ნებისმიერი დისკუსია ევროპის უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის და უკრაინის ჩართულობით უნდა გაიმართოს. უკრაინის შესახებ ნებისმიერ დისკუსიაში, პირველ რიგში, უკრაინა უნდა ჩაერთოს. ევროპაში უსაფრთხოებაზე საუბარი კი ევროპელების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელის თქმით, კონფლიქტი გაღრმავების ზღვარზეა და დაძაბულობა ძლიერდება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„დღეს ჩემი პირველი ვიზიტია აღმოსავლეთ უკრაინაში. ადრეც ვცდილობდით ამ ვიზიტის განხორციელებას, მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით - ძირითადად ვირუსთან და სხვა ინციდენტებთან დაკავშირებული მიზეზით, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, ეს კარგი მომენტია, რადგან გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ძალიან სწრაფად იცვლება და კონფლიქტი უკრაინის საზღვარზეც გაღრმავების ზღვარზეა.
მომდევნო დღეებში გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ასევე შეიკრიბებიან თავდაცვის მინისტრები და დაიწყება მოლაპარაკებები რუსეთს, აშშ-სა და NATO-ს შორის. ეს არის კრიტიკული მომენტი და ვფიქრობ, რომ ეს იყო შესაფერისი მომენტი ვიზიტისთვის, თუნდაც ამინდის პირობები არ იყოს საუკეთესო უკრაინის ამ ნაწილის მოსანახულებლად.
ევროკავშირი უკრაინის ყველაზე სანდო პარტნიორია. ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ჩვენი ასოცირების შეთანხმება არის ყველაზე ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს ნებისმიერ მესამე ქვეყანასთან. მაგრამ, კონლიფქტი გაღრმავების ზღვარზეა და დაძაბულობა მყარდება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
რუსეთი მასიურად აგროვებს ჯარს და იარაღს უკრაინის საზღვრებთან. ეს პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ გასულ ზაფხულს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ევროპაში პირველი მოგზაურობის დროს, შეშფოთების მთავარი მიზეზი ჩინეთი იყო. როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ ჟენევაში, ვარაუდობდნენ, რომ აშშ და რუსეთი კომუნიკაციის ხაზების აშენების პროცესში იყვნენ.
ჩვენ, ევროპელები, ძირითადად ვუსმენდით ამ კონტაქტებს რუსეთსა და აშშ-ს შორის, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. არამხოლოდ აგროვებენ ჯარებს საზღვარზე ძალიან უჩვეულო გზით, არამედ არის მოთხოვნა, განიხილონ ორი ხელშეკრულება, რომლებიც რუსეთმა წარადგინა და მზად არის, ისაუბროს ევროპის უსაფრთხოებაზე.
აქ ვართ, პირველ რიგში, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე ერთად ვიმუშაოთ კონფლიქტის დეესკალაციისთვის. ჩვენი მთავარი ინტერესი, საზრუნავი და მიზანია, ვეცადოთ დაძაბულობის დეესკალაციას ამ და სხვა მოლაპარაკებების გზით, მაგრამ ასევე მტკიცედ გვერდით დგომით და უკრაინის მხარდაჭერის მტკიცე პოზიციების მეშვეობით, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას ექნება უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი.
ჩვენ კოორდინაციაში ვართ აშშ-სთან, NATO-სთან და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, რათა ვიმუშაოთ ამ დეესკალაციისა და მინსკის შეთანხმებების სრულად განხორციელებისთვის.
ევროპაში უსაფრთხოება არ არსებობს უკრაინის უსაფრთხოების გარეშე. ნათელია, რომ ნებისმიერი დისკუსია ევროპის უსაფრთხოების შესახებ უნდა მოიცავდეს ევროკავშირს და უკრაინას. უკრაინის შესახებ ნებისმიერ დისკუსიაში, პირველ რიგში, უკრაინა უნდა ჩაერთოს. ევროპაში უსაფრთხოებაზე საუბარი ევროპელების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ მტკიცე კოორდინაციაში ვართ შეერთებულ შტატებთან, NATO-სთან და თანამოაზრე ქვეყნებთან.
ასევე წაიკითხეთ: შეერთებული შტატების და რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს იანვარში გამართავენ
მე არ გამოვხატავ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მათ დაიწყეს ეს ორმხრივი მოლაპარაკებები. კარგი არ იქნება დიალოგზე უარის თქმა, რომელსაც რუსეთი ითხოვს. მაგრამ, თუ რუსებს ნამდვილად სურთ, ისაუბრონ ევროპის უსაფრთხოებაზე, მაშინ ევროპელები უნდა იყვნენ ამ დიალოგის ნაწილი“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ამავე თემაზე:
უკრაინაში ვიზიტის წინ ჯოზეფ ბორელი NATO-ს გენმდივანს ესაუბრა