„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით აქტიურად მუშაობს ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე“, - Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი მოქალაქეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ.
„სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
ცნობისთვის, ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. ავღანეთის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა მედიას, რომ აშრაფ ღანი მეზობელ ტაჯიკეთში გაფრინდა.
მანამდე, დაჯგუფება „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა. ამ დროისთვის, ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები იმართება.
ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა Associated Press-ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების მიზანია „თალიბანისთვის“ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. „თალიბანი“ ავღანეთის 20-მდე პროვინციის დედაქალაქს აკონტროლებს,
ბოლო ცნობებით, მოძრაობა „თალიბანმა“ ქალაქი მაზარ-ი-შარიფი დაიკავა. ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოდ ევაკუაციის მიზნით, ქაბულში 3000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ ეს რიცხვი 5000-მდე გაიზრდება. ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ "თალიბანი" დიპლომატების გაყვანის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ის "ძლიერ სამხედრო" პასუხს მიიღებს.
ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ.
„20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გადავამზადეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა ასევე დააჩქარეს საკუთარი დიპლომატებისა და საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია ავღანეთიდან.
შეგახსენებთ, პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.