ამერიკის საელჩო საარჩევნო უბნების დახურვამდე ორი საათით ადრე აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის, იხილოს ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი. შესაბამისი ტექსტი საელჩომ Facebook-ზე განათავსა.
როგორც ცნობილია, ელჩი კელი დეგნანი საელჩოს დამკვირვებელთა 45 ჯგუფთან ერთად საქართველოს მუნიციპალურ არჩევნებს აკვირდება. ამერიკის ელჩი მარნეულში იმყოფება.
„ჩვენ მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი. ასევე, მიუხედავად გამარჯვებულების ვინაობისა, ველით ვალდებულების აღებას, რომ მმართველობისას ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნულია ტექსტში.
ასევე წაიკითხეთ: ამერიკის საელჩო: სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია
„ინტერესი და ყურადღება ამ არჩევნების მიმართ არის ძალიან დიდი როგორც ადგილობრივად, ასევე აშშ-ში, ვაშინგტონში, საიდანაც ყურადღება მოპყრობილია საქართველოსკენ“, - განაცხადა 2 ოქტომბრის დილით ამერიკის ელჩმა.
ცნობისთვის, დღეს პრემიერმა საარჩევნო უბნების დახურვამდე სამი საათით ადრე ყველას შეახსენა, რომ „ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე“.
შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს, რადგან 43%-ზე ნაკლების მოპოვების შემთხვევაში, მმართველ პარტიას ეს ვალდებულება აქვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მომზადებული შეთანხმების თანახმად. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს.
ამავე თემაზე: