ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკაკი ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც, მათ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს. პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალნენ და იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი შეშლოდა, სხვადასხვა ავტომანქანა გამოიყენეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი გადამალეს.

„დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიმალვაში იყვნენ, მაგრამ არ მგონია, დასასვენებლად ყოფილიყვნენ წყენთში. 10-15 მანქანა გამოიყენეს, ზოგი ტაქსი, ზოგი - ნათხოვარი მანქანა", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

„თქვენო ღირსებავ, 21 დღე არ გვძინებია არც მე და არც საგამოძიებო ორგანოს, ნაბიჯ-ნაბიჯ დავსდევდით და როგორც იქნა, დღეს თქვენს წინაშე არიან წარმოდგენილი“, - მიმართა მოსამართლეს პროკურორმა.

მისივე თქმით, ამოსაღებია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ასევე, დასადგენია იმ პირთა წრე, რომლებიც ბრალდებულებს მატერიალურ თუ ინტელექტუალურ დახმარებას უწევდნენ. ასევე, ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად 20 სექტემბერს შეუფარდეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვერაზე 15 სექტემბერს დაჭრილი ახალგაზრდა, კლინიკაში, მერე დღეს გარდაიცვალა.

შსს-ს მიერ 8 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს.

მკვლელობაში ბრალდებულები 7 ოქტომბერს დააკავეს.