უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საუბარია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც კიევში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად მოაწერეს ხელი.
„ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და შიდა რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ასევე უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ლიეტუვა და პოლონეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.