ჩამოსვლამდე, სენატორები უკრაინასა და ლიეტუვაში იმყოფებოდნენ.
კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობით საქართველოს ეწვია
სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
რა საკითხები განიხილა ოპოზიციამ სენატორებთან შეხვედრაზე
საქართველოში ვიზიტამდე სენატორები ქვეყნის მხარდამჭერ გზავნილებს ავრცელებენ