Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მისი „ყველაზე დიდი უთანხმოება“ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ეხება.
ჟურნალისტის კითხვას, თუ რა იყო მისი ყველაზე დიდი უთანხმოება ანგელა მერკელთან, ბუშმა უპასუხა:
„ალბათ, უნდა მიგვეცა თუ არა საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანის სამოქმედო გეგმა (MAP). ის წინააღმდეგი იყო, არ მიაჩნდა, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა, მაგრამ მე პირიქით ვფიქრობდი. ისე ვიქცეოდით, რომ ეს უთანხმოება პირადულში არ გადაზრდილიყო, რადგანაც პოლიტიკის გარდა მეგობრობა იყო", - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.
შეკითხვა, შეწყვიტეს თუ არა ე.წ. სკეპტიკოსმა ქვეყნებმა პოლიტიკური წინააღმდეგობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე, დღესაც აქტუალურია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მეთიუ ბრაიზას თქმით, „მეორე საკითხია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს და რთული იქნება გერმანიის და NATO-ს სხვა მოკავშირეების დარწმუნება, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა შესთავაზონ. გერმანიის პოლიტიკა ახლა გარდამავალ ეტაპზეა, ანგელა მერკელი ემზადება პოსტის დასატოვებლად წლის ბოლოსთვის.
მეთიუ ბრაიაზამ აღნიშნა, რომ ვიდრე რუსეთი თვლის, რომ მისი აგრესიული მიდგომა საქართველოს მიმართ, მათ შორის ტერიტორიების ოკუპაცია დააფრთხობს სკეპტიკოსებს, მხარი არ დაუჭირონ საქართველოს გაწევრიანებას, რუსეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს.