უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო რეზერვში მყოფი მოქალაქეების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ზელენსკის თქმით, საერთო მობილიზაციის საჭიროება არ დგას.
„ჩვენთვის საჭირო და აუცილებელია, ოპერატიულად დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები. როგორც მთავარსარდალმა, გამოვეცი ბრძანება განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტთა გაწვევის შესახებ. ხაზს ვუსვამ, საუბარია მხოლოდ ოპერატიულ რეზერვში მყოფ მოქალაქეებზე“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რეზერვისტებმა უკრაინის სამხედრო მზადყოფნა უნდა აამაღლონ.
ზელენსკის თქმით, კანონის მიღებით და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით რუსეთი ცალხრივად გავიდა მინსკის შეთანხმებიდან. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სურს დიპლომატიური გზა და მშვიდობა.
- ჩვენ გვინდა მშვიდობა და სიწყნარე, მაგრამ თუ ახლა გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით. უნდა გავაძლიეროთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.