ვენდი შერმანი: NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას არავის მივცემთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„NATO-ს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას არავის მივცემთ, რომელიც ალიანსისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა CNBC-ის ჟურნალისტის ცნობით.

ვენდი შერმანმა კვლავ გაიმეორა აშშ-ის პოზიცია, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს, დასავლეთი კიევთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე არ მიიღებს.

ჟენევაში მოლაპარაკებების პარალელურად, ბრიუსელში NATO-უკრაინის კომისიის სხდომაც ჩატარდა.

ცნობისთვის, მოსკოვმა საკუთარი მოთხოვნები აშშ-ს და NATO-ს „პროექტის“ სახით დეკემბერში წარუდგინა. რუსეთმა მოსკოვსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და NATO-სთან „შეთანხმების პროექტები“ გამოაქვეყნა და აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები 15 დეკემბერს გადაეცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდს, რომელიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა. პუტინი გარანტიებს ითხოვს, გამოირიცხოს ალიანსის გაფართოება და საკუთარ პირობებს აყენებს.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.

ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. აშშ, NATO და ევროკავშირი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის განახლების შემთხვევაში, მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებენ.

ასევე წაიკითხე:

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-რუსეთის მოლაპარაკებების წინ, ალიანსი მჭიდრო კონსულტაციებს მართავს თავის პარტნიორებთან