თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის გეგმები ამ დროისთვის არ განიხილება.
ამასთანავე, ჯენ ფსაკიმ ცალსახად არ გამორიცხა მომავალში შეხვედრის ჩატარება, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი არ შეხვდება ვლადიმერ პუტინს, თუ რუსეთი არ განმუხტავს სიტუაციას უკრაინაში ჯარების უკან გაყვანით.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.