თურქეთისა და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საკითხი განიხილეს

თურქეთისა და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

თურქეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ და ვლადიმერ მაკეიმ სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს ორმხრივი კავშირები და რეგიონული საკითხები.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 12 თებერვალს განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა თავი უნდა შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს პანიკა უკრაინაში არსებული ვითარების გამო.

მევლუთ ჩავუშოღლუს ეს კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში „ნებისმიერ დროს“ შეიძლება მოხდეს.

„ასეთი შეჭრა არ იქნება სწორი, მაგრამ დასავლური სახელმწიფოები ასევე ფრთხილი უნდა იყვნენ თავიანთ განცხადებებში, რომლებმაც შეიძლება პანიკის დათესვა გამოიწვიოს“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა.

მისივე თქმით, ოფიციალურმა ანკარამ როგორც რუსული, ასევე ბელორუსის წყაროებიდან მიიღო ცნობები, რომ უკრაინაში შეჭრა არ მოხდება.

„ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის შემცირებაზე“, - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 11 თებერვალს მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინის ტერიტორია. როგორც იუწყებიან, ამერიკის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ და ეს შეიძლება, უახლოეს საათებში მოხდეს.

„მე არ ვაპირებ სადაზვერვო ინფორმაციის დეტალებში შესვლას, მაგრამ თუ გადავხედავთ ძალების განლაგებას როგორც ბელორუსში, ასევე რუსეთში უკრაინის საზღვრის მეორე მხარეს, რუსები არიან იმ მდგომარეობაში, რომ შეუძლიათ, განახორციელონ მასშტაბური სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა 11 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე. სალივანის თქმით, თუ რუსეთი თავდასხმას დაიწყებს, სავარაუდოდ, ის ამას საჰაერო დაბომბვით და სარაკეტო თავდასხმებით გააკეთებს, რამაც აშკარად შეიძლება, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილი.

რაც შეეხება კიევის პოზიციას, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამის მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გადამწყვეტი, მასიური და ერთიანი პასუხით ემუქრება, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების გამომწვევი სანქციების დაწესებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: აგრესორი ვერ აიღებს ოდესას, ვერც ხარკოვს და ვერც - სხვა ქალაქებს

თეთრი სახლი ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უამრავი განსხვავებული ინფორმაცია მხოლოდ პანიკას იწვევს. პანიკა მტრების საუკეთესო მეგობარია