მიაღწევს თუ არა პუტინის ილუზიური, „გრანდიოზული ძალაუფლების" გეგმა წარმატებას, დიდად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება დასავლეთი პუტინის აგრესიულ ქცევას - პროფესორი კლაუს ლარესი

აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო გაძლიერების პარალელურად, კიევს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ეხმარებიან. ბოლო ცნობებით, აშშ უკრაინას Mi-17 კლასის შვეულმფრენებს მიაწვდის.

მანამდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი უკვე გადასცა. თავის მხრივ, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ კი განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან.

მომავალ კვირას, მხარეებმა ყველა წინადადებაზე წერილობითი პასუხები უნდა წარადგინოს, თუმცა როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს. მოვლენების რა განვითარებას უნდა ველოდოთ, აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა მოლაპარაკებებს და რა მიზანს ემსახურება ის, ამ საკითხებზე Europetime ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტოლოგ, ისტორიკოსს კლაუს ლარესს ესაუბრა.

_როგორ აფასებთ უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას და წარმოებულ დიალოგს?

ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია და ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე, როგორც ცივი ომის დროს, არამედ ევროპასაც უნდა ჰქონდეს როლი ამ პროცესში. ევროკავშირი უნდა იყოს ნომერ მესამე პარტნიორი ამ მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, როცა უკრაინაზე ვსაუბრობთ, ნამდვილად საჭიროა თავად უკრაინელების ჩართვაც დისკუსიაში. თუ საქართველო იქნებოდა დღის წესრიგში, ისიც უნდა ყოფილიყო დისკუსიის ნაწილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ევროკავშირი უნდა იყოს ამ მოლაპარაკებების ნაწილი.

_რა პერსპექტივებს ხედავთ ამ მოლაპარაკებებიდან?

ჩვენ არ ვიცით, ელოდა თუ არა პუტინი ოდესმე რაიმეს ამ მოლაპარაკებებისგან, მაგრამ მოლაპარაკებებზე უარის თქმა ცუდი ჟესტი იქნებოდა როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისე რუსეთის საზოგადოებისთვისაც. იგივე შეიძლება ვთქვათ ამერიკის საზოგადოებაზე. ვერც პუტინი და ვერც ბაიდენი ვერ ჩაერთვნენ დისკუსიებში. რა თქმა უნდა, დასავლეთი უნდა ეცადოს, ესაუბროს პუტინს და რუსეთს, მაგრამ რამდენად პროდუქტიული იქნება ეს დიალოგი, საბოლოო ჯამში, რთული სათქმელია. როგორც იცით, გასული კვირა ნამდვილად არ იყო პროდუქტიული; ორივე მხარეს თავისი გარკვეული შეხედულებები აქვს და ამ პროცესში წინსვლა საერთოდ არ დაფიქსირებულა

_როგორც ექსპერტები პროგნოზირებთ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, მაშინ რა მიზანი ჰქონდა დიალოგს?

როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ქვეყნის შიგნით, საზოგადოებრივი აზრის თვალში, აშშ-ს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა რუსებთან მოლაპარაკებებში ჩართვისა. ვფიქრობ, იგივე ითქმის პუტინზეც. მას ალბათ საბაბი სჭირდება, თუ მართლა სურს უკრაინაში შეჭრა. შემდეგ მას შეუძლია, შემობრუნდეს და თქვას: „მე ვცადე მათთან საუბარი, ვცადე მოლაპარაკება, მაგრამ ეს დიალოგი უშედეგო იყო, მათ არ ისურვეს რაიმე დათმობაზე წასვლა".

ეს იქნებოდა მისი გამართლება იმის მტკიცებისთვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეჭრა არასაჭირო ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, მიუხედავად მისი ვითომდა დიდად მონდომებული მცდელობისა, არაპროდუქტიული მოლაპარაკებების კონტექსტში პუტინი დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინაში ახალი სახით ინტერვენციის დაწყების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა.

_ომის რეალურ საფრთხეს ხედავთ?

სამწუხაროდ, ომის რეალური საფრთხე არსებობს, პუტინს გაუჭირდება, მისი მკაცრი რიტორიკის და მრავალი შეუსრულებელი მოთხოვნის შემდეგ თქვას: „მე შევკრიბე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან, განვათავსე 1500 ტანკი და ბევრი საბრძოლო მასალა და სხვა მძიმე იარაღი. ეს ძვირი დაუჯდა რუსეთის ეკონომიკას და ახლა მე ისევ უკან გავიყვან მათ ისე, რომ არ გავაცნობიერე, თუ რა მოთხოვებს ვაყენებდი“.

რუსული საზოგადოებისთვის ეს კატასტროფა იქნება. ეს არ წარმოაჩენს პუტინს ძლევამოსილ მმართველად. პირიქით, ასეთ შემთხვევაში ის სუსტად გამოიყურება და ჩვენ ვიცით, რომ პუტინი ვერ იტანს, როცა ის სუსტად გამოიყურება. ამრიგად, ის რაღაცას გააკეთებს და თუ მოლაპარეკებები აზრს დაკარგავს, ერთადერთი ვარიანტი აქვს: სრული ინტერვენცია ან ჰიბრიდული შეჭრა, კიბერ ომი, რომელიც უკვე დაიწყო, ან შესაძლოა, უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაცია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი უბრალოდ უკან დაიხევს და იტყვის: „მხოლოდ საუბარი მინდოდა და ახლა ვბრუნდები სახლში რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევის გარეშე“.

_ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის რა სიგინალია?

ვფიქრობ, სხვა ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, ბელორუსი, ყაზახეთი და სხვა მეზობელი ქვეყნები, ძალიან ყურადღებით და სიფრთხილით შეხედავენ პუტინის ქმედებებს. პუტინმა ეს იცის. მას სურს, ფეხი შედგას და თქვას, აქ არის რუსული გავლენის სფერო. მას სურს, აღადგინოს რუსეთი ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ; მას სურს, მიაღწიოს მოსკოვის გლობალური გავლენების ზრდას და შენარჩუნებას. ის, რაც უკრაინაში ხდება, აშკარად აშინებს რუსეთის მეზობელ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. ისინი უფრო ნაკლებად მიდრეკილნი იქნებიან იმისკენ, რომ პუტინს შეჰყვნენ ბრძოლაში. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ძალიან ფრთხილი კურსი გაატაროს რუსეთის მიმართ.

მას არ სურს, იყოს ზედმეტად მეგობრული მოსკოვის მიმართ, მაგრამ არც ზედმეტად არამეგობრული დამოკიდებულება უნდა რუსეთთან, სერიოზული ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად. და ეს არის ალბათ გაკვეთილი, რომელიც ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს: „გარკვეულწილად, თქვენ უნდა მოახერხოთ და დაამყაროთ მშვიდობა რუსეთთან და იპოვოთ რაიმე სახის მეგობრული დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ“, - ეს არის გაკვეთილი, რომლის ჩატარებაც პუტინს სურს.

რა თქმა უნდა, პუტინს სურს, რომ ეს გაკვეთილი სხვა ქვეყნებმა ისწავლონ და გაითავისონ: „რომ არსებობს რუსული გავლენის სფერო - არსებითად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია - და მასში მყოფმა ყველა ქვეყანამ მჭიდროდ უნდა გაიაროს კონსულტაცია მოსკოვთან და, საბოლოოდ, დაეთანხმოს რუსეთის სურვილებს“.

მიაღწევს თუ არა წარმატებას პუტინი ამ სახის ილუზიური, „დიდი ძალაუფლების“ სქემით, დიდად არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებიან აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კრიზისს და აღუდგებიან თუ არა წინ ისინი პუტინის აგრესიულ ქცევას.