„რუსეთის არაპროგნოზირებადი და აგრესიული ქმედებები, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, თურქეთის საკითხი“, - ეს ის თემებია, რომლებზეც ყურადღების გამახვილებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა NATO-ს დღევანელი სამიტის დროს ელის. სამიტის მოლოდინებს, რუსეთის ფაქტორსა და საქართველოს შიდა პოლიტიკის გავლენებს ამერიკელი დიპლომატი Europetime-თან ინტერვიუში შეეხო. მეთიუ ბრაიზა NATO-ს ამ სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას არ ელის, თუმცა ამავე დროს ფიქრობს, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი უკვე უნდა იყოს.
მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის დემოკრატიაზე.
„მეორე საკითხია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახდენს და რთული იქნება გერმანიის და NATO-ს სხვა მოკავშირეების დარწმუნება, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა შესთავაზონ. გერმანიის პოლიტიკა ახლა გარდამავალ ეტაპზეა, ანგელა მერკელი ემზადება პოსტი დასატოვებლად წლის ბოლოსთვის.
სავარაუდოდ, სამიტზე განხილვები შეეხება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, რუსეთს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ელემენტი საქართველოც არის. მთავარი საკითხი იქნება შეშფოთების გამოხატვა რუსეთის არაპროგნოზირებად და ძალიან აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის შიგნით“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.
ამასთან, ჩვენ ყველა უნდა ველოდოთ პრეზიდენტ ბაიდენისგან ძალინ ძლიერ, მტკიცე დადასტურებას NATO-ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველას თავდასხმას ნიშნავს. ასევე, საინტერესო განხილვებს ველოდები თურქეთთან დაკავშირებით, რომელიც შეიარაღებული ძალების სიდიდით მეორე ადგილზეა და რომელიც ალიანსის ბევრი წევრის მიერ განიხილება პრობლემატურად, ბოლო წლებში მისი კურსის გამო. საერთო ჯამში, NATO აცნობიერებს, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, თუმცა ალბათ სამიტზე არასასიამოვნო საუბრებიც იქნება თურქეთთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან.
NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, თუმცა, ახლა დროა, წინ ვიყუროთ. მჯერა, რომ შეთანხმება შესანიშნავ პოზიციაში აყენებს საქართველოს, რათა ყურადღება რიგ შეყოვნებულ რეფორმებზე გაამახვილოს. ეს ავტომატურად მნიშვნელოვანია NATO-ში წევრობისთვის მომზადების კონტექსტშიც.
ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ საქართველოს პრაქტიკულ დახმარებას, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საშუალებით, რომელიც ახლახან განახლდა. აღნიშნული პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას და საბოლოოდ, საქართველოს NATO-ში წევრობისთვის მომზადებას ისახავს მიზნად“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.
NATO, ეს არ არის სამხედრო ალიანსი ვინმეს წინააღმდეგ, ესაა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დამოკიდებული და შექმნილი ერთიანობა. თუმცა ისიც ვიცით, რომ ლოზუნგი - „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ არ არის ვალიდური და ამგვარ კომპრომისებს იმედგაცრუება მოაქვს. თქვენი აზრით, საერთო ფასეულობითი ერთიანობა, კონსოლიდირება და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება იქნებოდა თუ არა სწორედაც მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი პასუხი რუსეთისთვის? - Europetime-ის ამ შეკითხვას ჯეიმს აპატურაიმ ასე უპასუხა:
„ეჭვგარეშეა, რომ 14 ივნისს დაგეგმილი სამიტის წინ განხილვების დროს, უმთავრესი საკითხი იქნება, როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და ღირებულებებს, საუკეთესოდ იმუშაონ საფრთხეებისა და გამოწვევების ფართო სპექტრის პირისპირ. ნება მომეცით დავამატო, რომ ამ გამოწვევათა ნაწილის სათავე პრეზიდენტ პუტინის აგრესიული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაა, როგორიც არის მაგალითად უკრაინის საზღვართან მიმდინარე მოვლენები, მაგრამ სხვა გამოწვევები სათავეს სხვაგან იღებს. პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ვეძიოთ მაღალი დონის სოლიდარობის და საერთო გადაჭრის დამყარებაში ჩვენს შორის - ანუ მოკავშირეებში, და ასევე პარტნიორებთან, როგორიც არიან საქართველო და სხვა თანამოაზრე ქვეყნები“, - განაცხადა აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
NATO-ს სამიტი 14 ივნისს, ბრიუსელში იმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ხელშესახებ შედეგს მიიღებს, მისი უკრაინელი კოლეგა კი, აცხადებს, რომ ახლა ყველაზე კარგი დროა, ამ ორი ქვეყნისთვის MAP-ის მისანიჭებლად. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ NATO-ს სამიტმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და გზავნილით მკაფიოდ გვაჩვენოს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის და „ღია კარი“.
ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ესტონელი პოლიტიკოსი NATO-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„მე ძალიან მჯერა ღია კარის პოლიტიკის. მტკიცედ მჯერა, რომ თითოეულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და ის თუ რომელ ორგანიზაციებში სურთ ყოფნა. და ისევ, ესტონეთის მაგალითს დავუბრუნდები, მერწმუნეთ, ჩვენ ეს 90 - იანი წლების დასაწყისში გამოვიარეთ, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში არავინ გველოდა. მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვატარებდით ჩვენს რეფორმებს, ვცდილობდით მაქსიმალურად დაახლოებას, ამიტომ ველოდებოდით შესაძლებლობის ფანჯარას და როდესაც კარი გაიღო, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ ამ უპირატესობით საუკეთესოდ ვისარგებლეთ.
წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია ალიანსიდან დადებითი სიგნალების, დადებითი პასუხების მისაღებად. ასე რომ, ეს არის მომავალი, რომელიც თქვენმა ხალხმა აირჩია. თქვენ, ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იმუშაოთ თქვენი ხალხისთვის და იმ ოცნებების ასრულებისთვის, რომლებიც თქვენმა ხალხმა გამოხატა. ასე რომ, თქვენ გაქვთ ბევრი მეგობრის მხარდაჭერა ევროკავშირსა და NATO-ში“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
NATO-ს სამიტის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იქნება. საქართველოს საკითხი მოხვდა სამიტის დღის წესრიგის იმ ნაწილში, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.
ბრიუსელის სამიტზე მიღებულ იქნება დასკვნითი დოკუმენტი, კომუნიკე. ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ კომუნიკეში ადეკვატურად აისახება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, დაფიქსირდება NATO-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოზე.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ დაფასდება.