აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს წინ უძღვის უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრის გარშემო აშშ-ის, მისი ევროპელი მოკავშირეებისა და NATO-ს შეშფოთება და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ ულტიმატუმის ენა მოსკოვიდან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში NATO-სგან მოითხოვა, უკან წაიღოს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაიცა. რუსეთს მალევე უპასუხეს ბრიუსელიდან და შეახსენეს, რომ მიუღებელია, როდესაც ის ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები.
რუსეთის პერიოდულად გააქტიურება კიდევ ერთხელ აქტუალურს ხდის საკითხს, ხომ არ არის უფრო ქმედითი ნაბიჯებისა და კონკრეტული ინიციატივების შეთავაზების დრო ქვეყნებისადმი, რომლებიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან და რომლებიც მუდმივად არიან რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე.
საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევრის, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, NATO-ს პასუხი არ შეიძლება, შემოიფარგლოს მხოლოდ იმით, რაც ჩვენ მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან, ან რა განცხადებებსაც აწი მოვისმენთ. კერძოდ კი, NATO-მ განცხადებებს„ „უნდა მოაყოლოს ქმედებები“.
„ეს ქმედება უნდა იყოს მეტის შეთავაზება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო. მაგალითად, გაწევრიანების პროცესის დაჩქარება, რომლისთვისაც რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მათ შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. ასე რომ, ეს არის გამოწვევა, რომელსაც NATO-მ პასუხი უნდა გასცეს.
რუსეთის ფედერაცია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას არღვევს, ითხოვს გარანტიებს, ეს სრულიად წარმოუდგენელი რამ არის. ეს არის სუვერენიტეტის სრული უგულვებელყოფა - ქვეყანას არაფერს ეკითხები და ისე ცდილობ, მისი ბედი გადაწყვიტო - რუსეთისთვის დამახასიათებელი სტილია, იმავდროულად, რუსეთის ფედერაცია არის ის ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე, უკრაინას მისცა გარანტიები (ბუდაპეშტის მემორანდუმი მაქვს მხედველობაში) და მერე თავადვე დაარღვია“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან. ის ხაზს უსვამს იმას, რომ ამ რეგიონის თაობაზე ჩანაწერი ძალიან ნათლად უნდა გაკეთდეს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც უნდა დამტკიცდეს მომავალში, შემდეგ, უკვე ჩნდება კითხვა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მადრიდის სამიტზე.
„ეს არის ქვეყანა, რომელმაც ხელაღებით დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და არღვევს დღესაც, ამიტომ, შეუძლებელია, ეს ქვეყანა რაიმეს ითხოვდეს სხვისგან, ეს არის უტიფრობა, რასაც პასუხი მხოლოდ განცხადებით არ უნდა გაეცეს, რადგან ეს რუსეთს არ გააჩერებს“, - მიიჩნევს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - მეტის შეთავაზება ასოცირებული ტრიოსთვის
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ბრიუსელში 15 დეკემბერს სამიტზე შეიკრიბებიან მაშინ, როცა შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ფლანგი უფრო და უფრო ცხელი წერტილია ევროპის უსაფრთხოებისთვის, წერს თენგიზ ფხალაძე გამოქვეყნებულ სტატიაში (ევროპის მოქმედებების დროა - აღმოსავლეთ პარტნირობის სამიტი და შავი ზღვის რეგიონის მომავალი) რომელშიც აღნიშნავს, რომ "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუქარა ცენტრალური საკითხი იყო რიგაში, NATO-ს მინისტერიალზე და ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სტოკჰოლმში. და, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ცენტრალური საკითხი ბრიუსელის სამიტზეც".
როგორც ცნობილია, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს მოლოდინი აქვთ, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი წვდომისა და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე.
Europetime-თან საუბრისას თენგიზ ფხალაძე მიუთითებს, რომ შემდგომი სამიტი უნდა იყოს მეტი, ვიდრე რიგითი ტექნიკური ღონისძიება, რაც გარკვეულწილად გამოწვევაა ევროკავშირისთვისაც.
„შეუძლებელია, წევრობაზე ვილაპარაკოთ, რადგან ამისთვის არც ევროკავშირია მზად და არც ჩვენ, მაგრამ ცხადია, მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტის შეთავაზების შესაძლებლობა ევროკავშირს აქვს და ამ ქვეყნებს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სწორედ ეს უნდა შესთავაზოს. თუმცა, ზუსტად ვიცი, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საქართველოს წინააღმდეგ და ზოგადად, ამ სამიტის წინააღმდეგ, და არ არის დასამალი, რომ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, ჰყავს თავისი მოწინააღმდეგეები, რომლებიც მუშაობენ ძალიან აქტიურად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაინც წარმატებას მივაღწევთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Eurpetime-თან.
სტატიაში კი ის ასევე მიუთითებს, რომ უკრაინა არ არის ერთადერთი ბრძოლის ველი შავი ზღვის რეგიონში, და რომ საქართველო რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლია.
„ქვეყნის 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულია. მცოცავი ოკუპაცია (ანუ რასაც რუსეთი „ბორდერიზაციას“ უწოდებს), მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, წამება, ქართველების ეთნიკური დევნა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სხვა დარღვევები სასტიკ რეალობად იქცა საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.
მოლდოვა ასევე განიცდის ტერიტორიულ პრობლემებს, რომელშიც მთავარი დამნაშავე რუსეთია. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი მოლდოვაში არ არის ისეთი სერიოზული, როგორც საქართველოში - რომ აღარაფერი ვთქვათ უკრაინაზე - მოსკოვი იყენებს სხვა ინსტრუმენტებს ქვეყანაზე თავისი გავლენის გასაძლიერებლად, მათ შორის ენერგომომარაგების საკითხს.
გასული წლის ივლისში, ასოცირებულმა ტრიომ ხელი მოაწერა ბათუმის დეკლარაციას, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ურყევი ვალდებულება, განაგრძოს ევროკავშირში მათი ინტეგრაციის პროცესი ყოვლისმომცველი რეფორმების გზით…“
და გააძლიერონ სამმხრივი თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და გაიმეორონ დაპირება, რომ ერთად იმუშავებენ მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული ევროპული მომავლისთვის.
შარლ მიშელმა, რომელიც დაესწრო ხელმოწერის ცერემონიას, ბათუმის სამიტს უწოდა „მნიშვნელოვანი ეტაპი“, რომელიც „ხაზს უსვამს განსაკუთრებულ კავშირებს ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორებს შორის. მან ხაზი გაუსვა, რომ სამი ასოცირების შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეები არის თანამშრომლობის ყველაზე ამბიციური ფორმა, რომელიც ევროკავშირს აქვს ნებისმიერ მესამე ქვეყანასთან“.
მომავალ კვირას, ბრიუსელის სამიტი შეიძლება მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს. დღეს ევროკავშირი არ არის მზად აღმოსავლეთის ინტეგრაციისთვის ახალი პოლიტიკური ვალდებულებების აღებისთვის და ასოცირებულ სამეულს ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტური გახდება.
თუმცა, თანამშრომლობისთვის ახალი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და უნდა გადაიდგას, რაც გამოავლენს ყველა მხარის გრძელვადიან ერთგულებას რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
ასეთი ამბიცია შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლობას უმაღლეს განათლებაში და უკეთეს შესაძლებლობებს სტუდენტებისა და მეცნიერთა გაცვლისთვის, თანამშრომლობა ინფრასტრუქტურისა და სერვისების რეგულირებაზე (მაგ. როუმინგის რეგულაციები) და ახალი პროექტების/მინი საგზაო რუკების დაწყებას უკეთესი სექტორული ინტეგრაციისთვის. უფრო მეტიც, ევროკავშირს შეუძლია, „ასოცირებული ტრიო“ „სამი ზღვის ინიციატივაში“ მიიწვიოს.
ასეთი ინიციატივები იქნება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, რომ ევროკავშირი არის ერთიანი და მტკიცე ევროპელი მეზობლების მიმართ, და რომ მზადაა, გამოიყენოს პრინციპი „მეტი მეტისთვის“. ის, რაც ხდება შავი ზღვის რეგიონში, არ რჩება რეგიონში - და, საბოლოოდ, ეს გავლენას მოახდენს ევროკავშირზე. ევროკავშირს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ იყოს პასიური. რუსეთის ახალი აგრესიით უკრაინის მიმართ, რეგიონს სჭირდება ევროპა“, - წერს თენგიზ ფხალაძე სტატიაში.