დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაზე სახიფათო მომენტია ევროპის უსაფრთხოების კრიზისში, რომლის წინაშეც ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდა.
ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში უკვე მიღებულია თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც აბსოლუტურად კატასტროფული ნამდვილად არ მოხდება ძალიან მალე.
„რაც უფრო მკაცრია სანქციები, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, შევაკავოთ ის, რაც, ჩემი აზრით, ირაციონალური პასუხი იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ, ვისაუბროთ და ვფიქრობ, არის რაღაცები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს არის მთლიანი და თავისუფალი ევროპის იდეა.
ეს არის იდეა, რომ NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა, რომ უკრაინის მოსახლეობას უნდა შეეძლოს NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რომლებზეც გონივრული იქნება საუბარი და რომლის განხილვაც დიდი ბრიტანეთს, აშშ-ს, რა თქმა უნდა, ყველას სურს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.
დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
ამავე თემაზე:
საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს