ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც სექტემბერში იგეგმება, ასევე - NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების როლს საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის გაძლიერებაში. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გლობალური პანდემიის მიუხედავად, საჭიროა NATO-საქართველოს თანამშრომლობასა და ინტეგრაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება.

საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ფასილიტაციისა და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ჯეიმს აპატურაიმ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა წარმატებული მედიაციისთვის, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა.

საუბარი ასევე შეეხო NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს მოკავშირეების ცალსახა გზავნილებს, რომელიც სამიტის კომუნიკეში აისახა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელის სამიტის გადაწყვეტილებები საფუძველს ჩაუყრის საქართველოს წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე.

აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებებს აჩენს NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, რომლის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისთვის პრემიერმა ჯეიმს აპატურაის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის აუცილებლობა ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის დაუყოვნებლად გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ასევე, ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. აღინიშნა NATO-საქართველოს აქტიური თანამშრომლობის როლი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავღანეთიდან გასვლის შესახებ NATO-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველომ, სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან და NATO-სთან მჭიდრო კოორდინაციით, ავღანეთიდან ქართული დანაყოფების გაყვანა დაასრულა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და NATO-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

ჯეიმს აპატურაი: ჩემს თავს ვხედავდი არამხოლოდ როგორც NATO-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, არამედ საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელს NATO-ში

ჯეიმს აპატურაი ზალკანიანთან შეხვედრის შემდეგ: აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით

ჯეიმს აპატურაიმ და ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში NATO-ს აქტიური ჩართულობაზე იმსჯელეს

კახა კუჭავამ და ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს