ენტონი ბლინკენისა და NATO-ს გენმდივნის სატელეფონო საუბრის თემა აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების ონლაინშეხვედრა იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის, 7 დეკემბერს გამართული ონლაინშეხვედრა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის საპასუხოდ NATO-ს ხედვები განიხილეს

ენტონი ბლინკენმა შეაქო გენერალური მდივანი მისი მუდმივი ძალისხმევისთვის, რომელიც ალიანსში ერთიანობის გაზრდისკენ არის მიმართული და ასევე NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების წარმატებული შეხვედრის ორგანიზებისთვის, რომელიც 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, რიგაში, ლატვიაში გაიმართა.

ასევე წაიკითხეთ

ენტონი ბლინკენმა უკრაინის საკითხი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან განიხილა

თეთრი სახლი: უკრაინის გარშემო ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ბაიდენმა პუტინი „ძლიერი ეკონომიკური“ სანქციების შესახებ გააფრთხილა

ჯო ბაიდენი პუტინთან ონლაინშეხვედრის შემდეგ, ევროპელ მოკავშირეებს ესაუბრა

ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს მკაფიოდ განვუცხადე, რომ თუ შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება

ცნობისთვის, 8 დეკემბერს, აშშ-ის და რუსეთის ლიდერების ონლაინშეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტმა ბაიდენმა და აშშ-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა, კოორდინირებული ქმედებების მიზნით, ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში.