პრემიერი: 2024 წელს საქართველო ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე უარის თქმა, ევროკავშირის წევრობაზე, ინტეგრაციასა და ზოგადად ამ კურსზე უარის თქმას არ ნიშნავს. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2024 წელს საქართველო ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე.

"კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, სწორედაც რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გახდა შეუქცევადი ევროკავშირთან ინტეგრაცია. ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, როცა პირველ ჯერზე ვიყავი პრემიერი, მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ყველაფერი ეს გახდა ხელშესახები ჩვენი მთავრობის დროს. იგივე NATO-სთან მიმართებით ხელშესახები ინტეგრაცია და ყველა ერთხმად აღიარებს და საქართველო და ქართული ჯარი დღეს არის მზად, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა. თუმცა, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია NATO-ს წევრი ქვეყნების საერთო გადაწყვეტილებაზე.

ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა და განისაზღვრა საგარეო პოლიტიკის კურსი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კითხვა არ არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ დააბნიონ მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი მეგობრებიც ევროპაში, ამ მანიპულაციებით და ტყუილებით, დამახინჯებული ფაქტებით ცდილობენ მოსახლეობის და ჩვენი მეგობრების შეცდომაში შეყვანას. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ერთი - ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცედ სვლას ევროკავშირისკენ. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რომ საქართველო ღირსეულად წარდგება და 2024 წელს ოფიციალურად შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და გავაგრძელებთ სტრატეგიულ მოთმინებასა და მზადყოფნას იმისთვის, რომ ერთ დღეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახისა და ნატოს წევრი", - განაცხადა პრემიერმა.

ასევე წაიკითხეთ:

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ევროკავშირში გასაგზავნად წერილს ამზადებს და მისგან განმარტებას ითხოვს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს

ევროკავშირის წარმომადგენლობა: საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა

ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირის სესხზე უარის თქმა დიდი შეცდომაა, ეს უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება