უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებისა“ და ამ ტერიტორიებზე რუსული ჯარების გაგზავნის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ 22 თებერვალს წარდგენილი სანქციათა პაკეტი დამტკიცებულია.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილებები უკანონო და მიუღებელია. ეს არღვევს საერთაშორისო სამართალს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს.
ასევე წაიკითხეთ:
- ბორელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილ რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში
- რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან
ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად 22 თებერვალს შეთანხმდნენ. სანქციების სიაშია 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც „ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას“.
მათ შორის არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მთავრობის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო გადაწყვეტილებებში; ბანკები და ბიზნესმენები/ოლიგარქები, რომლებიც ფინანსურად ან მატერიალურად უჭერენ მხარს რუსეთის ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, ან იღებენ მათგან სარგებელს; უფროსი სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შეჭრისა და დესტაბილიზაციის მოქმედებებში; და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ ომზე.
ასევე, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. შემაკავებელი ზომები აქტივების გაყინვას მოიცავს და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ხელმისაწვდომობას აკრძალავს. ასევე, ზღუდავს შესვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დამატებითი, მძიმე სანქციები ამოქმედდება.
უფრო კონკრეტულად, რადიო თავისუფლების ცნობით, სიაში არიან:
- თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი, მარატ ხუსნულინი, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში.
- დმიტრი გრიგორენკო, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი და რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის უფროსი, ის ასევე არის „ვითიბი ბანკის”, სახელმწიფო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ასოცირდება „ვითიბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან.
- ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, მეტსახელად „კრემლის მზარეული“, ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერ“ ჯგუფის მფლობელი. ეს არის რუსეთში დაფუძნებული არაკორპორირებული (არაფორმალური - რ.თ.) სამხედრო სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში „ვაგნერ” ჯგუფის დაქირავებულთა განლაგებაზე.
ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ