სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირსა და მოძრაობა ,,სირცხვილიას" ოფისთან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, პრაიდის მოწინააღმდეგეების მიერ შექმნილი მდგომარეობა რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას.
„საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას.
პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს
„თბილისი პრაიდი“ პრემიერს პასუხობს
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ