"გაზპრომმა" მოლდოვას გაზი ოთხჯერ გაუძვირა

მოლდოვის მთავრობამ ბუნებრივი გაზის დეფიციტის გამო, ენერგეტიკული განგაში გამოაცხადა. მიზეზი "გაზპრომთან" ხელშეკრულების ვადის მოწურვა გახდა.

ახალი კონტრაქტი ჯერ ხელმოწერილი არ არის, რადგან მხარეები მისაღებ ფასზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. კონტრაქტის განახლებამდე, მოლდოვა იძულებულია რუსული გაზი დაახლოებით 4-ჯერ უფრო ძვირად შეიძინოს. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.

მოლდოვის ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრ ანდრეი სპინუს განცხადებით, განგაშის მდგომარეობა საჭიროა, რათა ენერგოსექტორის საწარმოები სერიოზულად მოემზადონ მოვლენების შესაძლო, რთული სცენარით განვითარებისთვის და მიღებული იყოს ზომები წლის ცივ პერიოდში მოქალაქეთა ენერგორესურსებით უზრუნველსაყოფად.

"ბუნებრივი გაზის ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, ენერგოსექტორის საწარმოები, მათ შორის თბოელექტროსადგურები ნაწილობრივ გადავიდნენ მაზუთის და ნახშირის გამოყენებაზე. გარდა ამისა, მოლდოვა ცდილობს დეფიციტის შესავსებად გაზი შეიძინოს რუმინეთიდან და უკრაინიდან", - აღნიშნავს სპინუსი.

საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ეკონომიკის გაჯანსაღება შეაფერხოს.

ამის შესახებ, ბორელის პირად ბლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.

"ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს. ევროკავშირი და რუსეთი ენერგორესურების საკითხში ურთიერთდამოკიდებული არიან, რადგან რუსეთის ბიუჯეტი ევროპაში გაყიდული ბუნებრივი აირისა და საწვავის ხარჯზე მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს. რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს, აფერხებს ეკონომიკის აღდგენას და ძირს უთხრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკურ და სოციალურ მხარდაჭერას. ეს ასევე ზრდის ჩვენს დაუცველობას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში“, – წერს ჟოზეფ ბორელი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში მართავს ოფიციალურ შეხვედრებს.

13 ოქტომბერს მოსკოვში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

პუტინმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ რუსეთს წვლილი შეაქვს ბუნებრივ აირზე ფასების სარეკორდოდ გაზრდაში.

ანდრიუს კუბილიუსი: მოლდოვა ევროპის იმედია

ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

აშშ-მა მოლდოვას სამხედრო ტექნიკა გადასცა