სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი 5 იანვარს გამოკითხავს. ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ „სახელმწიფო ინსპექტორს წარმომადგენელს გორის სამხედრო ჰოსპიტალში წამების ფაქტთან დაკავშირებით ელოდება“.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შედარებით კარგად არის.

„შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტისას მე იქ დამხვდა. პრობლემები არსად არ წასულა, მაგრამ უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით",- განცხადა ეკა ხერხეულიძემ.

„2 რიცხვში ჰოლანდიელ ექიმს ბილეთი ჰქონდა აღებული და ის თბილისიდან ელოდება დასტურს, რომ მას შესაძლებლობას მისცემდნენ სააკაშვილს შეხვედროდა, რაც არ მოხდა. ამ დრომდე პასუხი არ ვიცით. მასთან პირადი ექიმიც ვერ შედის. ეს კიდე უფრო დაამძიმებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უცხოელი ექიმი პასუხს ელოდება, შედგებოდა თუ არა სააკაშვილთან შეხვედრა. განმარტება უნდა გააკეთონ, რატომ არ უშვებენ ამ ადამინს", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან.

მან სააკაშვილის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს და აღნიშნა, რომ კომისია უნდა შეიქმნას და მიხეილ სააკაშვილი აპირებს, ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას.

ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ პარლამენტში ბოიკოტზე უარს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში იტყვიან.

ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის ინიციატივას, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, მხარს არ უჭერს

ირაკლი კობახიძე წინააღმდეგი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას