სახელმწიფო დეპარტამენტი CSTO-ს ძალების გაყვანის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებას მიესალმა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებას, რომ ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება. ამ პროცესის დასრულებამდე, დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა CSTO-ს მოუწოდა პატივი სცენ საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, დაუყონებლივ დატოვონ ყაზახეთი, როგორც ეს ყაზახეთის მთავრობამ მოითხოვა.

„მივესალმებით პრეზიდენტ თოყაევის განცხადებას იმის შესახებ, რომ CSTO-ს კოლექტიურმა სამშვიდობო ძალებმა დაასრულეს თავისი მისია. ამ პროცესის დასრულებამდე და CSTO-ს სამშვიდობო ძალების გაყვანამდე, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, კოლექტიურ სამშვიდობო ძალებს, პატივი სცენ საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს და შეასრულონ თავიანთი ვალდებულება, დაუყონებლივ დატოვონ ყაზახეთი, როგორც ეს ყაზახეთის მთავრობამ მოითხოვა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისათვის, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

ამავე თემაზე: ყაზახეთის პრეზიდენტი: ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება

ასევე წაიკითხეთ: ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურა ან ავტოკრატიული მმართველობაა, ყაზახეთის მსგავსი სიტუაციის გადადების ალბათობა არსებობს - ზურაბ ბატიაშვილი

მეთიუ ბრაიზა: ყაზახეთის პრეზიდენტი დასავლეთთან რისკავს