2 ოქტომბრის კენჭისყრა იყო დაკარგული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში. ამის შესახებ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის (CLRAE) დელეგაციის ხელმძღვანელის დევიდ ერეის შეფასებას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს და იუწყება, რომ დელეგაციამ არჩევნების დაკვირვების მისია დაასრულა.
დევიდ ერეიმ ხაზი გაუსვა ქვეყანაში უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს, ასევე კამპანიის დროს აგრესიის, სიძულვილის ენისა და ყალბი ამბების ზრდას სოციალურ მედიაში.
„ამ პოლარიზაციამ მოახდინა უარყოფითი გავლენა ადგილობრივ დემოკრატიაზე, რაც ფაქტობრივად, საერთო პოლიტიკური ვითარების მძევალი გახდა. ამ ფონზე, ეს კენჭისყრა იყო დაკარგული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში“, - განაცხადა დევიდ ერეიმ. ევროსაბჭოს პრესრელიზში მითითებულია, რომ არათანაბარი პირობები, ზეწოლა ამომრჩევლებზე და ამომრჩევლის მოსყიდვა იყო ამ არჩევნების კიდევ ერთი მახასიათებელი, რამაც კონგრესის დელეგაციის შეშფოთება გამოიწვია.
მისივე თანახმად, საერთო ჯამში, არჩევნების დღე იყო მშვიდი, მოწესრიგებული, გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული. გარდა ზოგიერთი შეუსაბამობისა, განსაკუთრებით, საარჩევნო კაბინების მოწყობასთან დაკავშირებით, კონგრესის დამკვირვებლებმა კენჭისყრის პროცედურების დროს ვერ შეამჩნიეს მნიშვნელოვანი ხარვეზები.
კონგრესის ზოგიერთმა დამკვირვებელმა ასევე აღნიშნა ახალი რეგულაციის დარღვევა საარჩევნო უბნების გარშემო 100 მეტრის პერიმეტრზე.
საქართველოს ხელისუფლების მოწვევის შემდეგ, კონგრესმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 2021 წლის 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით გამოგზავნა და დააკვირდა 2 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, ეუთო/ODIHR- თან და ევროპარლამენტთან ერთად.
კონგრესის მისია შედგებოდა 18 წევრისგან, რომლებიც ევროსაბჭოს 15 ქვეყანას წარმოადგენდნენ. მისია აკვირდებოდა არჩევნებს საქართველოს 9 რეგიონში და სულ 120 - მდე საარჩევნო უბანს ეწვია გახსნიდან დახურვამდე. დელეგაციამ თბილისში ვიზიტისას შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, არასამთავრობოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან.
კონგრესის ანგარიში წარმოდგენილი იქნება მომდევნო მონიტორინგის კომიტეტზე და კონგრესის პლენარული სხდომის დროს, 2022 წლის მარტში მიიღება.
ამავე თემაზე:
ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები
ევროკავშირი 2 ოქტომბრის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს
ექსკლუზივი: გერმანიის ელჩი არჩევნებზე: არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება