"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს გულწრფელად ვესაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ამა თუ იმ საკითხს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა შესაბამის ფორმებშია.
ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელმა რიტორიკამ დასავლეთთან ურთიერთობის ფორმები არ დააზიანა.
"მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში გახლდით, იქიდან თვალს ვადევნებდი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს. ასევე კარლ ჰარცელთან მქონდა კომუნიკაცია. რადგან პარტნიორები ვართ, აუცილებელია, რომ ერთმანეთს სათქმელი გულწრფელად ვუთხრათ. როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია. როცა ეთანხმები, რა თქმა უნდა, ესეც აღსანიშნავია.
ისინიც აუცილებლად ადეკვატური უნდა იყვნენ მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, რომ ეს მხარე ამ შემთხვევაში არ იქცეოდა შესაბამისად და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ამას კარგად ხედავენ და დააფასებენ. ყველაფერი იქნება გამოხატული საბოლოო დასკვნაში, რომელიც დაიდება არჩევნების შემდეგ", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ოფისთან იჩხუბეს.
ამავე თემაზე:
ირაკლი ღარიბაშვილი: მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციისგან
ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა