იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვაქცინირებულებისთვის წამახალისებელი ღონისძიებების შემოღება რადიკალურად არ შეცვლის ვაქცინაციის ტემპს, მაგრამ ეს გარკვეულწილად ერთგვარი სტიმული იქნება მოსახლეობისთვის.
ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ წამახალისებელი ღონიძიებების არსებობა ყოველთვის გამოიღებს შედეგს.
„ვერ გეტყვით, გეგმა არის თუ არა შემუშავებული, მაგრამ წამახალისებელი ღონიძიებების პაკეტზე დიდი ხანია, ჯერ კიდევ იქედან არის საუბარი, ვიდრე აცრები დაიწყებოდა. იმუნიზაციის საბჭოს რამდენიმე შეხვედრაზე განვიხილეთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება. მათ შორის, ზოგიერთი ქვეყანა მოსახლეობას სთავაზობს თანხას, სასურსათო ბარათებს და ა.შ. ყველა ქვეყანას თავისი მიდგომა აქვს.
ასევე იყო მოსაზრება, რომ ორჯერადად ვაქცინირებულები დაეშვათ ნებისმიერ დახურულ სივრცეში, იქნებოდა ეს რესტორანი, ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზი თუ კინოდარბაზი. ასევე, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ვინც აიცრებოდა, მათთვის მიეცათ სასაჩუქრე ბონუს ბარათები მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო მომსახურებისთვის. ბევრი ვარიანტი იყო, თუმცა ამ თემაზე დიდი ხანია, საუბარი არ ყოფილა. ეს არის აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა, თუმცა ახლა არ ვიცი, განიხილება თუ არა ეს საკითხები.
მაგალითად, სამედიცინო კორპორაცია EVEX-ს სხდომაზე ჰქონდა წარმოდგენილი სრულად ვაქცინირებულებისთვის 500-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერის შეთავაზება. EVEX-ში ეს დანერგილია და მუშაობს. ასევე იყო მოსაზრება, რომ ექიმებისთვის მიეცათ 2-3 დღიანი დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება. ექთნებისთვის 150 ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ აფთიაქში, კოსმეტიკური საშუალებების შესაძენად. სხვა დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა რა გადაწყვიტეს, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. სახელმწიფოს დონეზე მსგავსი ჩამონათვალი შეიძლება იყო განხილული, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ექიმებისთვის დამატებითი 2-3 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება „სერიოზული და კარგი ბონუსი იყო“.
„შეიძლება, რომელიმე კლინიკამ, ჰოსპიტალმა ეს ინდივიდუალურად განახორციელა, მაგრამ ცნობილი არ არის", - აცხადებს ივანე ჩხაიძე Europetime-თან.
მოახდენს თუ არა წამახალისებელი ღონისძიებების გატარება ვაქცინაციის პროცესზე გავლენას, ივანე ჩხაიძის თქმით, სიტუაცია „რადიკალურად არ შეიცვლება, თუმცა ეს გარკვეულწილად სტიმული იქნება მოსახლეობისთვის.
„ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი ქვეყანა წავიდა ამ გზით. მაგალითად, აშშ-ში ორჯერადად ვაქცინირებულებისთვის ლატარეაში მილიონი დოლარი თამაშდება. ზოგ შტატში სასურსათო ვაუჩერები იყო. მსგავსი ბევრი ვარიანტი განიხილებოდა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ საქართველომაც დააწესოს ჯილდო.
„სახელმწიფოს ვერ დაავალდებულებ. ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ეს სტიმულირება. მაგრამ წახალისების მექანიზმი რომ უნდა არსებობდეს, მხოლოდ მე არ ვფიქრობ ამას“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
„თუ არ ვცდები სერბეთში, ყველა ვაქცინირებულისთვის განკუთვნილი იყო 80 ევრო, ზოგ ქვეყანას 30 ევრო ჰქონდა. არ მგონია, რომ ჩვენ იმის რესურსი გვქონდეს, ვაქცინირებულებს ფულადი ჯილდო შევთავაზოთ, მაგრამ რაიმეს მოფიქრება ნამდვილად შესაძლებელია. სამედიცინო სფეროს მხრივ, თუ რომელიმე სამედიცინო კომპანია, ან კერძო კლინიკა 2-3 დღიან ანაზღაურებად შვებულებას მისცემს ორჯერადად ვაქცინირებულ ექიმებს, ნამდვილად კარგი იქნება.
ვფიქრობ, ახლა უფრო მეტად იმუშავებს და შედეგის მომტანი იქნება „მწვანე ზონების“ შექმნა, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებები გავხადოთ „მწვანე ზონა“. ასევე, რესტორნები და სასტუმროები. თუ მათი პერსონალის 80%-ზე მეტი იქნება ვაქცინირებული, მაშინ ის იქნება „მწვანე ზონა“. ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ შემიძლია რისკის გარეშე ვისარგებლო ამ სერვისით.
შეიძლება, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიგვეღო და კარგი იქნებოდა. ეს ინდივიდუალურია, სახელმწიფო რამდენად უნდა ჩაერიოს ამაში ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ, ეს წახალისების მექანიზმი უნდა მუშაობდეს, დარწმუნებული ვარ. ამას სახელმწიფო ვერ გააკეთეს. ინიციატივა კომპანიებმა უნდა გამოიჩინონ, ეს კარგი იქნება კონკურენციის კუთხითაც.
ის რომ, „მწვანე რესტორანში“ ვაქცინირებული უნდა შევიდეს თუ არა, ეს მეორე მხარეა. სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს, რომ რესტორანში მარტო ვაქცინირებული შევიდეს. ჩვენთან ჯერჯერობით არ არის. ძალიან ბევრ ქვეყანაში კი ასეა, რადგან რესტორანი არის ყველაზე რისკის შემცველი დაწესებულება.
თუ ჩვენ გვექნება ასეთი რეგულაცია, რომ რესტორანში, ბარში, კინოთეატრსა და ღამის კლუბში შევიდეს მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული, ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ახალგაზრდებისთვის. ამ შემთხვევაში ორივე მხარეა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ერთი - მე უნდა წავიდე რესტორანში, მაგრამ სახელმწიფო არ მიშვებს, რადგან არ ვარ ვაქცინირებული, მეორე- რესტორნის არჩევანი მაქვს და ავირჩევ იმას, რომელიც არის უსაფრთხო", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან.
რა შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში ბავშვების ვაქცინაცია
ივანე ჩხაიძე: ორჯერ ვაქცინირებულებისთვის კორონავირუსის ინდური ვარიანტი საშიში არ არის
ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია