ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
მთავრობა აღნიშნული ინიციატივის დასამტკიცებლად პარლამენტს მიმართავს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი "გაზპრომთან" ხელშეკრულების ვადის ამოწურვა გახდა.
ახალი კონტრაქტი ჯერ ხელმოწერილი არ არის, რადგან მხარეები მისაღებ ფასზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. კონტრაქტის განახლებამდე, მოლდოვა იძულებულია რუსული გაზი დაახლოებით 4-ჯერ უფრო ძვირად შეიძინოს. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა.
მოლდოვის მთავრობა რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
პრემიერ-მინისტრ გავრილიცას განცხადებით, მოსკოვში „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მთავრობის ცნობით, მოლდოვის გაზის ბაზარზე დაახლოებით 16 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის დეფიციტია.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებიდან შესაძენად კანონით გათვალისწინებული გარკვეული პროცედურების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს.
„შეთანხმების მიღწევას თუ ვერ შევძლებთ, სხვა ზომებს მივმართავთ, რათა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა გავრილიცამ.
საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ეკონომიკის გაჯანსაღება შეაფერხოს.
ამის შესახებ, ბორელის პირად ბლოგზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.
"ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს. ევროკავშირი და რუსეთი ენერგორესურების საკითხში ურთიერთდამოკიდებული არიან, რადგან რუსეთის ბიუჯეტი ევროპაში გაყიდული ბუნებრივი აირისა და საწვავის ხარჯზე მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს. რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს, აფერხებს ეკონომიკის აღდგენას და ძირს უთხრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკურ და სოციალურ მხარდაჭერას. ეს ასევე ზრდის ჩვენს დაუცველობას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში“, – წერს ჟოზეფ ბორელი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში მართავს ოფიციალურ შეხვედრებს.
13 ოქტომბერს მოსკოვში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
პუტინმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ რუსეთს წვლილი შეაქვს ბუნებრივ აირზე ფასების სარეკორდოდ გაზრდაში.