სენატორ რობ პორტმანის განცხადებით, აუცილებელია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მტკიცედ დაუჭიროს მხარი უკრაინის და საქართველოს ძალისხმევას, მიაღწიონ NATO-ს წევრობას. ამის შესახებ სენატორი Twitter-ზე წერს.
"აუცილებელია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს უკრაინისა და საქართველოს ურყევი მხარდაჭერა NATO-ში გაწევრიანების კუთხით.
ამერიკამ უნდა გააგრძელოს თავისი ხალხის გვერდით დგომა, რადგან ისინი მუშაობენ დემოკრატიული, წარმატებული და დამოუკიდებელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - წერს სენატორი.
გამოცემა NPR-თან ინტერვიუში სენატორმა პორტმანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მკაცრად უნდა დასვას საქართველოზე, უკრაინასა და ბელარუსზე რუსეთის ზეწოლის საკითხი.
მისი თქმით, 21-ე საუკუნეში არსებობს ქვეყანა, რომელმაც სუვერენული საზღვრები დაარღვია, საქართველოს და უკრაინის ნაწილი დაიპყრო და ამ რაიონებში მილიტარიზაციას და ადამიანის უფლებათა დარღვევას განაგრძობს.
"ჩვენ სამ ქვეყანაში ვიყავით. ერთი იყო ლიეტუვა, სადაც ყურადღება გამახვილდა ბელარუსის სიტუაციაზე. მეორე, ჩვენ უკრაინაში წავედით, შემდეგ კი საქართველოში. სამივე ქვეყანაში რუსეთი ახდენს დამატებით ზეწოლას. მათ შორის არსებობს სამხედრო საფრთხეები, დეზინფორმაცია და კიბერშეტევა. პრეზიდენტმა, როდესაც ის შეხვდება ვლადიმერ პუტინს, უნდა დააყენოს ყველა ეს საკითხი", - აცხადებს სენატორი.
სენატორმა პორტმანმა საქართველოსა და უკრაინის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნა გამოცემა Wall Street Journal-შიც. როგორც რესპუბლიკელი სენატორი აღნიშნავს, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ NATO-ს უნდა მოუწოდოს საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ და ხელი შეუწყოს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს გაცემული დაპირების შესრულებას, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან.
სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ
სენატორი რობ პორტმანი: აშშ ამაყად დგას საქართველოს გვერდით
სენატორი რობ პორტმანი: საქართველო აშშ-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში