ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, მაგრამ ამავე დროს, პირობა დადო, რომ ვაშინგტონი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ბოლო წუთამდე, რათა დაინახოს, შეაჩერებს თუ არა მოსკოვს დიპლომატია.
CNN-თან ინტერვიუში ბლინკენმა გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ სანქციების შემაკავებელი გავლენა დაიკარგება, თუ ის შეჭრამდე დაწესდება.
„ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ვართ შეჭრის ზღვარზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს", - განაცხადა ბლინკენმა და დაამატა, რომ დასავლეთი თანაბრად მზადაა, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.
„ვიდრე რეალურად ტანკები დატრიალდებიან და თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და ყოველ წუთს, რათა დავინახოთ, შეძლებს თუ არა დიპლომატია კვლავ შეაჩეროს პრეზიდენტი (ვლადიმერ) პუტინი ამ წინსვლისგან“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან.
„ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში, CNN-თან ინტერვიუში.
აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს.
17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას.
15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.
ამავე თემაზე:
ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს
ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა