"პუტინს ვუთხარი, თუ ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპება, ეს რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევაში, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაიდენის თქმით, მან შეხვედრაზე თქვა, რომ მომავალშიც გამოხატავს შეშფოთებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული გარემოებები.
"უნიკალური ვალდებულება გვაქვს, ვმართოთ ორ ძლიერ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ეს ურთიერთობა უნდა იყოს სტაბილური და პროგოზირებადი, უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების საკითხებზე თანამშრომლობა, განსხვავებები არსებობს...ზოგიერთ რამეში არ დავეთანხმეთ, თუმცა ეს მკვახედ არ მომხდარა.
ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ამერიკის დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. ის მოქმედებს ამერიკელი ხალხისთვის. ასევე ვუთხარი, რომ ამერიკა ვერ შეინარჩუნებს ხალხის რწმენას, თუ ის არ დაიცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ უფლებებს. როგორ გგონიათ, რა მოხდება, თუ ნავალნი დაიღუპება, ეს დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის.
ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე. ეს არ ეხება რუსეთის წინააღმდეგ წასვლას, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების შელახვაზე. როგორ შეიძლება დავრჩე ამერიკის პრეზიდენტად და ხმა არ ამოვიღო ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ამიტომაც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ხმას ავიმაღლებთ ალექსეი ნავალნის საქმეზე და ნათლად ვუთხარი, რომ გავაგრძელებთ საუბარს ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა ვიმუშავებთ უკანონოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საქმეებზე. ასევე წამოვწიე რადიო თავისუფლების ფუნქციონირების საკითხი",- განაცხადა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.
ბაიდენმა ილაპარაკა იმაზე, რომ საკუთარ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა "სასაცილო" შედარება გააკეთა ამერიკასთან, როცა საუბრობდა რუსეთში ოპოზიციის წინააღმდეგ მთავრობის მოქმედებებზე.
"ეს სასაცილო შედარებაა. ერთია, როცა პირდაპირი მნიშვნელობით დამნაშავეები გაარღვევენ კორდონს, შეაღწევენ კაპიტოლიუმში, მოკლავენ პოლიციელს და მათ პასუხს აგებინებენ. და მეორეა, როცა ხალხი წინააღმდეგია, მარშით მიდის კაპიტოლიუმში და ამბობს, თავისუფლად ლაპარაკის საშუალებას არ გვაძლევთო", - აღნიშნა ბაიდენმა.
ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა
ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მე გავაკეთე ის, რისთვისაც ჩამოვედი