მიმდინარე კვირას, ყაზახეთი ცხელ წერტილად და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური დაკვირვების ობიექტად ძალიან სწრაფად იქცა. 2 იანვარს დაწყებულ პროტესტსა და შიდა არეულობას, 6 იანვარს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მხრიდან ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება მოჰყვა. ამ ორგანიზაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ყაზახეთში ახლა 4000-მდე სამხედროა, მათგან უმრავლესობას რუსეთი წარმოადგენს.
ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს, რადგან თვლის, რომ ყახაზეთს თავად აქვს შესაძლებლობა, სათანადოდ გაუმკლავდეს საპროტესტო აქციებს ისე, რომ თან პატივი სცეს პროტესტის მონაწილეთა უფლებებს კანონისა და წესრიგის დაცვით.
ამასთან, აშშ-ში იხსენებენ ყველასთვის ცნობილ უახლესი ისტორიის გაკვეთილებს, რომლის თანახმად, როცა რუსები უკვე შენს სახლში არიან, შემდეგ ძალიან რთულია, ტერიტორია დაატოვებინო. ზოგი გარე დამკვირვებლებისთვის ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლად ჩანს ყაზახეთში მიმდინარე პროცესები, თავად პროტესტის ობიექტი პრეზიდენტი თოყაევი გარე აქტორებზე მიუთითებს, აქციის მონაწილეებს განადგურებით ემუქრება, რაც დასავლეთის თვალში მას უკვე ავტორიტარ ლიდერად აყალიბებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ქვეყანას არ ჰყავს ეფექტიანი ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რაიმე გავლენას მოახდენდნენ პროცესებზე.
„პრეზიდენტი თოყაევი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ სიტუაციის არევას გარკვეული გარე ძალები და „ტერორისტები“ ცდილობენ, რაც ვფიქრობ, აბსოლუტური სისულელეა, ამის მტკიცებულებაც არ არსებობს. ამასთან, თოყაევი უშიშროების კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს კარიმ მასიმოვსაც ადანაშაულებს, ეს სასაცილოა და იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტი თოყაევი სასოწარკვეთილია. ხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ნაზარბაევი კონსტიტუციით გარანტირებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მან დაარღვია კონსტიტუცია.
მასიმოვის გათავისუფლებით კი, უსაფრთხოების სამსახურებში ყველანაირი მხარდაჭერა დაკარგა. არ ვფიქრობ, რომ ის საკმარისად აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახურებს, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვებაში დაეხმარებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, თოყაევი ცდილობს, შეცვალოს ხელმძღვანელობა, რომელიც მას პრეზიდენტად ნიშნავს“, - ამ სიტყვებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან საუბრისას იმაზე მიუთითებს, რომ ყაზახეთში ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლა მიმდინარეობს. მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ ყაზახეთში არეულობა, ეს არის გამოწვევა ყაზახეთისთვის და არა დასავლეთისთვის.
„მე ამას უფრო შეჯიბრს დავარქმევდი ჩინეთსა და რუსეთს შორის. დასავლეთისთვის იქ სასწორზე ბევრი რამ არ დევს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის გამოსვლა ავღანეთიდან რთულ გარემოებებში მოხდა. მას არ სჭირდება ნავთობ-გაზი (Oil-gas) ყაზახეთში. შეერთებული შტატები ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, მათ შორის რუსეთთან და საუდის არაბეთთან შედარებით. თუმცა Chevron-მა დიდი ინვესტიცია განახორციელა და რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს სურს, რომ ამ კომპანიამ კარგად იმუშაოს“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ყაზახეთი რუსეთის გავლენის ქვეშ არის. მეთიუ ბრაიზა თვლის, რომ თოყაევმა აირჩია მოსკოვი. ის ვარაუდობს, რომ ყაზახეთის ლიდერის ურთიერთობები პუტინთან დადებითად განვითარდება.
„მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ პუტინს პროცესებში ჩართვა სურდა. როდესაც იყო შანსი, რომ შესაძლოა, თოყაევი ქუჩებში საპროტესტო აქციებით დაემხოთ, ვფიქრობ, პუტინმა გადაწყვიტა - „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჯარები უნდა გავგზავნოთ“. ჩემი აზრით, პუტინისთვის უარესი იქნება, თუ პროტესტი გაგრძელდება და რუსული ჯარები ჩაერთვებიან ბრძოლაში.
ასეთ შემთხვევაში, რუსეთი, (როგორც უკრაინის) ყაზახეთის მტერი იქნება. ასე რომ, პუტინს არ სურს რუსი ჯარისკაცების „ზედმეტად ჩარევა“. „გარკვეულ სფეროებში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, აშშ-სა და რუსეთს საერთო ინტერესები აქვთ. როცა საქმე ყაზახეთს ეხება, მოსკოვსაც და ვაშინგტონსაც სტაბილურობა სურთ, მათ არ სურთ პროტესტი, რომელიც არღვევს კონტროლს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთში, ენერგეტიკულ სექტორში აშშ-ის ინვესტიციები გაგრძელდეს“.
ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ თოყაევი დასავლეთთან რისკავს, როდესაც უკვე წარმოჩინდა როგორც ცენტრალური აზიის ავტორიტარული ლიდერი, რომელიც ადრე სწორ გზაზე იდგა.
„ახლა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დაპირისპირება აირჩია. თუმცა ჩემი აზრით, რისკის ქვეშაა, იქცეს "სანქციების სამიზნედ“. „თოყაევი გახდა ავტორიტარი ლიდერი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ გზას დაადგებოდა. მქონდა პატივი, მას არაერთხელ შევხვედროდი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი, მინისტრის მოადგილე იყო და ყოველთვის წარმოსადეგი, უაღრესად განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, არ იყო დაინტერესებული ძალაუფლებით, ძალიან მიკვირს, რომ ის ხდება დე ფაქტო ავტორიტარული ლიდერი. თუ რომელიმე მმართველი პროტესტის მონაწილეთა მკვლელობის ბრძანებას გასცემს, ის ავტორიტარული ლიდერია და, მე შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ“, - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.
ყველაზე კარგ გამოსავლად ყაზახი ხალხისთვის, დეესკალაციაზე, რეფორმების გზით ქვეყნის წინ წაწევაზე მოლაპარაკებების დაწყებას თვლის. თუმცა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი თოყაევი პროტეტის მონაწილეებს განადგურებით ემუქრება და მათ ტერორისტებად მოიხსენიებს, ამერიკელ დიპლომატს აფიქრებინებს, რომ ყაზახეთის ლიდერს არ სურს მოლაპარაკებები და ის უფრო და უფრო აღრმავებს კრიზისს:
„ბევრი წელი გავატარე ყაზახეთში და იმ პერიოდის განმავლობაში, ჩემი საქმიანობის ფარგლებში ვეწვიე ქალაქ ჟანაოზენსაც. ათწლეულების განმავლობაში ყაზახეთის საზოგადოებაში დიდი ბრაზი დაგროვდა. განსაკუთრებით, ყაზახეთის დასავლეთ ზონაში, ჟანაოზენში, რადგან სწორედ იქ ეყრება საფუძველი სიმდიდრეს, რომელიც რეგიონიდან გაედინება და იქ მცხოვრები ხალხი ამით ვერ სარგებლობს. არც ბევრი ფული აქვთ და მათ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს ნავთობის წარმოებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების პრობლემა. ე.წ. თხევადი გაზის კრიზისის გამძაფრება ამ პატარა ცეცხლის ერთი ნაპერწკალი იყო, რომელიც შემდეგ საპროტესტო გამოსვლებით გაღვივდა. ეს არც იყო გასაკვირი.
გაკვირვებას იწვევს ის, თუ რამდენად სწრაფად გავრცელდა პროტესტი სხვა ქალაქებში, აქტობეში, აქტაუში, რომელიც ჟანაოზენის მახლობლად მდებარეობს; ასევე, ტარაზში. და, შემდეგ უკვე ალმათიში, რაც მართლაც გასაკვირია.
ალმათი ძალიან წარმატებული ქალაქია და იქ პროტესტი მართლაც უჩვეულოა. ამრიგად, რაღაც შეიცვალა, რადგან საპროტესტო აქციები ასე გაფართოვდა, თან, ასე სწრაფად. პასუხი აშკარა და ნათელია - ყაზახეთის საზოგადოებაში პოლიტიკური ლიდერების მიმართ გაცილებით მეტი ბრაზი და უკმაყოფილებაა“.
შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.
ცნობისთვის, დაახლოებით, 18 მილიონიანი ყაზახეთი მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანაა. ყაზახეთი ცენტრალური აზიის დომინანტი ქვეყანაა ეკონომიკურად, რომელიც გამოიმუშავებს რეგიონის მშპ-ს 60%-ს, ძირითადად მისი ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მეშვეობით. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის უმეტესი წილი ჩინეთს უჭირავს. ყაზახეთს ასევე აქვს უზარმაზარი მინერალური რესურსები. ყაზახეთი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო), WTO, დსთ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი. ესაზღვრება რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და კასპიის ზღვა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს.