NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება NATO-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა "პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის" , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ "საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში".
"საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში. ზემოაღნიშნული არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე. წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით. მოხარული ვართ, რომ სათანადოდ დაფასდა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ქართველო ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, კომუნიკეში მოკავშირეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით.
„მოკავშირეები ღიად მიუთითებენ, რომ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი სრულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და მომავალში იყოს ალიანსის ღირსეული წევრი“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამიტის დასკვნით დოკუმენტში NATO-ს წევრებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ;
„საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ადგილზე არსებული ვითარების ძალიან სწორ და მკვეთრ შეფასებას. ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია „ძალადობრივი“ მეთოდებით ახდენს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტას დანარჩენი საქართველოსგან. მეტიც, კომუნიკეში პირდაპირ არის მოწოდებული რუსეთის ფედერაციისადმი შეწყვიტოს ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, მათი უკანონო გასამართლება და შევიწროვება;
ამასთან, მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე;
ასევე საგულისხმოა, რომ კომუნიკეში მოკავშირეები გამოხატავენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებული თანამშრომლობა, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად;
მოკავშირეები მიესალმებიან პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და მოუწოდებენ ყველა მხარეს სისრულეში მოიყვანონ აღნიშნული შეთანხმება;
მიუხედავად იმისა, რომ ეს სამიტი იყო ხანმოკლე და შეზღუდული ფორმატით იმართებოდა, პოლიტიკური გზავნილების კუთხით მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თავად NATO-სთვის, ასევე საქართველოსთვის“, - აღნიშნა ზალკალიანმა.
საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე
საგარეო უწყება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
იენს სტოლტენბერგი: NATO სოლიდარულია ჩვენი ღირებული პარტნიორების საქართველოს და უკრაინის მიმართ
სლოვენიის პრემიერი: NATO უნდა გაფართოვდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გაფართოვდება