„ხელისუფლება ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე იდგება, ეს არის იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის გაგრძელება, რომელსაც ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა ახორციელებს წლების განმავლობაში“, - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მედიაში გავრცელებულ ე.წ. ფარულ ფაილებზე საუბრობს.
„ფარული თვალთვალი და მოსმენა, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა, ინფორმაციის ფაბრიკაცია და ცრუ ბრალდებების „შეკერვა“, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებული ჩანაწერების ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოქვეყნება, უკვე წლებია ამ პოლიტიკური ძალის ხელწერად იქცა. თუმცა, ამ მეთოდებით მათ ვერც სახელმწიფოს და ვერც ეკლესიის დისკრედიტაცია ვერ შეძლეს. ეს მათ არც მომავალში გამოუვათ“. „ნაციონალურ მოძრაობას“, ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის მტრებს, 2 ოქტომბრის არჩევნებში ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს. ბოლშევიკები უკვე დიდი ხანია ცდილობენ, ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძვლების შერყევას, თავს ესხმიან სახელმწიფოსა და ეკლესიას, თუმცა, მათი ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.
„ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ მრავალი საუკუნის განმავლობაში გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ბუნებრივია, ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს და მათთან გამკლავებაც არ გაუჭირდება. ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება დგანან და იდგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის სადარაჯოზე. ის გარყვნილება, რაც ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელეარხების საშუალებით, იმის შედეგია, რომ ეს პოლიტიკური ძალა მყარად არის დარწმუნებული საკუთარ საარჩევნო მარცხში. ჩვენი მხრივ, ქართულ საზოგადოებას ვაძლევთ მყარ გარანტიას, რომ საქართველოს ხელისუფლება მყარად დაიცავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას და ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამავე თემაზე:
ოპოზიციის და მმართველი გუნდის კომენტარები ე.წ. ფარულ ფაილებზე
მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები