NATO: ბოლო 20 წლის განმავლობაში წარმატებით ვებრძოდით ტერორიზმს ავღანეთში. არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ტერორისტი დაგვემუქროს

NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორგ განცხადებაში წერია, NATO ავღანეთს მოუწოდებს, შექმნას ინკლუზიური მთავრობა, ქალებისა და უმცირესობების ჩართულობით.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ავღანეთში მომხდარი მძიმე მოვლენების გამო და ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ ასევე გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ავღანეთში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო.

ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას გაეროს უშიშროების საბჭოს 16 აგვისტოს განცხადებისადმი და მოვუწოდებთ, დაიცვან ადამიანის უფლებები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები და სტანდარტები ნებისმიერ ვითარებაში.

ჩვენი უშუალო ამოცანაა, შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეების, პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეების და ავღანელების უსაფრთხო ევაკუაცია, განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც ჩვენ გვეხმარებოდნენ.

ავღანეთში უფლებამოსილ პირებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო გამგზავრებას, მათ შორის ქაბულში, ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში.

ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად და გააძლიეროს მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიღწევები, რასაც მათ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიაღწიეს. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების აქტორების გვერდით ვდგავართ, რომლებმაც უნდა შეძლონ უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი როლი ავღანურ საზოგადოებაში.

ჩვენ მოვუწოდებთ ავღანეთში ყველა მხარეს, კეთილსინდისიერად იმუშაონ ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შესაქმნელად, მათ შორის ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების მნიშვნელოვანი მონაწილეობით.

დღევანდელ ვითარებაში NATO-მ შეწყვიტა ავღანეთის ხელისუფლებისადმი ყოველგვარი დახმარება. ავღანეთის ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, უზრუნველყოს ყველა ავღანელის, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და უმცირესობების უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის დაცვა, დაუშვას შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უზრუნველყოს, რომ ავღანეთი აღარასოდეს გახდება ტერორისტების თავშესაფარი.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენ წარმატებით ვებრძოდით ტერორიზმს ავღანეთში. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ტერორისტი დაგვემუქროს. ჩვენ კვლავაც ერთგულები ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ შეუპოვრობითა და სოლიდარობით ბრძოლის.

პატივს მივაგებთ ყველას მიერ გაწეულ სამსახურს და გაღებულ მსხვერპლს, ვინც ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაუღალავად იბრძოდა ავღანეთის უკეთესი მომავლისათვის.

ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ ავღანეთში NATO-ს ჩართულობის შესახებ და გამოვიტანთ საჭირო დასკვნებს", -ნათქვამია NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

ამავე თემაზე:

გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება

სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელება

ავღანეთის საკითხზე, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ

NATO-მ ავღანეთის მთავრობას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა