გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ლიდერები უკრაინის უკრაინის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეები უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო, დაძაბულობის დეესკალაციის გზებს განიხილავენ.
„ჩვენი საერთო მიზანია ევროპაში ომის თავიდან აცილება“, - განაცხადა შოლცმა გერმანიაში მიმდინარე მოლაპარაკებების წინ.
ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.
ასევე წაიკითხეთ
ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა
პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება
დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
ასევე წაიკითხეთ: პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს