ყაზახეთში არეულობის და მოქალაქეების მღელვარების კერად წლების განმავლობაში დაგროვილი შიდა პრობლემები იქცა. ამაზე აქტიურად მიუთითებენ ის ანალიტიკოსები და სხვა ქვეყნების ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირი ჰქონიათ ცენტრალური აზიის ამ ქვეყანასთან, ადგილზე საქმიანობდნენ კიდეც და კარგად იცნობენ მოსახლეობის განწყობებს.
თუმცა ტრადიციულად, რუსეთს მიზეზის და საბაბის საკუთარი ვერსია აქვს, რომლის მტკიცებას და გამყარებასაც ცდილობს, აქ მას მხარს უჭერს ყაზახეთის დღევანდელი პრეზიდენტი თოყაევიც, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც გაიგზავნა ჯარი ყაზახეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სახელით და რუსეთის ხელმძღვანელობით. ორივე - რუსეთიც და ყაზახეთიც ამას გარე საფრთხეებით ხსნიან.
ყაზახეთიდან ზუსტი ინფორმაციის მიღება დღესაც პრობლემაა, სხვადასხვა წყარო, ოფიციალური თუ არაოფიციალური ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებს, მათ შორის შეტაკებების შედეგად მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაც ამ დრომდე უცნობია. ბოლოს, ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინებოდა მედია, რომ 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით, ეს ტექნიკური შეცდომით ახსნეს. თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ არეულობის დღეს, ადამიანები დაიღუპნენ.
მაინც, მოვლენების რა განვითარებას უნდა ველოდოთ, და არის თუ არა დასავლეთი პასიურ პოზიციაში, ამ საკითხებთან და ყაზახეთის ირგვლივ არსებულ სურათთან დაკავშირებით, Europetime-მა შეკითხვებით მიმართა რონდელის ფონდის ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილს.
ის მიიჩნევს, რომ ყაზახეთში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები ახლა ერთიანად ამოიფრქვა. „ყველა ქვეყანა, სადაც არ არის დემოკრატიული წყობა და ინსტიტუტები არ მუშაობს, განწირულია პროცესების ასეთი განვითარებისთვის და ეს ვნახეთ ყაზახეთის შემთხვევაშიც. ამას აქვს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო განზომილება, იმიტომ, რომ პუტინი უფრთხის მის გარშემო გამოსვლებს, რომლებსაც თავისი რეჟიმისთვის პირდაპირ საფრთხედ განიხილავს. მას ეშინია, საპროტესტო აქციების ტალღა არ გადაედოს“...
ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, მსგავსი არეულობა ხდება იქ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს; სადაც არ არის დემოკრატიული წყობა; შესაბამისად, ყველა ქვეყანაში, სადაც დიქტატურა ან ავტოკრატიული მმართველობაა, მსგავსი ტალღის გავრცელების ალბათობა არსებობს.
„პუტინს იმდენად არ ეშინია NATO-ს ჯარების და ატომური იარაღის, რამდენადაც მსგავსი გამოსვლების, რადგან მასაც არადემოკრატიული რეჟიმი აქვს, სადაც ხალხს არ აქვს საშუალება, გამოხატოს საკუთარი ნება; სადაც პიროვნებები წყვეტენ ყველაფერს და არა - ინსტიტუტები; არ არის დამოუკიდებელი სასამართლო.
ამიტომ, ასეთი საფრთხე ასეთ ქვეყნებში ყოველთვის არსებობს და ძალზედ მოჩვენებითია ხოლმე ერთგვარი სტაბილურობა გარედან, ყაზახეთის შემთხვევაში დავინახეთ, რომ ქვეყნის შიგნით სულ სხვა მუხტია.
საწვავზე ფასის მატება საბაბი უფრო გახლდათ, ვიდრე მიზეზი. ქვეყანაში გამეფებული იყო კორუფცია. მოგეხსენებათ, ყაზახეთი ნავთობითა და გაზით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა და, მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ შემოსავლები არასამართლიანად ნაწილდება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ზურაბ ბატიაშვილის თქმით, თუ რუსეთი დაინახავს, რომ კარგავს ყაზახეთს, დემონსტრანტებსაც დაარბევს და უარს არ იტყვის უხეში ძალის გამოყენებაზე.
„ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს. პუტინის იდეის განხორციელება, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, შეუძლებელია ყაზახეთის გარეშე. ყაზახეთი თუ არ იქნება, ის კარგავს შუა აზიის სხვა რესპუბლიკებსაც, გასასვლელი ეკეტება დანარჩენ რესპუბლიკებში. ყაზახეთი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ პროექტისთვის, რომელსაც შეგვიძლია, ვუწოდოთ „საბჭოთა კავშირი2“, სადაც მოიაზრებს: ბელარუსს, უკრაინს, ყაზახეთს, კავკასიის ქვეყნებს...
რუსეთი არღვევს ყველანაირ ხელშეკრულებას, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულება გულისხმობს გარე საფრთხისგან დაცვას, ყაზახეთის შემთხვევაში კი გარე საფრთხე არ ყოფილა, შიდა გამოსვლები იყო. რუსეთი და ყაზახეთი კი ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს, ეს გარედან იყო ორგანიზებული. ხან ვაშინგტონისკენ იშვერენ ხელს, ხან - კიევისკენ... ეს რა თქმა უნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, აქ უნდა გამოვრიცხოთ გარე ჩარევა, რადგან ეს იყო ათწლეულების განმავლობაში ხალხში დაგროვილი უკმაყოფილების გამოვლინება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მხრიდან სამხედროების გაგზავნის ცნობა ყველასთვის ცნობილი გახდა სომხეთის პრემიერის განცხადებიდან, რომელიც ახლა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ითავსებს. რას ნიშნავს ჩვენთვის ეს გარემოება, ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით სომხეთთან და რა სურათს ქმნის ის რეგიონისთვის. ზურაბ ბატიაშვილი ამ საკითხსაც განიხილავს Europetime-თან ინტერვიუში.
„ნიკოლ ფაშინიანი მძევლად იქცა, თითქოს, დემოკრატიული იდეებით გამოდიოდა, ახლა სამწუხაროდ, პუტინის „რუპორად“ ჩამოყალიბდა. სომხეთი გახლავთ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა და ბედის ირონიაა, რომ ფაშინიანს მოუწია ამ განცხადების გაკეთება. რეგიონში რუსეთის ნებისმიერი გაძლიერება სახარბიელო და არასასურველია. თუმცა ჩვენზე ამ შემთხვევაში ნაკლებად არის დამოკიდებული, რა მოხდება ყაზახეთში. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, ისააა, რომ ჩვენი სვლა დასავლეთის მიმართულებით შეუქცევადი გავხადოთ.
ქვეყანაში, სადაც ამდენი პრობლემა დაგვიგროვდა, უნდა ვეცადოთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გავაძლიეროთ, და ყველაფერი გავაკეთოთ დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით, მათ შორის სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომელიც ხელისუფლებამ რატომღაც დაიქვემდებარა და თავის მომსახურე ორგანიზაციად აქცია. მაშინ, როდესაც დასავლეთის რჩევებს უნდა ვითვალისწინებდეთ, ლამის ყოველ მეორე დღეს, „ქართულ ოცნების“ ლიდერები დასავლეთს, მის ინსტიტუტებს და დასავლელ ელჩებს ლანძღავენ. ეს ყველაფერი კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველოს არ წაადგება დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი.
არის თუ არა დასავლეთი პასიური ყაზახეთთან მიმართებით, ზურაბ ბატიაშვილი საკითხის ასეთ ანალიზს გვთავაზობს:
„ინფორმაციის ნაკლებობაა, ასევე ოპოზიცია ფიზიკურად არ არსებობს ყაზახეთში. იქ სახალხო მღელვარებას არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევდნენ პროცესებს. შესაბამისად, დასავლეთს დრო სჭირდება ვითარებაში გასარკვევად. თუმცა ვნახეთ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, რა თქმა უნდა, არავის მოსწონს, ასეთი აგრესიული ჩარევა მეზობლების შიდა საქმეებში, მაშინ, როდესაც რუსეთი სხვებს ადანაშაულებს ამაში.
მეთიუ ბრაიზა: ყაზახეთის პრეზიდენტი დასავლეთთან რისკავს
კარგია, რომ დასავლეთი ამ დროისთვის კონცეტრირებულია უკრაინის საკითხზე, რადგან უკრაინის თემას რუსეთის ამბიციებისთვის საციცოხლო მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დასავლეთმა აქ უკან არ უნდა დაიხიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალურად დგება საბჭოთა კავშირის აღდგენის საკითხი... და, ამას ჩვენზეც პირდაპირი გავლენა ექნება, ამიტომ, ის რომ, დასავლეთი ჯერ ბოლომდე ვერ არის გარკვეული ყაზახეთის საკითხებში, ძალზედ ბუნებრივია, თუმცა იმედის მომცემია, რომ უკრაინაზეა კონცეტრირებული და მკაფიო პოზიცია აქვს“.
ცნობისათვის, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.